Accessibility links

ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმად, უფასო სარეკლამო დრო 5-ის ნაცვლად 11 პარტიაზე უნდა გადანაწილდეს. ინტერპარტიული ჯგუფის წევრები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს სარჩელს და მისი არსებითი განხილვის დაწყებამდე შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას.

საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში სამი პოლიტიკური პარტიის - ლეიბორისტული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით შევიდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, სარჩელის წარდგენამდე მედიასთან გამოთქვა იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწრაფად იმოქმედებს და პარტიას ამომრჩევლისთვის თავისი საარჩევნო მესიჯების სრულფასოვნად გადაცემის საშუალებას მისცემს:

“მსგავსი უპრეცედენტო, აშკარა ყაჩაღობა საკანონმდებლო დონეზე, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ ყაჩაღობრივი არსისა, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი არ გაუკეთებია არჩევნებამდე ორი თვით ადრე. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ დაგვიბრუნდება უფასო საეთერო დრო, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრათ, რას ვპირდებით წინასაარჩევნოდ“.

ორგანული კანონის მიღებას სჭირდება 76 ხმა და ეს 76 ხმა იყო პარლამენტში. რაც შეეხება უშუალოდ კანონი კონსტიტუციური არის თუ არა, ჩვენ ვთქვით, რომ არის, მაგრამ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც განიხილავს მათ სარჩელს და იტყვის საბოლოო სიტყვას...

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ის კანონპროექტი, რომელიც უფასო სარეკლამო დროით მოსარგებლე სუბიექტების რაოდენობას 5-დან 11-მდე ზრდის, 22 ივნისს დაამტკიცა. ინტერპარტიული ჯგუფის თხოვნისა და მოლოდინის მიუხედავად, პრეზიდენტმა კანონს ვეტო არ დაადო. შესაბამისად, ძალაში შევიდა ნორმა, რომელიც აწესებს, რომ უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებენ კვალიფიციური სუბიექტები, მათ შორის, საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია. ძველი ნორმით, უფასო სარეკლამო დროის უფლებით ბლოკში პირველ ნომრად შემავალი პარტიები სარგებლობდნენ მხოლოდ. სარჩელის ერთ-ერთი ხელისმომწერი პარტიის, ლეიბორისტული პარტიის, თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალ წესს კანონიერი სარეკლამო დროის წართმევად მიიჩნევს:

“გაიხედ-გამოიხედეს და მოინდომეს ჩვენი სარეკლამო დროის წაღება მზამზარეულად. და ასეთი პარტიები არიან კონსერვატორები, რესპუბლიკელები, მრეწველები, „ეროვნული ფორუმი“. და მე პირდაპირ ვუწოდებ მათ არცთუ მთლად ზნეობრივებს“.

მოსარჩელეთა დამოკიდებულებას არ ეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ საარჩევნო კოდექსში უფასო სარეკლამო დროის ახლებურად განაწილების რეგულაციის ინიციატორად დასახელებული რესპუბლიკური პარტია. დეპუტატ თამარ კორძაიასთვის არც კანონის კონსტიტუციურობაა სადავო:

“ორგანული კანონის მიღებას სჭირდება 76 ხმა და ეს 76 ხმა იყო პარლამენტში. რაც შეეხება უშუალოდ კანონი კონსტიტუციური არის თუ არა, ჩვენ ვთქვით, რომ არის, მაგრამ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც განიხილავს მათ სარჩელს და იტყვის საბოლოო სიტყვას“.

ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი პარტიები კი საკანონმდებლო ცვლილებას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მდგომარეობის გაუარესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ და კონსტიტუციის დარღვევაზეც ცალსახად მიუთითებენ. „სამოქალაქო ალიანსი - თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ იურისტები სამი მუხლის დარღვევაზე თანხმდებიან:

“ეს არის მეთოთხმეტე, ორმოცდამეცხრე და ოცდამერვე მუხლი. ახლა ამის დეტალებში რომ წავიდეთ, ეს ცოტა რთული ტექნიკური საკითხია, მაგრამ ეს არის ძირითადად ის, რომ ამომრჩეველს უუარესდება საარჩევნო შესაძლებლობები, რითაც თანაბარი საარჩევნო გარემო ირღვევა“.

თანაბარი საარჩევნო გარემო უზრუნველყოფილი ვერ იქნება პარტიების იმგვარად გათანაბრებით, როგორსაც ახალი რეგულაცია ითვალისწინებს - ასე ფიქრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“. მისი წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი, ამბობს, რომ არ არის სამართლიანი თანაბარი საეთერო დროით სარგებლობის უფლება ჰქონდეთ, მაგალითად, პარტიებს, რომლებმაც 3 პროცენტი გადალახეს და პარტიებს, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტი მიიღეს. მისი აზრით, უფასო სარეკლამო დროის გამოყენებისას ინდივიდუალურად მონაწილე პარტიები, ბლოკში მონაწილე პარტიებთან შედარებით, უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ, თუმცა კანონი სხვაგვარად განსაზღვრავს:

ლევან ნატროშვილი

ლევან ნატროშვილი

“3 პროცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში და 4-პროცენტიანი ბარიერი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში - ამ შემთხვევაში ეძლევათ პარტიებს ისარგებლონ უფასო პოლიტიკური რეკლამის დროით. თუმცა ეს დრო არის შეზღუდული რაოდენობის, რა თქმა უნდა, და გადანაწილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნუ, ამ მდგომარეობით 11 სუბიექტი არსებობს. შესაბამისად, თითქმის გაუნახევრდათ საეთერო დრო პოლიტიკურ პარტიებს და ძირითადად დაზარალდნენ ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები - სამი პოლიტიკური პარტია“.

ანუ საათში ხუთი წუთი საზოგადოებრივ მაუწყებელში, აჭარის ტელევიზიაში და ორ-ნახევარი წუთი კერძო ტელეკომპანიებში, „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსის“, ლეიბორისტული პარტიისა და „გაერთიანებული დემოკრატების“ გარდა, უნდა განაწილდეს ასევე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ ბლოკში მყოფ ხუთ და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფ „ქრისტიან-კონსერვატიულ“ პარტიაზე.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოქმედი ნორმის შეჩერებას ვერ შეძლებს:

“ორგანულ კანონში წერია ეს პირდაპირ, რომ როდესაც საარჩევნო კამპანია ინიშნება, ნუ, იწყება, ერთი თვით ადრე სარჩელები, რომლებიც ეხება არჩევნებს და არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, ასეთი სარჩელები არ განიხილება. ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყების დროს უკვე არჩევნების მომწესრიგებელი კანონების კონსტიტუციურობის საკითხები აღარ განიხილება, ვიდრე არ დასრულდება საარჩევნო პროცესი“.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ არგუმენტები საკონსტიტუციო სარჩელის წარმოებაში მისაღებად საკმარისზე მეტია და იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პროცესის ზედმეტი კონფრონტაციულობა თავიდან იქნეს არიდებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG