Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პური 8-10 თეთრით გაიაფდა


პურპროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა ”იფქლმა” და ”ქართომ” პური გააიაფეს. 7 თებერვლიდან მათ მიერ ნაწარმოებ ყველა ტიპის პურს მაღაზიებში 8-10 თეთრით ნაკლებ ფასად შეიძენთ. კომპანიების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პურის ფასის შემცირება ფქვილის ბაზრის გახსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის გააიაფებენ თუ არა პურს დანარჩენი მეწარმეებიც.

”იფქლის” დაჭრილი პური 90 თეთრი ღირდა, დღეს 80 ღირს; დაუჭრელი 80 ღირდა, ახლა 70 ღირს. დაჭრილმა უსაფუარო პურმა 5 თეთრით დაიკლო, შავმა პურმაც 10 თეთრით დაიკლო”.

თბილისში, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე მდებარე პატარა მაღაზიის გამყიდველის, ნანას მსგავსად, კომპანია ”იფქლის” პურის გაიაფების ფაქტი სხვა მაღაზიებშიც დაგვიდასტურეს.

” ‘იფქლი’ და ‘ქართო’ სხვადასხვანაირ პურს აწარმოებენ, ყველა მათგანზე ჩვენ ფასები დავწიეთ და პური გაიაფდა 8-10 თეთრით”, - გვითხრა ”იფქლისა” და მისი შვილობილი ”ქართოს” ხელმძღვანელმა ბაქარ ბაკურაძემ. პურის გაიაფების მიზეზი კი, მისი თქმით, ისაა, რომ პურის ფქვილის ბაზარი გაიხსნა:

”ადრე არ იყო ფქვილის შემოტანა ნებადართული იმავე რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან, მხოლოდ ადგილობრივ წისქვილში წარმოებული ფქვილის ყიდვა შეგვეძლო და, თანაც, საკმაოდ მაღალ ფასად. დაახლოებით ერთი თვის წინ ეს ბაზარი გაიხსნა და სხვადასხვა კომპანიებს დართეს ფქვილის შემოტანის ნებართვა. ამან კი ის გამოიწვია, რომ დაახლოებით-3-4 ლარით ფქვილის ფასმა იკლო. ამას გარდა, არც იმის შიში მექნება, რომ ვიღაცები შეიკრიბებიან და ფასს ხელოვნურად ან ასწევენ, ან დასწევენ. ვიცი, რომ, ხორბლის ფასიდან გამომდინარე, ფქვილის ფასიც სტაბილური იქნება”.

პური გაიაფდა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00
გადმოწერა


ჯერჯერობით პური არ გაუიაფებიათ პურის სხვა მწარმოებლებს. თბილისის პურის #4 ქარხნის დირექტორი, "პუ­რის მრეწ­ველ­თა კავ­ში­რის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ”იფქლმა” შესაძლოა პურის წონის კლების ხარჯზე დააკლო ფასი ( ამას „იფქლის“ ხელმძღვანელობა უარყოფს). მისი თქმით, ”იფქლი” ისედაც ყველაზე ძვირ პურს აწარმოებდა. რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, მალხაზ დოლიძის თქმით, ფქვილი არ გაიაფებულა:

”ფქვილი ჯერ არ გაიაფებულა, მაგრამ ტენდენცია არის, რადგან ნებართვა, რომ ბაზარზე სხვადასხვა ფქვილი შემოვიდეს, უკვე არსებობს. მაგრამ ჯერ ეს ბაზარზე არ ასახულა”.

მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ფქვილის შემოტანაზე აქამდე არსებული მონოპოლია აღარ იარსებებს და ფქვილი სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოვა. ეს პურის ფასზეც აისახება და მის ხარისხზეც:

”რვა წლის განმავლობაში ყველა კომპანია ერთი ხარისხის ფქვილს იღებდა. ასარჩევად საქმე არ გვქონდა ამ რვა წლის განმავლობაში. ხუთი წისქვილი იყო და ყველგან ფქვილს ჰქონდა ერთნაირი ფასი. ფასს კი კონკურენცია განსაზღვრავს და, თუ შემოვიდა მართლაც მასობრივად სხვადასხვაგვარი ფქვილი, სწორედ ეგ ფაქტორი განსაზღვრავს ფასსაც და ხარისხსაც”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG