Accessibility links

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს, პროკურატურაში 29 იანვარს დაკითხავენ, ამის შესახებ თავად ია მეტრეველი აცხადებს. მთავარმა პროკურატურამ, სახალხო დამცველის 27 იანვრის წერილის საფუძველზე, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, სამართალდამცავი უწყებების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა 2008 წელს დააკავეს და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაიყოლიეს ამჟამად პატიმარი ლ. შ., თავისუფლების სანაცვლოდ,მოეკლა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი.

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის, განცხადებით, პატიმარი, რომლის თაობაზეც სახალხო დამცველი 27 იანვრის პრესკონფერენციაზე საუბრობდა, მას პირველად დაახლოებით ერთი წლის წინ დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის მოკვლას ავალებდნენ, თავისუფლების სანაცვლოდ. ია მეტრეველის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პატიმრის სატელეფონო საუბრის შინაარსისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაინც აცნობა სახალხო დამცველს და მოგვიანებით პროკურატურაში, თავისი შვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე საუბრისას, პროკურორს სატელეფონო ზარების შესახებაც უამბო და გამომძიებელს პატიმრის უსაფრთხოებისთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა:

„მოგვიანებით ისეთ დეტალებზე დამიწყო საუბარი, რომ დამაჯერებლად მომეჩვენა ეს ყველაფერი და მერე და მერე ეს ბიჭი მირეკავდა და დაჟინებით მთხოვდა, რომ ადვოკატი შემეშვა და მას მისცემდა ჩვენებას და ასევე მთხოვა, რომ იური ვაზაგაშვილისთვის გადამეცა, რომ მარტო ჩემი მკვლელობა არ ჰქონდა დავალებული, მას ავალებდნენ ბატონი იურის შვილზე კომპრომატების მოგროვებას“.

მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, უნდა მოეკლა...

ია მეტრეველის განცხადებით, პატიმარს 20 იანვარს გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებიც შეხვდნენ. როგორც პატიმრისგანვე შეიტყო, მასთან სასაუბროდ შესულები იყვნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. ია მეტრეველის თქმით, ის ყველასთან ერთსა და იმავეს ჰყვებოდა. მისი მონათხრობის შინაარსზე 27 იანვარს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც ილაპარაკა:

„მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ“.

უჩა ნანუაშვილის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ საქმე აღძრა. პროკურატურის განცხადების თანახმად, „ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

ამ პატიმარს დავალება ჰქონდა ქურდული სამყაროსგან, რომ პოლიციელებზე ცრუ ჩვენება მიეცა, იმიტომ რომ ამ პატიმრის არსებობის შესახებ კი არა, ამ ადამიანის არსებობის შესახებ არც მე და, დარწმუნებული ვარ, იმ ჩამოთვლილმა ადამიანებმა საერთოდ არაფერი არ იციან...

კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა - ირაკლი ფირცხალავამ, კახა ლეგაშვილმა, გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ - 2008 წლის ივლისში, გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და მასზე ფსიქიკური ზეწოლის მოხდენის და ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემის გზით, თავისუფლების სანაცვლოდ დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის, განზრახ მკვლელობაზე“.

„სამართალდამცველთა ლიგის“ დამფუძნებელი, კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, საქმესთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში მან ისიც განაცხადა, რომ გასულ წელს თავადაც მიმართა სამართლდამცველებს საქმის გამოძიების მოთხოვნით, მოგვიანებით ის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაკითხეს, თუმცა საქმეს მსვლელობა არ მისცემია. ირაკლი ფირცხალავას პრეტენზიები სახალხო დამცველთანაც აქვს:

„ამ პატიმარს დავალება ჰქონდა ქურდული სამყაროსგან, რომ პოლიციელებზე ცრუ ჩვენება მიეცა, იმიტომ რომ ამ პატიმრის არსებობის შესახებ კი არა, ამ ადამიანის არსებობის შესახებ არც მე და, დარწმუნებული ვარ, იმ ჩამოთვლილმა ადამიანებმა საერთოდ არაფერი არ იციან. მერე მისცეს ქალბატონ იას ტელეფონი და თვითონ არ მალავს ამას ია მეტრეველი, რომ მას ვაზაგაშვილის ადვოკატებმა უთხრეს, რომ ასეთი პატიმარი მართლაც არსებობს“.

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფმა ლ.შ-მ მას ბოლოს 20 იანვარს დაურეკა, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების დღეს, და კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ახლა მისი სიცოცხლეც საფრთხეშია. ია მეტრეველი ამბობს, რომ მან სასჯელაღსრულების სამინისტროს სთხოვა დაიცვან მისი უსაფრთხოება.

პროკურატურაში ია მეტრეველს 29 იანვარს დაკითხავენ, დრო ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის. სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის ოფისი საქმის გამოძიებას თვალს მიადევნებს.

XS
SM
MD
LG