Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად სამართლიანია ნავთობის ფასი საქართველოში


საწვავის ფასების საწინაამღდეგო ერთ-ერთი აქცია თბილისში
საწვავის ფასების საწინაამღდეგო ერთ-ერთი აქცია თბილისში
საწვავის ფასის მომატება პრობლემებს მხოლოდ მძღოლებსა და მგზავრებს როდი უქმნის. ბენზინისა და დიზელის გაძვირება, პირდაპირ თუ ირიბად, საზოგადოების უდიდეს ნაწილს აზარალებს, რადგან საწვავის ხარჯი თითქმის ყველა სახის საქონლისა და მომსახურების ფასწარმოქმნაში აისახება. გაძვირება განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აგდებს მთლიანად იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოცაა, თუმცა ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებას მნიშვნელოვნად ამძიმებს საწვავის ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პრინციპის იგნორირება და საცალო ქსელში ფასების შეთანხმებული ზრდა.

დათო, 46 წლის ჭაღარაშერეული მამაკაცი, თითქმის თხუთმეტი წელია ტაქსაობით არჩენს მრავალსულიან ოჯახს. ადრე თავისი სპეციალობით მუშაობდა, მაგრამ სამსახურის რეორგანიზაციის შემდეგ შტატები შეამცირეს და მისთვის ადგილი აღარ დარჩა:

„ესაა ერთ-ერთი გზა, რომ ოჯახი შევინახო. რვა სული ვართ. დილას ექვს საათზე გამოვდივარ და ღამის თერთმეტ-თორმეტ საათამდე ვმუშაობ.“

დათოს თქმით, ტაქსის მძღოლებს შორის მაღალი კონკურენციაა - ყველამ, ვინც უმუშევარი დარჩა, ტაქსაობა დაიწყო. ასევე პრობლემას ქმნის საწვავის და, შესაბამისად, მომსახურების გაძვირება:

კომპანია ”სოკარის” ბენზინგასამართი სადგური
„არც ჩვენ გვაქვს ფული და არც მოსახლეობას, მათაც უჭირთ... საშუალოდ იაფიანმა ბენზინმა 25 თეთრით მაინც მოიმატა. სუპერი, ანუ მაღალი ოქატონის ბენზინი კიდევ უფრო მეტად გაძვირდა... დიზელიც გაძვირდა და ყველა სხვა საწვავიც...“

საწვავის - მათ შორის, დიზელის საწვავის - გაძვირებას ნავთობის იმპორტიორი კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობით ხსნიან. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, წლის დასაწყისიდან ბენზინის ფასი 30 პროცენტით, ხოლო დიზელის საწვავის ფასი 37 პროცენტით გაიზარდა:

რატომ ღირს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი საწვავი ერთი ფასი? რატომ ემთხვევა დროში ფასის ცვლილება იმ შემთხვევაშიც კი, როცა სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული?
„ბენზინის საერთაშორისო ფასი არის 1080 დოლარი, დიზელის - 1050 დოლარი. საცალო ქსელში წლის დასაწყისიდან ფასები 5-5 თეთრით ხუთჯერ, ანუ 25 თეთრით გაიზარდა. ესაა 13 პროცენტიანი მატება, ანუ თავად ეს რიცხვები მეტყველებს იმაზე, რომ გარდაუვალი იყო საქართველოში ფასების მომატება, იმიტომ რომ ჩვენ მთლიანად, 100 პროცენტით ვართ დამოკიდებული იმპორტზე.“

ფასების გლობალური ზრდის ფონზე საცალო ქსელში საწვავის გაძვირებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს ბექა კემულარიაც - აქტივისტი საზოგადოებრივი მოძრაობისა „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“, თუმცა მას არაბუნებრივად მიაჩნია ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების იდენტური საფასო პოლიტიკა:

„რატომ ღირს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი საწვავი ერთი ფასი? რატომ ემთხვევა დროში ფასის ცვლილება იმ შემთხვევაშიც კი, როცა სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული? რატომ ღირს ბენზინი საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში? საწვავი სომხეთში საქართველოს გავლით შედის და მისი ღირებულება უნდა იზრდებოდეს ტრანსპორტირების ხარჯის გამო. ამასთან, სომხეთში არ შედის შედარებით იაფი აზერბაიჯანული საწვავი.“

ბექა კემულარიას თქმით, კიდევ უფრო არალოგიკური ვითარებაა შექმნილი დიზელის საწვავთან დაკავშირებით. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილიც შენიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც დიზელის საწვავი ბენზინზე უფრო ძვირია:

„ასეთი ფაქტი არ ფიქსირდება არც ერთ ქვეყანაში! საქართველოში მოხმარებული დიზელის საწვავის 75 პროცენტი შემოდის აზერბაიჯანიდან, სადაც საცალო ქსელში საწვავი ღირს 75 თეთრი. როგორ შეიძლება ნორმალური კონკურენციის პირობებში 75 თეთრად ნაყიდი საწვავი აქ იყიდებოდეს 2,20-2,35 ლარად“, უთხრა მერაბ ჯანიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

შედარებისათვის: სომხეთში დიზელი ბენზინზე 24 პროცენტით იაფია, ბელორუსიაში - 20 პროცენტით, უკრაინაში - 12-ით, ყაზახეთში - 18-ით. ამ დროს, საქართველოში დიზელის საწვავი ბენზინზე 4,5 პროცენტით ძვირია. და ეს მაშინ, როცა, 2011 წლის 11 აპრილის მონაცემებით, ბენზინის საერთაშორისო ფასი 5,3%-ით აღემატება დიზელის ფასს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში აქციზის გადასახადი დიზელზე 20 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ბენზინზე, თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი მიიჩნევს, რომ დიზელის სიძვირეს ლოგიკური ახსნა მოეძებნება:

კანონის პირდაპირი დარღვევა არ არის, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ყოველ ლიტრ ბენზინზე 40 თეთრი არის სადავო - არის ეს მართლაც კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები თუ არის ეს მოგება ...
„1000 კგ-ში დიზელის საწვავი არის 1200 ლიტრი, ხოლო ბენზინი 1300 ლიტრი - სწორედ ეს სხვაობა მოცულობაში განაპირობებს ფასებში არსებულ თანაფარდობას. თუმცა უნდა გითხრათ, რომ დიზელის საწვავი ყველა შემთხვევაში არ არის უფრო ძვირი, ვიდრე ბენზინი. ბევრ კომპანიაში ფასები ერთნაირია. აქ არის საუბარი ევროდიზელზე, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე „სუპერი“, მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ დიზელის საწვავს ლ-62-ს, რომლის მოხმარება არის 80 პროცენტი, მისი ფასი ან იდენტურია, ან ნაკლებია ანალოგიური ტიპის რეგულარის საწვავთან შედარებით.“

ვანო მთვრალაშვილის ამ არგუმენტებს არ იზიარებენ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები. მათი აზრით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საწვავის ბაზარზე არსებული ეგრეთ წოდებული „კარტელური გარიგების“ შესახებ, ანუ ფასების დადგენისას ხდება შეთანხმება კომპანიებს შორის მოგების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. საწვავის ფასების წარმოქმნის სტრუქტურაში გარკვევა სცადა თბილისის საკრებულოს წევრმა კახა კუკავამ, რომელმაც ფრაქციის სხდომაზე საკითხით დაინტერესებული მხარეები მიიწვია:

„ჩვენთვის არ არის გასაგები ეს ახსნა. ამიტომაც ვითხოვთ დამატებით წერილობით ინფორმაციას. კანონის პირდაპირი დარღვევა არ არის, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ყოველ ლიტრ ბენზინზე 40 თეთრი არის სადავო - არის ეს მართლაც კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები თუ არის ეს მოგება. დღეს არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, არ იქნება სამართლიანი კომპანიებმა მიიღონ 30 და 50 პროცენტიანი მოგება.“

საწვავის გაძვირებისა და ფასების წარმოქმნის მექანიზმზე კიდევ უფრო ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მძღოლებს. დათო, 46 წლის მძღოლი, ტელევიზორიდან გაგონილს იმეორებს:

„რა აძვირებს? მსოფლიო კრიზისია, ნავთობი გაძვირდაო, ამბობენ... ყველა ჯოხი მაინც ჩვენზე ტყდება, ჩვენც ვითმენთ...“

თუმცა წევრები საზოგადოებრივი მოძრაობისა „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“იმედოვნებენ, რომ სულ მალე საწვავის მომხმარებელთა მოთმინების ფიალა აივსება და მათი პროტესტი უფრო ქმედითი და ანგარიშგასაწევი გახდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG