Accessibility links

logo-print

ყირიმი: რუსეთის ხელისუფლება რადიო თავისუფლებას ავიწროებს


რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ვებსაიტის წინააღმდეგ, რომელიც ყირიმის მოვლენებს აშუქებს, ფართო გამოხმაურება და საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. აშშ-მა მოსკოვის ამ პოლიტიკას უწოდა „რუსეთის მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელი ხმების მზარდი შევიწროება“ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე.

ყირიმის ხელისუფლებამ, რომელსაც მოსკოვი უმაგრებს ზურგს, კვლავ გაილაშქრა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ვებსაიტის, Krym.Realii-ს წინააღმდეგ.

19 აპრილს ყირიმის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა, ნატალია პოკლონსკაიამ განცხადა, რომ მის უწყებას გადაწყვეტილი აქვს, სთხოვოს რუსეთის პროკურორებს, რომ სამუდამოდ დაბლოკონ ვებსაიტის წვდომა.

პოკლონსკაიამ Krym.Realii-ს ბრალად დასდო, რომ ის აქვეყნებს „ყირიმში საბოტაჟის, ექსტრემიზმისა და სამთავრობო უწყებების მიმართ დაუსრულებელი ცილისწამების“ გამამართლებელ მასალებს.

ვებსაიტი Krym.Realii მასალებს აქვეყნებს რუსულ, უკრაინულ და თათრულ ენებზე.

მიკოლა სემენა

მიკოლა სემენა

პოკლონსკაიას ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი ყირიმის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ადგილობრივი ჟურნალისტის, მიკოლა სემენას წინააღმდეგ, რომელის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მუშაობდა. ჟურნალისტს აეკრძალა ყირიმიდან გამგზავრება. რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გენერალური პროკურატურის განმარტებით, მიკოლა სემენას ბრალად ედება „მასმედიის საშუალებით მოწოდება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ“. სემენას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დანაშაულად აცხადებს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ეს ეხება ოკუპაციის გაკრიტიკებასაც.

21 აპრილს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სემენასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჟურნალისტს, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის მუშაობს, არ ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაცია. ვიმეორებ - ასეთი აკრედიტაცია სავალდებულოა უცხოური მასმედიისთვის სამუშაოდ.“

მაგრამ საქმე რომ მხოლოდ აკრედიტაციას არ ეხება და რომ ვითარება დასავლური მედიის მიმართ მოსკოვის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების კონტექსტშია განსახილველი, ამაზე მეტყველებს იმავე ზახაროვას მომდევნო განცხადება. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ თუკი სხვა ქვეყნები შეეცდებიან, დააბრკოლონ მათ ტერიტორიებზე რუსეთის ჟურნალისტების მუშაობას, მოსკოვი მკაცრ ზომებს მიიღებს:

„ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ამას ჩვენ გავაკეთებთ საიმისოდ, რათა შესაბამისი სახელმწიფოების ხელისუფლებებსაც და საერთაშორისო საექსპერტო-ჟურნალისტურ თანამეგობრობასაც ესმოდეთ, რომ ჩვენების ხელის ხლება არ შეიძლება. და თუკი მათ ხელს ახლებთ, თქვენი მისამართით საპასუხო ზომებს მიიღებთ“.

აშშ-მა და მედიის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ყირიმის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია.

„აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია ყირიმში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მზარდი შევიწროების გამო“, აღნიშნა 20 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში უკრაინაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ჯონათან ლელიმ.

სემენას მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და მათი ერთადერთი მიზანია, ჩააჩუმოს დამოუკიდებელი ხმები და განსხვავებული აზრი... ჟურნალისტთა თავისუფლად მუშაობის წინააღმდეგ მუქარა არცერთმა მთავრობამ არ უნდა გამოთქვას და არც შეეგუოს მას...

სემენას წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა ეუთომაც. „ეს დაკავება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ყირიმში ჟურნალისტების თვითნებური ჩაჩუმების პრაქტიკა“, თქვა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა.

მაუწყებლობის მმართველთა საბჭომ, აშშ-ის საერთაშორისო სამოქალაქო მაუწყებლობის სამეთვალყურეო უწყებამ, დაგმო, მისი თქმით, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

„სემენას მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა და მათი ერთადერთი მიზანია, ჩააჩუმოს დამოუკიდებელი ხმები და განსხვავებული აზრი... ჟურნალისტთა თავისუფლად მუშაობის წინააღმდეგ მუქარა არცერთმა მთავრობამ არ უნდა გამოთქვას და არც შეეგუოს მას“, განაცხადა მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს დირექტორმა ჯონ ლანსინგმა.

„ჟურნალისტობა არ არის დანაშაული“, წერს საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ჯეფ შელი. „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისა და ყველა სხვა მედიასაშუალების რეპორტიორებს უნდა მიეცეთ ნება, იმუშაონ ყირიმში შევიწროებისა და დაპატიმრების საფრთხის გარეშე“.

როგორც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მთავარმა რედაქტორმა, ნენად პეიჩმა განცხადა მომხდართან დაკავშირებით, რუსეთსა და ყირიმში მის თანამშრომლებზე თავდასხმებმა რეგულარული ხასიათი მიიღო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG