Accessibility links

logo-print

ვის აინტერესებს და ვის არა ლიტვინენკოს საქმის გამოძიება


ეფ-ეს-ბე-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო. 1998 წლის ფოტო.

ეფ-ეს-ბე-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო. 1998 წლის ფოტო.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლისთვის "საინტერესო არ არის" კაგებეს ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით ბრიტანეთში ჩატარებული გამოძიების შედეგები. პესკოვმა ეს განცხადება გააკეთა მოსკოვში - ერთი დღით ადრე ბრიტანეთში გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე. არადა, კრემლისაგან განსხვავებით, ძალიან ბევრს აინტერესებს გარემოებები, რომლებსაც მოჰყვა 2006 წელს ლონდონში ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალება.

21 იანვარს ბრიტანეთში გამოქვეყნდება ანგარიში ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმის საჯარო გამოძიების შედეგებზე. ანგარიშს წარმოადგენენ იმავე ქალაქში, ლონდონში, სადაც ლიტვინენკო 2006 წლის 23 ნოემბერს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა რადიოაქტიურ ნივთიერება პოლონიუმით მოწამვლის შედეგად. მოწამვლის დროს ლიტვინენკო ბრიტანეთის უშიშროების სამსახურისთვის მუშაობდა. მანამდე, ჯერ საბჭოთა პერიოდში, ის კაგებეს თანამშრომელი იყო, შემდეგ კი - კაგებეს მემკვიდრე ორგანიზაციის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის. ამ სამსახურს, როგორც ცნობილია, ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა 1998-1999 წლებში.

ლიტვინენკოს მკვლელობამ დიდი აღშფოთება გამოიწვია ბრიტანეთის საზოგადოებაში, რადგან ლონდონში სხვადასხვა ადგილას იქნა აღმოჩენილი რადიოაქტიური საწამლავის კვალი. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა მომხდარი „ბირთვული ტერორიზმის აქტადაც“ კი მოიხსენია. ბრიტანეთის პოლიცია რუსეთის ორ მოქალაქეს - დმიტრი კოვტუნსა და ანდრეი ლუგოვოის - ადანაშაულებს ლიტვინენკოს მოწამვლაში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში მასთან შეხვედრის დროს, მაგრამ ორივე უარყოფს ბრალდებას, მოსკოვი კი უარს ამბობს მათ ექსტრადიციაზე.

შესაბამისად, მოულოდნელი არ არის, რომ კრემლი არ გამოხატავს ინტერესს ბრიტანეთში ჩატარებული გამოძიების შედეგების მიმართ. ეს, ე.წ. საჯარო გამოძიება, რომელიც მთავრობის დავალებით ჩატარდა, 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. შარშან, ივლისში, ლონდონის სამეფო სასამართლოს სხდომაზე ლიტვინენკოს ქვრივის ადვოკატმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, დაადანაშაულა ლიტვინენკოს მკვლელობის დაკვეთაში და განაცხადა ისიც, რომ კრემლი ხელს უშლის გამოძიებას. ადვოკატ ბენ ემერსონის ინფორმაციით, ლიტვინენკო ჩაითვალა რუსეთის სახელმწიფოს მტრად და ლიკვიდირებულ იქნა, რადგან აპირებდა პუტინსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის კავშირის გამოაშკარავებას. ცნობების თანახმად, ბრიტანეთში საჯარო გამოძიების მსვლელობაში 62 მოწმის ჩვენებებს მოუსმინეს.

ახლა დიდი ინტერესით მოელიან, რას იტყვის მოსამართლე რობერტ ოუენი, რომელიც გამოძიებას უძღვებოდა და რომელიც 21 იანვარს გააცნობს საზოგადოებას გამოძიების შედეგებს: დაადანაშაულებს თუ არა ის მოსკოვს და, თუ დაადანაშაულებს, რა გავლენას მოახდენს ეს ლონდონისა და მოსკოვის დიპლომატიურ ურთიერთობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG