Accessibility links

პოლიტიკური და სიტყვიერი დაპირისპირება


მთავრობის სხდომა

მთავრობის სხდომა

ირაკლია ალასანიას გუნდსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამ ფონზე კი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეხმიანებიან. პარალელურად, თანამდებობაზე დაბრუნდნენ გადამდგარი მინისტრის მოადგილეები.

თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მოქმედ პრემიერს შორის დაპირისპირება სიტყვიერი დაპირისპირების ფაზაში გადავიდა. 6 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას ავანტიურისტი, უჭკუო, ამბიციური, მოღალატე და ნაციონალების ლობირებაში შემჩნეულიც კი უწოდა:

„რაც ალასანიამ გააკეთა, ჩემთვის პირადად ეს არის 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ღალატი და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა. ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტიურისტების არ გვეშინია და ამ აბსურდულ წინააღმდეგობებსაც მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოგვშორდა და ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ნაციონალებს ლობირებდა, სწორედ ალასანია იყო“.

ღარიბაშვილის თვალში ასევე უპასუხისმგებლოდ მოიქცა საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეც, რომელმაც, ალექსი პეტრიაშვილის მსგავსად, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ღარიბაშვილის თქმით, ის ეცადა ყველა მოადგილე თან გაეყოლებინა, რაც არ გამოუვიდა:

„მაია ფანჯიკიძემ დემონსტრაციულად თან გაიყოლა, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ჰქონდა გაეყოლებინა თავისი მოადგილეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უპატივცემულობას ჩვენს წინაშე, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, გარდა დავით ზალკალიანისა, კვლავაც რჩებიან თანამდებობებზე - მათ სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

მსგავსი განცხადებები თავად პრემიერს აზიანებს, მისი იმიჯისთვისაა საზიანო, რადგან რეალობა ნამდვილად სხვაა და ეს იცის საზოგადოებამ, იცის თავად ღარიბაშვილმა და იცის საერთაშორისო საზოგადოებამ...

ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში მოსახლეობა უფრო დიდ სიურპრიზებს უნდა ელოდეს ალასანიას შესახებ, რაც მისთვის და მისი გუნდისათვის იქნება სამარცხვინო, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში, პრემიერი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში დანიშნავს საგარეო და ევროინტეგრაციის მინისტრებს და ყველაფერი იქნება უკეთესად, ვიდრე იყო აქამდე.

მსგავსი განცხადებები თავად პრემიერის იმიჯს დააზიანებს, - აცხადებენ ალასანიას გუნდის წევრები. მათი ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები უმრავლესობიდან კი შეფასებებში სიფრთხილეს იჩენენ. აი, რა უთხრა ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილმა:

„მსგავსი განცხადებები თავად პრემიერს აზიანებს, მისი იმიჯისთვისაა საზიანო, რადგან რეალობა ნამდვილად სხვაა და ეს იცის საზოგადოებამ, იცის თავად ღარიბაშვილმა და იცის საერთაშორისო საზოგადოებამ“.

"ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ პრემიერ-მინისტრი ყველანაირ კორექტულობას გასცდა. ჩემი აზრით, მართალი კაცები, ვისაც სახე აქვს, სახეს არ კარგავენ. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. მე მაინც მეძვირფასება ის ერთად გატარებული პერიოდი, ჩემს კოლეგებთან და მთავრობასთან ერთად, და, ბუნებრივია, მათ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - ასე გამოეხმაურა თავის მხრივ ღარიბაშვილის განცხადებებს ირაკლი ალასანია და პრემიერს მოუწოდა მეორედ მსგავსი რამ აღარ გააკეთოს, რადგან „ეს არასწორია ჩემს მიმართაც, ქვეყნის მიმართაც და თავისი კოლეგების მიმართაც“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

აქვე გეტყვით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია მხოლოდ დავით ზალკალიანს. თამარ ბერუჩაშვილმა და დავით ჯალაღანიამ პრემიერთან გასაუბრების შემდეგ თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტეს.

ვისურვებდი, რომ ეს მოვლენები ასე ფორსირებულად არ განვითარებულიყო. შეიძლებოდა თუ არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა ისე, რომ მას ამგვარი პოლიტიკური კატაკლიზმები არ მოჰყოლოდა? ...

„მე ვაგრძელებ ჩემს საქმეს, რომელსაც ჰქვია საქართველოს ევროპული მომავალი. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჰკითხეთ პრემიერს“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა 6 ნოემბერს.

თუმცა ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე თამარ ბერუჩაშვილი აცხადებდა, რომ მას „არ შეეძლო მიეღო წასვლის გარდა სხვა გადაწყვეტილება“, როდესაც ხედავდა, რომ „საქართველოს ევროპულ არჩევანს საფრთხე ემუქრებოდა“.

საზოგადოება ელოდა პარლამენტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილის პოზიციასაც. 6 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა, განსხვავებით ღარიბაშვილისგან, სინანულით შენიშნა, რომ მათ კოალიციაში აღარ მოუწევთ „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად საქმის კეთება, თუმცა გამოთქვა სურვილი, რომ თანამოაზრე, ლიბერალური ღირებულებების მქონე „თავისუფალ დემოკრატებთან“ პარლამენტის კედლებში თუ მის გარეთ თანამშრომლობა გაგრძელდეს:

„ვისურვებდი, რომ ეს მოვლენები ასე ფორსირებულად არ განვითარებულიყო. შეიძლებოდა თუ არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ჭეშმარიტების დადგენა ისე, რომ მას ამგვარი პოლიტიკური კატაკლიზმები არ მოჰყოლოდა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ყველა მხარე ძალიან აჩქარდა“.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ვენიდან თბილისში დაბრუნებულმა მარგველაშვილმა 5 ნოემბერს, გვიან, პარლამენტსაც მოუწოდა უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი:

„კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მე მივმართავ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნეს საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის პროცესის თაობაზე. ამ საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი. ასევე ვთხოვ პარლამენტს, რომ პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტისა და საქართველოს მოსახლეობისადმი“.

გიორგი მარგველაშვილს უკვე უპასუხა დავით უსუფაშვილმა და თქვა, რომ პრეზიდენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა გარკვეულ, კანონით დადგენილ, პროცედურებს უკავშირდება და ის დაელოდება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან დამატებით ინფორმაციას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის წერილობითი თხოვნა პარლამენტში გამოსვლის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში გაეგზავნება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხსა და პარლამენტს.

XS
SM
MD
LG