Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილების დღე


ლტოლვილების საერთაშორისო დღე თბილისში
ლტოლვილების საერთაშორისო დღე თბილისში

20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბოლო ანგარიშის თანახმად, გასულ წელს, 2015-ში, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 65 მილიონ ადამიანს, მიაღწია - ყველა მათგანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მათ ქვეყანაში არსებული საომარი ვითარების, კონფლიქტისა და არეულობის გამო დაეტოვებინა. მათი ნაწილი - დაახლოებით, 1400-მდე ადამიანი - ცხოვრობს საქართველოშიც. კამეტა ტემირბულატოვაც ერთ-ერთი მათგანია.

პანკისის ხეობაში მცხოვრები კამეტა ტემირბულატოვას ოთხი შვილიდან ორი საქართველოში დაიბადა, ორიც - ჩეჩნეთში. მისი ოჯახი უკვე 16 წელია ლტოლვილია ქალაქ გროზნოდან. ჩეჩნეთში, მათ მშობლიურ სახლში, დღეს სხვა ადამიანები ცხოვრობენ. აქ, საქართველოში, ახალი ცხოვრება დაიწყეს. რთული და ხანგრძლივი იყო უცხო ქვეყანაში დამკვიდრების 16 წელი, იხსენებს კამეტა, მაგრამ აქ დახვდათ მთავარი - მშვიდობა, რამაც მათი ცხოვრება საგრძნობლად გააადვილა:

„როცა აქეთ მოვდიოდით, ყველაზე მთავარი იყო, რომ ცოცხლები გადავრჩენილიყავით. შატილის გამოვლით ჩამოვედით საქართველოში. იქ მანქანები დაგვახვედრეს და ასე მოვაღწიეთ. ახლა რომ ვიხსენებ, პირველი, რაც მაშინ ვიგრძენით, მშვიდობა იყო, მშვიდობიანი ცა და იმ დილის მზე - ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. წესიერად ვერც ვხვდებოდით, ქალაქში მოვედით თუ სოფელში, მთავარი იყო, რომ აქ არ ისროდნენ, რომ გარშემო აბსოლუტურად მშვიდობიანი ხალხი გვეხვია და ეს მაშინ ძალიან დიდი ბედნიერება იყო“.

თვითონ კამეტა დღეს კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდში მუშაობს დუისის ცენტრის კოორდინატორად. მისი მეუღლე ორ სტუდენტ შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. ამბობს, რომ ოჯახი ჯერჯერობით უკან, ჩეჩნეთში დაბრუნებაზე არ ფიქრობს. მესამე ქვეყანაში წასვლაზე უარი ჯერ კიდევ 2005 წელს მიიღეს და ამიტომ ისევ საქართველოში დარჩენა და ინტეგრაცია სცადეს. ამასობაში კი, როგორც კამეტა მოგვითხრობს, აქაურობაც შეუყვარდათ, თუმცა კამეტა იმასაც ამბობს, რომ ლტოლვილის ტვირთის ზიდვა საკმაოდ მძიმეა და სულ იმაზე გეფიქრება, რომ სადღაც შენი სახლი დგას.

ბოლო ორი წელია, საქართველოში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს ერაყიდან, სირიიდან თუ უკრაინიდან წამოსული ადამიანებიც შეემატნენ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, 2015 წლის ბოლოს, პირველად მსოფლიო ისტორიაში, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 65,3 მილიონი შეადგინა. მათგან21,3 მილიონი ადამიანი ლტოლვილია, 40,8 მილიონი - იძულებით გადაადგილებული პირი, კიდევ 3,2 მილიონი - თავშესაფრის მაძიებელი.

ლტოლვილების საერთაშორისო დღე თბილისში
ლტოლვილების საერთაშორისო დღე თბილისში

65,3 მილიონი ადამიანიდან ნახევარზე მეტი სომალის, ავღანეთისა და სირიის მოქალაქეა. ანგარიშის თანახმად, საშუალოდ, ყოველ წუთში მსოფლიოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 ადამიანი ტოვებს საკუთარ სახლს და გადაადგილდება. გლობალური გადაადგილების მაჩვენებლები 1997 წლის შემდეგ გაორმაგებულია, ხოლო სირიაში დაწყებული ომის შემდეგ, 2011 წლიდან, კიდევ 50 %-ით გაზრდილი.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოში გაბნეული ლტოლვილების ნახევარი სამი ძირითადი ქვეყნიდან მოდის: სირია - 4,9 მილიონი, ავღანეთი - 2,7 მილიონი და სომალი - 1,1 მილიონი ადამიანი.რაც შეეხება იძულებით გადადგილებულ პირებს, კოლუმბიის რესპუბლიკა ითვლის 6,9 მილიონ იძულებით გაადგილებულ პირს, სირია - 6,6 მილიონს და ერაყი - 4,4, მილიონს. თურქეთი კი, ბოლო მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით ლტოლვილების მიმღები ქვეყანაა - მან ამ დრომდე 2,5 მილიონი ლტოლვილი მიიღო.

დღეს საქართველოში, დაახლოებით, 1400-მდე თავშესაფრის მაძიებლის მქონე პირი ცხოვრობს. 2014-2015 წლებში ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების დროს შემოსულთა ერთმა ნაწილმა უკვე დატოვა საქართველო. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოკაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ნაწილმა ქვეყანაში დამკვიდრება მოახერხა, ნაწილისთვის კი საქართველო სატრანზიტო ქვეყნად რჩება:

„არის გარკვეული რაოდენობა, ვინც მოახერხა დამკვიდრება, მცირე ბიზნესი წამოიწყო. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე რესტორნებსა და ბარების ნაწილი მათია, ზოგმა ბათუმში მოახერხა დამკვიდრება, მაგრამ ეს მცირე ნაწილია - როგორც ტენდენციაზე, ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. რადგან თავშესაფრის მაძიებელი და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი ჩამოდის თავისი ქვეყნიდან უარაფროდ და რამის დაწყება უცხო ქვეყანაში საკმაოდ რთული ამბავია, სახელმწიფო ყველას სთავაზობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვას და უფასო დაწყებით განათლებას. თუ დავაკვირდებით, ბავშვები უკეთესად არიან ინტეგრირებულები, ენაც უკვე ესმით“.

თუმცა ირაკლი კოკაია გვეუბნება, რომ მათ, ვინც საქართველოში თავიდანვე ისე ჩამოვიდა, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში, ინტეგრაცია ნაკლებად აინტერესებთ და წასვლის მოლოდინის რეჟიმში არიან.გარკვეული რაოდენობა, ირაკლი კოკაიას თქმით, უკვე გაბრუნდა თურქეთში, ხოლოსირიელების ნაწილი, რომელსაც რუსეთში წასასვლელად ვიზა არ სჭირდება, რუსეთში წავიდა.

ნათია კაციტაძე
ნათია კაციტაძე

20 ივნისს თბილისში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე სახალხო დამცველის აპარატმა საინფორმაციო კამპანიით აღნიშნა. თავისუფლების მოედანზე საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა, რომელშიც, როგორც ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი თამთა პაპუაშვილი გვიხსნის, ლტოლვილთა უფლებების შესახებ ინფორმაციაა ერთად თავმოყრილი:

„ამ საინფორმაციო ბუკლეტებში წერია, თუ რა არის ლტოლვილის და, ზოგადად, ჰუმანიტარული სტატუსის არსი, რა პროცედურები უნდა გაიარონ მათ საქართველოში ყოფნისას, მოცემულია ზოგადი ინფორმაცია მათ შესახებ“.

სახალხო დამცველის აპარატის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნათია კაციტაძე, განმარტავს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ეძიოს და მიიღოს თავშესაფარი, მით უმეტეს, რომ დღეს მსოფლიოში 60 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია:

„ბოლო ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს ლტოლვილთა უფლებების დაცვის საკითხებზე. გასულ წელს სპეციალური ანგარიშიც მომზადდა, რომელიც სწორედ ლტოლვილების უფლებებს შეეხება. მოგვმართავენ კიდეც, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ხშირად“.

საქართველომ თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვის ვალდებულება 1999 წელს აიღო, როდესაც„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციას მიუერთდა. დღეს საქართველოში არსებული ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უმრავლესობა ერაყის, უკრაინის, რუსეთისა და სირიის მოქალაქეები არიან. ისინი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 45-ლარიან შემწეობას იღებენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG