Accessibility links

logo-print

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაწყებული სასამართლო დავა ოთხ გამომცემლობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს სასარგებლოდ დაასრულა. გამომცემლობები იმ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც მათ სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად მიადგათ. განათლების ყოფილი მინისტრისა და ამჟამად საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, უკვე მეორე წელია გამომცემლობებს ჩამოერთვათ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გამოცემის უფლება. წიგნებს, სახელმწიფოს დაკვეთით, ერთი „გაერთიანებული ქართული სტამბა“ ბეჭდავს და საჯარო სკოლების მოსწავლეებს უფასოდ ურიგდებათ. რა ბედი ელის ქართული გამომცემლობების ნაწილს და რას აპირებენ ისინი?

გამომცემლობები „ ინტელექტი“, „დიოგენე“, „არტანუჯი“ და „ლოგოს პრესი“ თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. სარჩელის მიხედვით, რომლითაც მათ სასამართლოს მიმართეს, განათლების სამინისტრომ, რომელმაც საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება მათ მფლობელობაში არსებული საავტორო უფლებების მითვისებით გადაწყვიტა, გამომცემლობებს სოლიდური ზიანი მიაყენა. გადაწყვეტილების შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა, საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 8 აპრილს განაცხადა. საავტორო უფლებების აღდგენისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხზე დაწყებულმა დავამ ცხრა თვეს გასტანა, ამასობაში კი გამომცემლობები დახურვის პირას მივიდნენ.

თამარ ლებანიძე გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორია. დღეს მას გამომცემლობაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე საუბარი უჭირს.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე წელზე გათვლილი ამბიციური პროექტები, რომლებსაც სწორედ სახელმძღვანელოების დაბეჭდვიდან მიღებული თანხებით წარმატებით ვახორციელებდით, დღეს კი უმძიმეს ფინანსურ პრობლემებს ვეღარ ვუმკლავდებით“, - გვეუბნება თამარი. - „ჩვენ ის, რაც დავიწყეთ ორი წლის წინ, სამი წლის წინ, ზოგი პროექტი დაწყებულია ოთხი წლის წინ, აი ეს ვალდებულებები გვაწევს ზურგზე და ეს ვალდებულებები გასასტუმრებელია. არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც შემდეგ უარეს ფინანსურ სანქციებს გაკისრებს. აი ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ძალიან გვირთულებს ფინანსურ მდგომარეობას. ერთი ან ორი წელი რომ ეცლიათ ჩვენთვის, ან გარდამავალი პერიოდი მოეცათ და ჩვენ გვქონოდა შესაძლებლობა, რომ ჩვენს გეგმებში კორექტივები შეგვეტანა, სხვანაირად მოვიქცეოდით. ეს იყო აბსოლუტური შოკი ჩვენთვის“.

თუკი მხატვრულ ლიტერატურაზე ძალიან დიდ ფასდაკლებებს გავაკეთებთ, თუ საწყობებს გავყიდით, თუ წიგნის მაღაზიას გავყიდით, თუკი სტამბის დანადგარებს გავყიდით, შეიძლება გადავრჩეთ ერთი-ორი წლით. მაგრამ მგონია, რომ აქამდე არ მივა საქმე, რადგან ჩვენ ეს პროცესი უნდა მოვიგოთ...

კახმეგ კუდავა, გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი, ფიქრობს, რომ მისი გამომცემლობა მომდევნო ერთი წლის მანძილზე მოახერხებს თავის გატანას, თუმცა რა იქნება შემდეგ, არ იცის. მისი თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ გამომცემლობებთან არავითარი წინასწარი მოლაპარაკებები არ უწარმოებია, არ შეუსწავლია ის საფრთხეები, რომლებიც სამინისტროს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა:

„თუკი მხატვრულ ლიტერატურაზე ძალიან დიდ ფასდაკლებებს გავაკეთებთ, თუ საწყობებს გავყიდით, თუ წიგნის მაღაზიას გავყიდით, თუკი სტამბის დანადგარებს გავყიდით, შეიძლება გადავრჩეთ ერთი-ორი წლით. მაგრამ მგონია, რომ აქამდე არ მივა საქმე, რადგან ჩვენ ეს პროცესი უნდა მოვიგოთ და უნდა მივიღოთ იმ ზარალის ანაზღაურება, რასაც მოვითხოვთ“, - ამბობს კახმეგ კუდავა.

ოთხი გამომცემლობის საერთო ზარალი კი, კახმეგ კუდავას თქმით, 15 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ის განგვიმარტავს, ზარალის რაოდენობა მათი პირადი შეხედულებებით არ გამოთვლილა, გამომცემლობებმა ზარალის დასათვლელად საერთაშორისო აუდიტი მოიწვიეს. ზარალი გაიყო ორ ნაწილად: პირველი - უკვე დამდგარი ზარალი და მეორე - მოსალოდნელი.

„ჩვენ გვქონდა გრიფირებული სახელმძღვანელოების შესახებ ექვსწლიანი ხელშეკრულება. შესაბამისად, ეს 15 მილიონი გაანგარიშებულია იმაზე, თუ რა ზარალი მიადგება ამ ოთხ გამომცემლობას ექვსი წლის მანძილზე“, - ამბობს კახმეგ კუდავა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ გამომცემლობებს, გარდა იმისა, რომ, მათი შეფასებით, მთავრობამ მათი ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა მოახდინა და დაასუსტა საგამომცემლო ბიზნესი.

ეს საბჭოთადროინდელ გაკულაკებას ჰგავს. მე, სახელმწიფომ, დავადგინე რაღაც თამაშის წესები - არათუ პარლამენტმა დაადგინა ან მთავრობამ, არა - და მერე ეს უკანონო წესი კიდევ უფრო უკანონოდ განვახორციელე. ეს არის ჩვენი დავის საგანი...

გამომცემლობათა ინტერესების ერთ-ერთი დამცველი სასამართლოში გიორგი ბათლიძეა. ის გვიხსნის, რომ განათლების სამინიტროს არც საავტორო უფლებების დამცავი ნორმებიდან გამომდინარე და, მით უფრო, არც ადმინისტრაციული სამართლის განაწესებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა უფლება გამომცემლების ნებართვის გარეშე გამოეყენებინა მათი ინტელექტუალური საკუთრება მათთვის სათანადო ანაზღაურების გარეშე. ის გვეუბნება, რომ გამომცემლობებმა სახელმწიფოსგან მიზერული კომპენსაცია, წიგნის ბეჭვდის საფასურის 10 % მიიღეს. გიორგი ბათლიძის სიტყვებით, სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძვლად იქცა ის საკანონმდებლო აქტი, რომლის ძალითაც გამომცემლებს საკუთრების უფლება შეეზღუდათ. საქმე ეხება განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, 2010 წლის 25 თებერვალს გამოცემულ ბრძანებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების წესის შესახებ. ამ აქტის მიხედვით, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ აამოქმედა, სახელმწიფო, სურვილის შემთხვევაში, გამომცემლობათა ნების მიუხედავად, მათი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი ხდება.

„ძალიან კომპლექსური მსჯელობა შეიძლება წარიმართოს იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს სხვისი საკუთრება ისე, რომ მას სათანადო და სამართლიანი კომპენსაციის ანაზღაურების მიღების უფლება შეუზღუდოს და გადასცეს სხვას. ეს საბჭოთადროინდელ გაკულაკებას ჰგავს. მე, სახელმწიფომ, დავადგინე რაღაც თამაშის წესები - არათუ პარლამენტმა დაადგინა ან მთავრობამ, არა - და მერე ეს უკანონო წესი კიდევ უფრო უკანონოდ განვახორციელე. ეს არის ჩვენი დავის საგანი. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამომცემლობებს ეყოფათ ძალა და შემართება, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს“, - ამბობს გიორგი ბათლიძე.

გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი კახმეგ კუდავა ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულება გამომცემლობებისადმი ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკასაც. მისი თქმით, მაშინ როცა 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით უნდა წარდგეს, ქართულ საგამომცემლო ბიზნესს სრული ფიასკო ელის. მისი სიტყვებით, ქართული საგამომცემლო ბიზნესი იძირება.

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც უწყების წარმომადგენელმა ირაკლი კოპალიანმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მედიასთან საუბრისას თქვა, მას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. თავის მხრივ, ოთხი გამომცემლობა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, გამომცემლობები ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.

XS
SM
MD
LG