Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტმა ერთი კვირით გადადო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის მიზეზი საპარლამენტო ოპოზიციასთან დაწყებული კონსულტაციაა. უმცირესობასთან ერთად, კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღებას ეწინააღმდეგება პრეზიდენტი სააკაშვილიც, რომელსაც, კონსტიტუციის შესაბამისად, კანონზე ვეტოს დადების უფლება აქვს. რას უწუნებს საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ და მისი შეცვლის რა შესაძლებლობა არსებობს?

25 მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რამდენიმე ათეულ საკითხთან ერთად მესამე მოსმენით უნდა განხილულიყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, თუმცა სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა საკითხი ერთი კვირით გადაიდოს:

„მესამე მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს მივიღებთ მომავალ კვირაში -მაშინ, როცა მზად იქნება სათანადო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის არჩევის საკითხში საპარლამენტო პროცედურებია განსასაზღვრი და იმისათვის, რომ სურათი იყოს სრულიად ნათელი, ჯობია ეს დოკუმენტიც მომზადდეს ხუთშაბათამდე და მომავალი კვირის განმავლობაში დაეწიოს ეს კანონპროექტი ძირითად კანონპროექტთა პაკეტს“.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების პასუხად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მიესალმება მმართველი კოალიციის გადაწვეტილებას, არ აჩქარდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონის მიღებისას:
დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე


„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების, დიალოგისა და შეთანხმების გზით ვეცადოთ, რომ საბოლოო პროდუქტი, რომელსაც მივიღებთ, ასახავდეს მთელი პოლიტიკური სპექტრის აზრს, იყოს შესაბამისობაში ვენეციის კომისიის დასკვნასთან და იყოს პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ამ კვირაში დამატებითი კონსულტაციებისათვის და მზად ვართ ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შეჯერებული ვარიანტი გავიტანოთ მომავალ კვირაში“.

დავით ბაქრაძე და საპარლამენტო უმცირესობის სხვა წევრები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კრიტიკისას ხშირად ახსენებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირებას. ლაპარაკია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესსა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმზე. უმცირესობის წევრის, დეპუტატ მარიამ საჯაიას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის პოლიტიკური ნიშნით შეცვლას არ დაუშვებს პრეზიდენტი სააკაშვილი:

„ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუკი არსებული ფორმით ინიცირებულ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ სამი მოსმენით მიიღებს და საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებას“.
ის ბრალდებები და ცილისწამებები, რასაც გამოთქვამენ უმცირესობიდან, არის აბსოლუტურად უსამართლო, უკანონო. ის, რასაც ამ კანონპროექტით გააკეთებს უმრავლესობა, არის საქართველოში სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება და მართლმსაჯულების სამართლიანობა...


კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 22 მარტს მიიღო, უფლებას აძლევს სასამართლოების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იყვნენ არჩეული, თუკი თანამდებობებს დატოვებენ. კანონპროექტი ასევე აძლევს უფლებას პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იყვნენ არჩეული თავიანთი პოსტების დაუტოვებლადე იმ პირობით, რომ ასეთი მოსამართლეების რაოდენობა საბჭოში სამს არ აღემატებოდეს. გარდა ამისა, კანონპროექტი უფლებამოსილების ვადამდელ შეჩერებას ითვალისწინებს საბჭოს იმ ექვსი მოქმედი წევრისთვის, რომლებიც პრეზიდენტმა დანიშნა და პარლამენტმა აირჩია. საპარლამენტო უმრვლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მანანა კობახიძის თქმით, კანონის მიღების მიზანი სწორედაც რომ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაა:

„ის ბრალდებები და ცილისწამებები, რასაც გამოთქვამენ უმცირესობიდან, არის აბსოლუტურად უსამართლო, უკანონო. ის, რასაც ამ კანონპროექტით გააკეთებს უმრავლესობა, არის საქართველოში სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება და მართლმსაჯულების სამართლიანობა“.

უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა კი, კობა დავითაშვილმა, კოლეგა დეპუტატებს შეახსენა კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის სპეციფიკა:

„კანონი საერთო სასამართლოების შესახებ მიღებულია ორი მოსმენით. აქედან გამომდინარე, მასში, სარედაქციო ხასიათის ცვლილებების გარდა, ვეღარაფერი შეიცვლება“.
რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას ამ ეტაპზე, მესამე მოსმენით განხილვისას, მიღებული იქნეს გადაწყვეტილება და კანონპროექტი დაბრუნდეს ერთი მოსმენით უკან...


მაგრამ, როგორც გაირკვა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მაინც იძლევა მოცემულ ეტაპზე კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივნის თათული თოდუას კომენტარი:

„თუ პარლამენტი მესამე მოსმენით აღმოაჩენს, რომ დარჩენილია არსებითად მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მოითხოვს არსებითად ასახვას კანოპროექტის ტექსტში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერ გააგრძელებს მესამე მოსმენით განხილვის პროცედურას, რადგანაც შებოჭილია სარედაქციო ხასიათის შესწორებების შეტანით, თუმცა რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას ამ ეტაპზე, მესამე მოსმენით განხილვისას, მიღებული იქნეს გადაწყვეტილება და კანონპროექტი დაბრუნდეს ერთი მოსმენით უკან“.

თუ მოვლენები ისე განვითარდა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, მაშინ მის დასაძლევად საჭირო იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის, ანუ 89 დეპუტატის მხარდაჭერა. ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას პარლამენტმა ერთხელ უკვე დაძლია პრეზიდენტის ვეტო.
XS
SM
MD
LG