Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდმა არჩევნების პირველ ტურში სარკოზი დაჯაბნა


ფრანსუა ოლანდი, ნიკოლა სარკოზი
ფრანსუა ოლანდი, ნიკოლა სარკოზი
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ბიულეტენების დათვლის შედეგად გაირკვა, რომ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში 6 მაისს ერთმანეთს ფრანგი სოციალისტების ლიდერი ფრანსუა ოლანდი და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, კონსერვატორი ნიკოლა სარკოზი დაუპირისპირდებიან. გამარჯვების მოსაპოვებლად კანდიდატს ხმათა 50 პროცენტზე მეტი ესაჭიროება, 22 აპრილს მიღებული ხმებით კი, მეორე ტურის ფავორიტად ითვლება ფრანსუა ოლანდი, რომელმაც ჯერჯერობით მხოლოდ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

მართალია, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ფრანსუა ოლანდი თავის კონკურენტს, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, მხოლოდ 1.8 პროცენტით უსწრებს, მაგრამ სოციალისტების ლიდერმა ამ შედეგითაც უკვე მოიპოვა ეპოქალური გამარჯვება. 1958 წლიდან მოყოლებული, რაც საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა გამოცხადდა, ფრანსუა ოლანდი პირველი ფრანგი ოპოზიციონერი ლიდერია, რომელმაც მოქმედი პრეზიდენტი პირველ ტურში დაამარცხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველ ტურში ფრანსუა ოლანდს ხმათა 28.63 % ერგო, ნიკოლა სარკოზის - 27.08 %, მესამე ადგილზე კი, ხმათა 18.01 %-ით, მემარცხენე „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი ჟან მარი ლი პენი გავიდა. ფრანსუა ოლანდს არ დაუმალავს, რომ კმაყოფილია შედეგებით, თუმცა საბოლოო გამარჯვებაზე მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით ლაპარაკობს:

„კმაყოფილების ყველა საფუძველი მაქვს, მაგრამ, იმავდროულად, პატივს ვცემ საფრანგეთის ხალხს, რომელსაც არჩევის უფლება აქვს, საპრეზიდენტო კამპანიას, რომელიც გრძელდება და ბოლომდე უნდა მივიდეს. თუმცა მართალია ის, რომ ჩვენ ვლიდერობთ, რომ მოვიპოვეთ იმდენივე ხმა, რამდენიც ყველა მემარცხენე კანდიდატმა, ერთად აღებულმა, და რომ ჩვენს ხმებს სხვებისაც დაემატება. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, მაგრამ საკუთარი ბედი მაინც ფრანგებმა უნდა გადაწყვიტონ.“
თუკი საპრეზიდენტო არჩევნების მიზანია აირჩიონ ისეთი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენს ქვეყანაზე და შეძლებს მომავალი 5 წლის განმავლობაში ფრანგი ხალხის დაცვას, მაშინ ამგვარ ფუნქციას მე უკვე ხუთი წლის განმავლობაში ვასრულებ ...
ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში 22 აპრილს ამომრჩეველთა ძალიან დიდმა რაოდენობამ - 80 %-მა - მიიღო მონაწილეობა. კვირის კენჭისყრა ერთგვარ ტესტად ითვლებოდა საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისათვის, რომელიც, ქვეყნის მყიფე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, იბრძვის იმისათვის, რომ მეორე ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელოს საფრანგეთს. ოლანდ-სარკოზის დაპირისპირებას სხვა მხრივაც აქვს ეპოქალური მნიშვნელობა: თუკი 6 მაისის განმეორებით ტურში დამარცხდა, სარკოზი იქნება ბოლო 30 წლის მანძილზე პირველი პრეზიდენტი, რომელიც პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე გამოეთხოვება პოსტს, ფრანსუა ოლანდი კი, გამარჯვების შემთხვევაში, იქნება პირველი სოციალისტი ლიდერი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის კარს კვლავ შეაღებს ფრანსუა მიტერანის შემდეგ, ვის პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლასაც 1995 წელს საფრანგეთში მემარჯვენე-ცენტრისტების 16 წლიანი მმართველობა მოჰყვა.

ნიკოლა სარკოზი, რომელმაც კვირას პარიზის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში მეუღლესთან, კარლა ბრუნისთან ერთად მისცა ხმა, ამომრჩევლების წინაშე გამოსვლისას კვლავ გაუსვა ხაზი საკუთარ გამოცდილებას, რაც მას შესაძლებლობას მისცემს სხვა პოლიტიკოსზე უკეთ დაიცვას საფრანგეთის მოსახლეობის ინტერესები:

„თუკი საპრეზიდენტო არჩევნების მიზანია აირჩიონ ისეთი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენს ქვეყანაზე და შეძლებს მომავალი 5 წლის განმავლობაში ფრანგი ხალხის დაცვას, მაშინ ამგვარ ფუნქციას მე უკვე ხუთი წლის განმავლობაში ვასრულებ - დარწმუნებული ვარ, ვასრულებ მოწოდების სიმაღლეზე - და კარგად მესმის ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობები.“

რამდენად დაუჯერებენ ნიკოლა სარკოზის ფრანგი ამომრჩევლები, ძნელი სათქმელია. სოციოლოგიური გამოკითხვებით კი, მეორე ტურის წინ კვლავ სოციალისტების ლიდერი ფრანსუა ოლანდი ლიდერობს. თუმცა, მიმომხილველების ვარაუდით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული,რომელი კანდიდატის სასარგებლოდ გადანაწილდება მარი ლი პენის „ეროვნული ფრონტისა“ და სხვა მემარცხენე ლიდერების მომხრეთა ხმები. საფრანგეთის განმეორებით საპრეზიდენტო ტურში 6 მაისს ის კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინც ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს მიიღებს. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ კი, ივნისში, საფრანგეთში ეროვნული კრების არჩევნები ჩატარდება. ამ დროისათვის საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში ნიკოლა სარკოზის კონსერვატიული პარტიის ლიდერები დომინირებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG