Accessibility links

logo-print

პონტიფექსი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და ჩამარხული იარაღი


რომის პაპი ფრანცისკე თბილისის აეროპორტში

რომის პაპი ფრანცისკე თბილისის აეროპორტში

რომის პაპი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. უფრო ადრე საქართველომ კიდევ ერთხელ აღნიშნა სოხუმის დაცემის დღე, რასაც წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესწინადადება აფხაზებისადმი. პარარელულად, შსს-მ აღმოაჩინა რამდენიმე წლის წინ ჩამარხული დიდი რაოდენობის იარაღი, ინტერნეტში კი კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა.

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა რომის პაპი ფრანცისკე. ის თბილისში 30 სექტემბერს ჩამოვიდა. აეროპორტში პონტიფექსს დახვდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

1 ოქტომბერს მიხეილ მესხის სტადიონზე რომის პაპის წირვას რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო. კათოლიკე მრევლის გარდა, წირვაზე სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. პაპი ფრანცისკე თავის ქადაგებაში სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის, განსხვავებულობას ეკლესიებს შორის:

„ცუდია, როდესაც ჩაკეტილ საეკლესიო მიკროკლიმატს ვეგუებით. კარგია, როცა ვრცელ და იმედისმომცემ ჰორიზონტებს ვეზიარებით, თავმდაბალი გაბედულებით ვაღებთ თავს და გავდივართ საკუთარი თავიდან“.

უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის, მიხეილ ძაგნიძის, განცხადებით:

კერძოდ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა. სამართალდამცველებმა სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე და გორის რაიონში, ქვის სამტვრევი ქარხნის მიმდებარედ, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუზუსტებიათ არსებობს თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ ეს არის წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული სამალავები, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად. მისივე თქმით, ამის თაობაზე მოქმედი ხელისუფლებაც ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ხელისუფლების გადაბარების პროცესში:

საქმე ეხებოდა საქართველოში რუსეთის არმიის ხელახლა შეჭრის შემთხვევაში წინააღმდეგობის უჯრედების მომზადებას, რაც სავსებით ლეგიტიმური ნაბიჯია და თუ რამე არსებობს ამასთან დაკავშირებით დღეს ანტისახელმწიფოებრივი კანონდარღვევითი მოქმედება, ეს არის ამ ყველაფრის გამჟღავნება, მაგრამ იმდენი სახელმწიფოებრივი საიდუმლოებებია გაცემული რუსული აგენტურისათვის ამ ხელისუფლების მხრიდან, რომ ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები ვითარებას არ ცვლის. უბრალოდ, ამ ყველაფერს აბამენ თავისივე შექმნილ მითებს იმის შესახებ, რომ თითქოს ოპოზიცია აპირებს დესტაბილიზაციას“.

სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტ ირაკლი ფორჩხიძის თქმით კი, ამგვარი აღმოჩენები ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს. ეს შეეხება გარკვეულ ჩანაწერებს თუ პოლიტიკური სარჩულის მქონე სხვა აღმოჩენებს.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე იყო მორიგი ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ასევე წინასაარჩევნო პროპაგანდას დაუკავშირა. კერძოდ, 27 სექტემბერს იუთუბზე მომხმარებელმა GeorgiaReality-მ გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის აღწერაში ვკითხულობთ: სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. საუბარში მონაწილეობენ გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი.

ფარულად გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი განიხილავენ ხელისუფლების შეცვლის რევოლუციურ სცენარს. ამ ჩანაწერის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, აუდიოჩანაწერი ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სუს-ის უკანონო ჩანაწერების მონტაჟია. ამასვე ამტკიცებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე:

პოლიტიზებული პოლიციის, სუს-ის მიერ უკანონოდ ერთი წლის განმავლობაში შეგროვებული და უნიჭოდ დამონტაჟებული მასალა ვერ მოახდენს საზოგადოების ყურადღების გადატანას იმ თემებიდან, რომლებიც აწუხებს ჩვენ ხალხს. „ნაციონალური მოძრაობააწარმოებს ნორმალურ საარჩევნო კამპანიას, ხელისუფლებას კი უნდა გადაიტანოს ამომრჩევლის ყურადღება სხვა საკითხებზე. ჩვენ გვახსოვს ამ ხელისუფლების არაერთი ბრალდება, თითქოს ბარიკადების აშენებას და ბოევიკების მობილიზებას ვახდენდითრუსთავი ორისამბებზე. წინა არჩევნებზე გვახსოვს ქვევრში ბავშვის ჩახრჩობის ბრალდება. ამ ხელისუფლებას, ამგვარი ბრალდებების გარდა, არაფერი დარჩენია, მაგრამ ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ ამ ბრალდების უკან არაფერი არ დგას.

„სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის, თქმით, გასარკვევია, რამდენად კანონიერადაა გაკეთებული ჩანაწერი და შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება მტკიცებულების სახით:

კვლავ დგება დღის წესრიგში ის, თუ ვის უსმენენ, რატომ უსმენენ, ვინ უსმენს და ვინ ახდენს ამ ყველაფრის ჩაწერას, შენახვას და გავრცელებას, ვინაიდან, როცა სოციალური ქსელებით ხდება ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელება, გარკვეული კითხვებიც ჩნდება. თუ ოფიციალური სტრუქტურები ახდენენ მიყურადებას და ჩაწერას, სოციალურ ქსელში ამ გზით გავრცელების გარეშე უნდა მოჰყვეს გამოძიება და მოსახლეობაც სულ სხვაგვარად უნდა იგებდეს ინფორმაციას ამის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ამ სახით გავრცელება უფრო ემსგავსება იმას, რომ ცდილობენ არჩევნების წინ ამომრჩეველზე მოახდინონ რაღაც ტიპის გავლენა.

27 სექტემბერსვე ტრადიციულად აღინიშნა სოხუმის დაცემის დღე. გმირთა მემორიალთან მთავრობისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს, შეიკრიბნენ დაღუპულთა ახლობლებიც.

ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კი აფხაზებს ბოტანიკური ბაღის გაშენება და უმაღლესი კლასის სასტუმროს აშენება შესთავაზა მთელი მოგების ადგილზე დატოვების პერსპექტივით. ეს 26 სექტემბერს გახდა ცნობილი. ოკუპირებული აფხაზეთის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. სასტუმროს აშენებას ივანიშვილი განმუხურში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს აპირებს. გარდა ამისა, განმუხურში, სასტუმროს უკანა მხარეს, დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის გაშენება, სადაც, ივანიშვილის თქმით, კოლხური მცენარეების გარდა, თავს მოიყრის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი უნიკალური მცენარეები. როგორც ექს-პრემიერი ამბობს, სასტუმროს პროექტზე თანაინვესტირების ფონდის ფული დაიხარჯება, ხოლო ბოტანიკურ ბაღს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს:

გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება (ჩვენი ძმების) და, ასევე, გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს და უფრო დიდიც, უფრო მასშტაბურიც შეიძლებოდა ყოფილიყო გამყოფ ხაზს იქით. ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა (თანხმობის შემთხვევაში) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა იმ ნდობის აღდგენასა და დაბრუნებას, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა“.

„საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, გია ხუხაშვილი, ამბობს, რომ ასეთი შეთავაზება შედეგს არ გამოიღებს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ნდობა არ არსებობს:

ზოგადად, გასაგებია, რომ ქვეყნის გამთლიანება გადის სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრაციულ პროცესებზე. ეს არის კულტურული რეინტეგრაცია, ეკონომიკური რეინტეგრაცია, მაგრამ არა ამ სახით, როცა საუბრობს, მე აგიშენებთ, მე გაგიკეთებთო... თანამშრომლობის ინიციატივები უნდა იყოს და ყველაფერი ნებაყოფლობით უნდა ხდებოდეს. ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს და არა ცალმხრივი“.

საპარლამენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" დატოვა საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“. „გირჩის“ თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების საფუძველია ბლოკში არსებული რთული ვითარება, პაატა ბურჭულაძის თქმით კი, „გირჩს“ ბლოკი თვითონ დაატოვებინა. ეს განცხადება პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა და განმარტა, რომ ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა. ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი. საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ 4 პარტიას აერთიანებდა, სანამ მას „გირჩი“ დატოვებდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG