Accessibility links

logo-print

უკრაინა-ევროკავშირი - ჩაშლილი ხელშეკრულება?


ოპოზიციონერი დეპუტატი იულია ტიმოშენკოს მაისურით უკრაინის პარლამენტში.

ოპოზიციონერი დეპუტატი იულია ტიმოშენკოს მაისურით უკრაინის პარლამენტში.

უკრაინის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კანონს, რომელიც ნებას დართავდა საპატიმროში მყოფ ყოფილ პრემიერს, იულია ტიმოშენკოს, უცხოეთში გამგზავრებულიყო სამკურნალოდ. ევროკავშირმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პირობად კიევს სამართლებრივი და დემოკრატიული რეფორმების გატარება წაუყენა. მათ შორის იყო სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებული ტიმოშენკოს განთავისუფლება.

უკრაინის პარლამენტის მიერ ამ პირობის უარყოფა ეჭვქვეშ აყენებს ევროპის კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას. საქმე ისაა, რომ ბრიუსელი ტიმოშენკოს საქმეს „შერჩევით მართლმსაჯულებად“ აფასებს. „ვერჰოვნა რადა“ ხუთშაბათს არ მიემხრო ექვსიდან არც ერთ კანონპროექტს, რომელთა მიღება იყო საჭირო ტიმოშენკოს მსგავს შემთხვევებში ბრალდებულთა უცხოეთში სამკურნალოდ გასაშვებად. კანონპროექტებს მხარი არ დაუჭირეს მმართველი „რეგიონების პარტიის“ წარმომადგენლებმა. ოპოზიცია ბრალად სდებს პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ ის განზრახ შეეცადა კანონმდებლობის შეჩერებას.

პარლამენტში ოპოზიცია უკმაყოფილოდ გაჰყვიროდა, „სირცხვილი, სირცხვილიო“.

კენჭისყრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალად დასდო, რომ ის წინააღუდგა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას:

„პრეზიდენტი იანუკოვიჩი პირადად არის პასუხისმგებელი იმისთვის, რომ ევროპის კავშირისკენ სვლაში ხელს უშლის უკრაინას. რადგან იანუკოვიჩს არ სურდა მიმხრობოდა კანონს, მისმა პარტიამაც არ ისურვა ეს. ბატონო თავმჯდომარევ, მე ოფიციალურად გადმოგცემთ შეწყალებაზე პრეზიდენტის განკარგულების პროექტის ტექსტს. მოაწეროს ხელი განკარგულებას იულია ტიმოშენკოს შესახებ და ნუ შეეშინდება, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტი თავისუფალი იქნება. დიდება უკრაინას!“

იმედი ბოლოს კვდება. მაგრამ ჩემი ამჟამინდელი შეფასება ასეთია: საბუთი არ მომეპოვება, მაგრამ, ჩემი შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს არ სურს ხელი მოაწეროს შეთანხმებას რუსეთის ზეწოლისა და მისთვის მიცემული პირობის გამო...
იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ის თანახმაა ხელი მოაწეროს ყოველგვარ კანონს, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, მაგრამ შეწყალება არ სურს. იანუკოვიჩი დღეს, ხუთშაბათს, ავსტრიაში იმყოფება ვიზიტად. მან მასპინძელთან შეხვედრის შემდეგ, ხუთშაბათს, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს ევროინტეგრაციის კურსს. იანუკოვიჩის თქმით, ტიმოშენკოს საკითხი მხოლოდ უკრაინის კანონის თანახმად გადაწყდება.

ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გერმანელმა დეპუტატმა ელმარ ბროკმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ უკრაინა აღარ არის მზად და აღარ სურს ხელი მოაწეროს შეთანხმებას რუსეთის ზეწოლის გამო:

„იმედი ბოლოს კვდება. მაგრამ ჩემი ამჟამინდელი შეფასება ასეთია: საბუთი არ მომეპოვება, მაგრამ, ჩემი შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს არ სურს ხელი მოაწეროს შეთანხმებას რუსეთის ზეწოლისა და მისთვის მიცემული პირობის გამო“.

გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის მთავრობამ განკარგულება გასცა შეჩერდეს სამუშაო, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მოსამზადებლად მიმდინარეობდა, რათა მთლიანად გააანალიზონ რუსეთთან სამრეწველო პროდუქციისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე ზეგავლენა.

ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან 17 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს გაწევრიანების შესახებ. ვიბრძოდით თითოეული პოზიციისთვის. ახლა ჩვენ გვეუბნებიან: უკრაინასთან ხომ კარი ღია გაქვთ. ახლა უკრაინა გახსნის თავის კარს ევროპის წინაშე...
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფიულეს წარმომადგენელმა პეტერ სტანომ განაცხადა ბრიუსელში, რომ ფიულე დღეს საღამოსვე მიფრინავს კიევში. სტანოს თქმით, ევროკავშირს კვლავაც განსაზღვრული აქვს ვილნიუსში უკრაინასთან ხელმოწერა შედგეს. „მზად ვართ უკრაინას დავეხმაროთ თავისი წილი საქმის გაკეთებაშიო“, თქვა სტანომ. რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან საუბარში ჩეხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა ოთხშაბათს სკეპტიციზმი გამოხატა, თქვა ცუდი წინათგრძნობა მაქვსო:

„ცუდი წინათგრძნობა მაქვს, რომ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩატარებული უზარმაზარი სამუშაო წყალში ჩაიყრება. მხოლოდ ღმერთმა თუ იცის, როდის გაჩნდება კიდევ ასეთი შანსი“.

შვარცენბერგმა ასევე თქვა, უკრაინის მიერ ადრე არჩეული ევროკავშირთან დაახლოების გზიდან გადახვევა კიევს დამოუკიდებლობას დააკარგვინებსო.
უკრაინის დამოუკიდებლობის თემას რაც შეეხება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ქვეყნის პოზიცია განმარტა, როცა საქმე უკრაინისა და ევროპის დაახლოებას და ამით რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს ეხება:

„ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან 17 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს გაწევრიანების შესახებ. ვიბრძოდით თითოეული პოზიციისთვის. ახლა ჩვენ გვეუბნებიან: უკრაინასთან ხომ კარი ღია გაქვთ. ახლა უკრაინა გახსნის თავის კარს ევროპის წინაშე და თვენთვის, რისთვისაც კი მიგიღწევიათ არა უკრაინის, არამედ ევროპის მიმართ, ყველაფერი გაბათილდება. ამის ნებას თავს ვერ მივცემთ. მოვალე ვართ დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა. ამას ეხება ჩვენი პოზიცია, სულ ეს არის“.

მან უაზრობა უწოდა ბრალდებას, ვითომ მოსკოვი ზეწოლას ახდენდეს ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებზე.
XS
SM
MD
LG