Accessibility links

„ლიტვინენკოს საქმის“ საიდუმლოებანი


ალექსანდრ ლიტვინენკო

ალექსანდრ ლიტვინენკო

ავტორი: ანა ლომთაძე

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, 27 იანვარს ლონდონში დაიწყო ალექსანდრ ლიტვინენკოსთან დაკავშირებული სასამართლო მოსმენა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ეფ-ეს-ბეს ყოფილი ოფიცერი, ლიტვინენკო, 2006 წელს, ლონდონში გარდაიცვალა რადიოაქტიული ნივთიერებით მოწამვლის შედეგად. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რობერტ ოუენის თქმით, სასამართლოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, დაადგინოს, ურევია თუ არა ხელი რუსეთის ხელისუფლებას ლიტვინენკოს მკვლელობაში. ლიტვინენკოს საქმესა და მიმდინარე სასამართლო მოსმენაზე ანა ლომთაძე გიამბობთ.

ლონდონში, ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო მოსმენაზე დაძაბული და ემოციური ატმოსფერო სუფევს. საქმე ისაა, რომ მოსმენამდესულ ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთის გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა სენსაციური მასალები, რომლებიც, როგორც გაზეთი იუწყებოდა, ბრიტანეთის კონტრდაზვერვას გადასცა აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამსახურმა.

მასალებში ასახულია მოლაპარაკებები ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებსა და მოსკოვში მათ ხელმძღვანელობას შორის. „დეილი ტელეგრაფი“ წერს, რომ ეს მასალები აშკარად ცხადყოფს ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურის მონაწილეობას. ამ კავშირზე ჯერ კიდევ მოსამართლე რობერტ ოუენი საუბრობდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მიერ მოპოვებულ საიდუმლო მასალებს გაეცნო.

მჯეროდა, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ აუცილებლად მივაღწევდით საჯარო სასამართლო მოსმენას. მთავრობას ვთხოვეთ ამის უფლება 2011 წელს, რადგან გვესმოდა, რომ უკვე ხუთი წელი იყო გასული საშას სიკვდილის შემდეგ და არავინ აპირებდა რუსი ეჭვმიტანილების ექსტრადაციას...

გაზეთი არ ასახელებს მოლაპარაკებებში მონაწილე პირთა სახელებს, თუმცა ცნობილია ბრიტანეთის მხარის მიერ ოფიციალურად დასახელებულ ეჭვმიტანილთა ვინაობა: ანდრეი ლუგოვოი და დმიტრი კოვტუნი. „ინტერპოლმა“ უკვე გასცა მათი დაპატიმრების ორდერი.

რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბრისას, ლიტვინენკოს ქვრივმა, მარინა ლიტვინენკომ აღნიშნა, რომ მისი ქმრის მკვლელობიდან გასული მთელი რვა წელია სჯერა, რომ მხოლოდ საჯარო გამოძიებას შეუძლია დაადგინოს მკვლელებისა და მკვლელობის შემკვეთის სახელები:

„მჯეროდა, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ აუცილებლად მივაღწევდით საჯარო სასამართლო მოსმენას. მთავრობას ვთხოვეთ ამის უფლება 2011 წელს, რადგან გვესმოდა, რომ უკვე ხუთი წელი იყო გასული საშას სიკვდილის შემდეგ და არავინ აპირებდა რუსი ეჭვმიტანილების ექსტრადაციას. ერთადერთი შესაძლებლობა, გაგვეგო, რა მოხდა სინამდვილეში ლონდონში, ის იყო, რომ გამოგვეთხოვა პოლიციის გამოძიების ყველა მასალა, მათ შორის საიდუმლო მასალებიც. ეს უფლება მე მქონდა სასამართლო მოკვლევის მსვლელობისას, და მე ის გამოვიყენე“.

მარინა ლიტვინენკო

მარინა ლიტვინენკო

​ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის შესახებ საჯარო გამოძიების ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სასამართლო მოკვლევა ჩიხში შევიდა. ბრიტანეთში მსგავსი მოკვლევა მხოლოდ გაურკვეველ გარემოებაში სიკვდილის შემთხვევაში ხორციელდება. მაგრამ ამ პროცესში კანონი კრძალავს საიდუმლო მასალების გამომზეურებას. მოსამართლე ოუენმა განაცხადა, რომ ამ მასალების შეუსწავლელად ვერ შეძლებდა მკვლელობის საფუძვლიან და ობიექტურ გამოძიებას. მან მთავრობას მიმართა თხოვნით, სასამართლოსთვის მიეცა უფლება, ჩაეტარებინა საჯარო სხდომები და საიდუმლო მასალები დახურულ სხდომებზე გამოეყენებინა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტერეზა მეიმ მოსამართლის თხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მარინა ლიტვინენკოს საჩივრის შემდეგ სასამართლომ გასცა განკარგულება ღია გამოძიების ჩატარების თაობაზე.

გადაწყდა, რომ ლიტვინენკოს საქმის სასამართლო მოსმენა ორ ნაწილად გაიყოფა. საჯარო სხდომები გაიმართება ათი კვირის განმავლობაში - 27 იანვარიდან 31 მარტამდე, დახურული სხდომები კი 31 მარტის შემდეგ დაიწყება და, სავარაუდოდ, ასევე ათ კვირას გასტანს. დახურულ სხდომებზე განხილულ იქნება ბრიტანეთის სპეცსამსახურის საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიცლიტვინენკოს მკვლელობას უკავშირდება. ამ სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ექნება საგანგებო საშვი: პროკურორები, რამდენიმე ადვოკატი და სპეცსამსახურის თანამშრომლები. სხდომაზე დასწრების უფლება თვით მარინა ლიტვინენკოსაც არ მიეცა:

„არც მე, არც ჩემს ადვოკატებს, არ შეეძლებათ ამ სხდომებზე დასწრება... ჩემი ადვოკატების გარდა, დამატებით რომ ამეყვანა საშვის მფლობელი ადვოკატი, მასაც კი არ ექნებოდა უფლება, ჩემთვის გაეზიარებინა დახურულ სხდომაზე მიღებული ინფორმაცია. ყველა შემთხვევაში, ეს ინფორმაცია დახურულ კარს მიღმა რჩება.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG