Accessibility links

ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მიზნები


იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

26-27 აგვისტოს საქართველო ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის საზეიმო გახსნა – მოვლენა, რომელსაც მხოლოდ საქართველოს ინტერესები არ უკავშირდება. რა რეაქციას ელოდებიან საქართველოში ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნით უკმაყოფილო რუსეთისგან?

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი და შემფასებელი ცენტრი 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნება და შემდეგ უკვე მრავალი მიმართულებით განვითარდება. როგორც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, ცენტრი მუშაობის დაწყებას ამ ეტაპზე არსებული რესურსითაც შეძლებს:

„წვრთნები და მომზადება შესაძლებელია, რომ დაიწყოს. თუმცა ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი და გაგრძელდება ამის განვითარება, მშენებლობები, ცენტრების შექმნა და ასე შემდეგ“.

თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

ნატო-საქართველოს ცენტრი მხოლოდ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე არ დაიდებს ბინას. მაგალითად, 11 აგვისტოს ვაზიანის სასროლეთზე საზეიმოდ გაიხსნა საბრძოლო მანქანების ტარების ველი (ე. წ. ტანკოდრომი), რომელიც, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის თქმით, ნატო-საქართველოს ცენტრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მისივე თქმით, ახლო მომავალში კიდევ არაერთი სხვა ობიექტის გახსნის მომსწრენი გავხდებით. ამასთან, როგორც მინისტრი ხიდაშელი აღნიშნავს, ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტამდე საქართველომ უნდა შეძლოს უელსის სამიტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და, შესაბამისად, აჩვენოს, რომ მზად არის კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ იმედებსა და მოლოდინს, ირაკლი ალადაშვილი საგანგებოდ გამოყოფს „არაასიმეტრიული ბრძოლებისთვის ბატალიონის დონის დანაყოფის მომზადების“ შესაძლებლობას. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შანსი იქნება საქართველოსთვის:

„რაც ადრე, წლების განმავლობაში, მზადება მიმდინარეობდა, ეს იყო ძირითადად ასიმეტრიული ბრძოლებისთვის მზადება – იგივე ერაყის, ავღანეთის მისიებისთვის – როცა ერთ მხარეს კოალიციურ ძალებს ჰქონდა ყველაფერი, ხოლო მეორე მხარესმოწინააღმდეგეები პარტიზანულად მოქმედებდნენ. დღეს, იმედი მაქვს,ბატალიონის მომზადებაში უდიდესი როლი დაეთმობა არა ასიმეტრიული ბრძოლისთვის მზადებას, არამედ ისეთი ბრძოლისთვის მზადებას, რაც ჩვენ რეალურად გვემუქრება და რაც ჩვენ გავიარეთ 2008 წელს. იგულისხმება: მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონების შეჩერება, მოწინააღმდეგის არტილერიისგან თავის დაცვა და საჰაერო თავდასხმებისგან თავის დაცვა“.

ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედება მხოლოდ ქართველი სამხედროების ინტერესებში არ შედის. როგორც სხვადასხვა დროს არაერთხელ აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გააძლიერებს საქართველოს, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობებს.

რუსეთის რეაქცია იქნება სიჩუმე და უკან დახევა. ის მოიწევს თავხედურად წინ და გადმოსწევს საოკუპაციო ხაზს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა გრძნობს, რომ ამისთვის მას არავინ დასჯის და არანაირი მძაფრი რეაქცია ამას არ მოჰყვება...

მასშტაბური გეგმების მიუხედავად, ირაკლი ალადაშვილის აზრით, ცენტრი ვერ შეძლებს შეასრულოს რუსეთის აგრესიის შემაკავებელი ფაქტორის როლი და გაღიზიანებულმა რუსეთმა შესაძლოა უფრო მეტი აგრესიაც გამოავლინოს საქართველოს მიმართ.

საპირისპირო აზრისაა პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის დემონსტრირება და საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭრა შეაჩერებს:

„რუსეთის რეაქცია იქნება სიჩუმე და უკან დახევა. ის მოიწევს თავხედურად წინ და გადმოსწევს საოკუპაციო ხაზს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა გრძნობს, რომ ამისთვის მას არავინ დასჯის და არანაირი მძაფრი რეაქცია ამას არ მოჰყვება. ჩვენ ვნახეთ, როცა ყველაზე უფრო მეტად შემრიგებლური იყო ჩვენი მთავრობა და ენის მოჩლექით ელაპარაკებოდა, სწორედ მაშინ სწევდა რუსეთი საოკუპაციო ხაზს და არა მაშინ, როცა ჩვენს გვერდით ფიქსირდებოდნენ ჩვენი მოკავშირეები... რუსეთს ნატო წარმოუდგენია დიდ ურჩხულად, დიდ ბუად, რომლისაც ეშინია, სხვა ყველაფერთან ერთად, და ნატოს საწვრთნელი ბაზაც არის მისთვის ბუა და შემაკავებელი ფაქტორი“.

წინასწარი ინფორმაციით, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის ფარგლებში, გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც საგანგებოდ მომზადდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის. ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება შეხვედრები ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. ნატოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, იენს სტოლტენბერგი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს,პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და პარლამენტის წევრებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG