Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამისთვის მზადება უკვე დაიწყო


პირველი თებერვლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამას“ იწყებს. გორის გამგეობამ ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს უკვე მიწის მფლობელთა სიების დაზუსტება მოსთხოვა. რწმუნებულებმა სამუშაო რამდენიმე დღეში უნდა დაასრულონ. წინასწარი ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამით 30 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. გორის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის გიორგი ხიდაშელის განცხადებით, ფერმერთა სიების დაზუსტება აუცილებელია, რადგან გასულ წელს სოფლის მეურნეობის ბარათის გარეშე დაახლოებით 600 ბენეფიციარი დარჩა.

რაც შეეხება თვითონ პროგრამას, ბენეფიციარები იქნებიან ის ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ჰექტარი და 25 მეასედი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურებისათვის. ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, ორ კატეგორიად დაიყოფიან და სხვადასხვა ოდენობის დახმარებას მიიღებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მამუკა ლომსაძის განცხადებით, 25 მეასედამდე მიწის მფლობელები, სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით, 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ, ხოლო ჰექტარი და 25 მეასედის მფლობელები ჰექტარზე 140-ლარიანი დახმარებითა და უფასო ხვნის პროგრამით ისარგებლებენ.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარებს წელს ორი ტიპის ბარათი ექნებათ. მიწის ხვნისთვის დარიგდება სასოფლო-სამეურნეო ბარათები, სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად კი წელს ფერმერები საბანკო პლასტიკურ ბარათს - ეგრეთ წოდებულ აგრობარათს - გამოიყენებენ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია აცხადებს, რომ, გასული წლისგან განსხვავებით, პროგრამაში არსებული ყველა ხარვეზი გამოსწორდება და დახმარების პროგრამით ყველა ბენეფიციარი ისარგებლებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი, საქართველოს მასშტაბით, 90 მილიონ ლარს შეადგენს დაახლოებით 800 ათასამდე ფერმერისათვის. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროექტი“ აგვისტოში დასრულდება.
XS
SM
MD
LG