Accessibility links

რუსეთი საქართველოს ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს


რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა „ღრმა გამყინვარებიდან“ გამოდის და არსებობს სავიზო რეჟიმის გაუქმების სამომავლო შესაძლებლობები – ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა ვიზების თემას მან ტერორიზმის თემაც დაუკავშირა და საქართველო - და, კერძოდ, პანკისის ხეობა -„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ თავშესაფრად დაასახელა. რა დგას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების მიღმა და როგორ რეაგირებს ქართულ მხარე?

აღდგა კონტაქტი ფიტოსანიტარიული და სანიტარიული საკითხებით დაკავებულ უწყებებს შორის, განახლდა ვაჭრობა სასმელებითა და სამრეწველო საქონლით, მიდის მოლაპარაკებები „გაზპრომის“ მიმართულებით... ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამარტივდეს ჰუმანიტარული კავშირები – ასე დახატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული და დათბობის გზით მიმავალი ურთიერთობები და სწორედ ამ ჭრილში წამოსწია პანკისის ხეობისა და ტერორიზმის თემაც.

„საქართველოს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ჩვენ იძულებული გავხდით გაგვეუქმებინა უვიზო რეჟიმი (საქართველოსთან) და, სხვათა შორის, ასევე – გაგვემკაცრებინა სავიზო რეჟიმი... და ეს დიდწილად იმის გამო გავაკეთეთ, რომ პანკისის ხეობიდან მომავალი ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა... სხათა შორის, ამჟამადაც მოდის ცნობები იმის შესახებ, რომ ამ ძნელადმისადგომ ტერიტორიას იყენებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები, რათა ივარჯიშონ, დაისვენონ და შეივსონ მარაგები… მაგრამ ბოლო დროს ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი ავსახეთ სავიზო რეჟიმის არსებით გამარტივებაში და, უფრო სწორად, გამარტივებული სავიზორეჟიმის შემოღებაში“, – თქვა სერგეი ლავროვმა სამშაბათს გამართულ (2015 წლის შემაჯამებელ) პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტმა მას საქართველოსთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვა. თუმცა რუსი მინისტრის კომენტარში ვლინდება ფაქტობრივი შეცდომა, რადგანაც რუსეთმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა 2001 წელს გაუუქმა და არა მას შემდეგ, რაც, 2008 წლის აგვისტოს ომის კვალდაკვალ, საქართველომ რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები გაუწყვიტა.

სერგეი ლავროვს აღარ დაუკონკრეტებია, ამ ლოგიკის გათვალისწინებით, მაშინ რატომღა გადაწყვიტა რუსეთმა გაემარტივებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუკი საქართველო კვლავაც რჩება ტერორისტების თავშესაფრად. მაგრამ ბრალდება ბრალდებად დარჩა. ლავროვის თქმით, სამომავლო პერსპექტივაში რუსეთი მზად არის საერთოდაც გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუმცა ამ საკითხის განხილვა „ცოტა უცნაური იქნებოდა“ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნებს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა.

„(რუსეთთან) დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მნიშვნელოვანი წინაპირობები აქვს“, – განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერგეი ლავროვის განცხადებების კვალდაკვალ და ამ წინაპირობებად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებების პატივისცემა დაასახელა. რაც შეეხება პანკისის ხეობასთან დაკავშირებულ ბრალდებას, პრემიერი კვირიკაშვილი ამას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნევს:

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

„იქიდან არის რამდენიმე ათეული ადამიანი წასული და იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე არის უმკაცრესი კონტროლი დაწესებული და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს. პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს და ამ კუთხით არსებული არხებით გვექნება დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე“.

წინა წლების მსგავსი განცხადებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს გიორგი გობრონიძეს არ უკვირს ის ფაქტი, რომ სერგეი ლავროვმა საქართველო კვლავაც ტერორისტების ხელშეწყობაში დაადანაშაულა, თუმცა, ექსპერტის აზრით, ამ ტიპის განცხადებები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, რადგანაც სერიოზული რისკებისა და საფრთხის შემცველია:

„რუსეთის ფედერაცია თავის უსაფრთხოების დოკუმენტებში ამბობს ხოლმე არცთუ იშვიათად, რომ მზად არის მესამე ქვეყანაში განახორციელოს სამხედრო ოპერაცია და წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს იქ არსებულ ტერორისტულ ბაზებს, თუკი ისინი საფრთხეს შეუქმნიან რუსეთის ფედერაციას... და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც რუსეთის ფედერაციამ სირიაში დაიწყო ოპერაცია, თითქოს იგი იქ ებრძვის ტერორისტებს, მაგრამ რეალურად ის იქ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასაცავად არის შესული“.

იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს არანაირი დადასტურებული ვარაუდი, რომ პანკისის ხეობას ტერორისტები თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ და, ამასთან,საქართველო გლობალურ ტერორიზმთან მებრძოლთა მოწინავე რიგებშია, გიორგი გობრონიძე არ გამორიცხავს პროვოკაციებს რუსეთის მხრიდან. ამ მხრივ სიფრთხილე გვმართებსო, ამბობს ექსპერტი ჩვენთან საუბრისას.

სამომავლო საფრთხეებსა და მოსალოდნელ პროვოკაციებზე ლაპარაკობს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძეც და, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რუსეთმა შესაძლოა გაააქტიუროს აგენტურული ქსელი საქართველოში, რათა მათი დახმარებით შექმნას რეალური საფუძველი ახალი ზრახვების ხორცშესასხმელად და საქართველოს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ცენტრის განსათავსებლად, რაცდიდი ხანია, მიზნად აქვს დასახული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG