Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განმეორებითი არჩევნები


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვით, თითქმის ყველა უბანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. გამონაკლისია ხონის საარჩევნო ოლქში შემავალი სოფელი ძეძილეთი, სადაც, წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნით, 29 ივნისს გამართულმა კენჭისყრამ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 37%-მა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 77% - ხონის მე-12 საარჩევნო ოლქის 22-ე უბანზე მივიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, წინასწარი მონაცემების საფუძველზე, ყველაზე დიდი მხარდაჭერა მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა მიიღეს:

პირველია ის, რომ გავიმარჯვეთ და ამით დაიმსხვრა მითი, რომ „ქართული ოცნება“ არის დაუმარცხებელი. გარდა ამისა, ხონის საკრებულო არის ერთადერთი, სადაც „ქართულ ცონებას“ არ ექნება უმრავლესობა...
აკაკი ბობოხიძე

„ყველა იმ ოლქში, რომელიც გამოვაცხადეთ, მაჟორიტარებად ლიდერობენ 41-ე საარჩევნო ნომრის მქონე კანდიდატები. მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში, ხონში, გახლავთ პირველ ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი“.

ხონის რაიონში, ძეძილეთის 22-ე უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმათა 57 პროცენტი მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი - 43 პროცენტი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის, თქმით, პარტიისთვის ამ გამარჯვებას როგორც სიმბოლური, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

„პირველია ის, რომ გავიმარჯვეთ და ამით დაიმსხვრა მითი, რომ „ქართული ოცნება“ არის დაუმარცხებელი. გარდა ამისა, ხონის საკრებულო არის ერთადერთი, სადაც „ქართულ ცონებას“ არ ექნება უმრავლესობა. 29 ივნისს გამართულ კენჭისყრაში გამარჯვების შემთხვევაში, უმრავლესობა ექნებოდა „ოცნებას“. სწორედ ამის გამო ჩაშალეს 15 ივნისს არჩევნები ძეძილეთში. ამიტომ იყო, რომ მთელი თავის რესურსები გადაისროლეს ამ უბანზე, მაგრამ ამ სოფელმა გამოიჩინა გმირობა და გააკეთა დამოუკიდებელი არჩევანი“, უთხრა რადიო თავისუფლებას აკაკი ბობოხიძემ.

თვითმხილველების თქმით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ვალიკო აბსანძემ გამარჯვების ნიშნად ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა...
თამარ ზანთარაია

15 ივნისს ძეძილეთის 22-ე საარჩევნო უბანი 20-მდე პირმა დაარბია, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდა საჭირო, ისევე როგორც ზუგდიდში, ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბანზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჯერად ხმის მიცემისა და დათვლის პროცესმა

ანაკლიაშიც დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ზუგდიდში თამარ ზანთარაია იტყობინება, ვითარება დაიძაბა დღის ბოლოს, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ:

„დაახლოებით 22.00 საათისთვის გაისმა სროლის ხმა. თვითმხილველების თქმით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ვალიკო აბსანძემ გამარჯვების ნიშნად ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ამ ქმედებამ გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც იმყოფებოდნენ იქვე, უბანთან, და მოხდა ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც დაზიანება მიიღო მაკა კოდუამ - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა“.

ძირითადად ასეთი ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი: უბნის არასათანადო მოწყობის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, წილისყრის პროცედურების დარღვევის ერთი შემთხვევა...
ლელა ტალიური

ამ დაპირისპირებაში მონაწილეობის გამო პოლიციამ ორი პირი დააკავა, თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ლელა ტალიური ამბობს, გამოვლენილ დარღვევებს არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია:

„ძირითადად ასეთი ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი: უბნის არასათანადო მოწყობის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, წილისყრის პროცედურების დარღვევის ერთი შემთხვევა, არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე - ერთი შემთხვევა, კომისიის წევრების მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება - ორი შემთხვევა“.

კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავაც, რომელმაც, რადიო თავისუფლების თხოვნით, ჩამოთვალა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც განმეორებითმა არჩევნებმა მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე ჩაიარა:

„განმეორებითი არჩევნები ჩატარდა მხოლოდ 14 უბანზე და ამის გამო ძალიან მაღალი კონცენტრაცია იყო როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური თანამშრომლებისა, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა“.

ქეთევან ჩაჩავას თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მოუწევს მეორე ტურის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. სწორედ მეორე ტურში უნდა გაირკვეს 11 მუნიციპალიტეტის გამგებლებისა და 8 თვითმმართველი ქალაქის - მათ შორის თბილისის - მერის ვინაობა, თუმცა ცესკოს მეორე ტურის თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG