Accessibility links

logo-print

კოალიცია “ევროატლანტიკური საქართველოსთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაასაჯაროოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტი, რათა სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც დაინტერესებულია ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობით, საშუალება მიეცეს გაეცნოს დოკუმენტს, იმსჯელოს და, საჭიროებისამებრ, წარმოადგინოს რეკომენდაციები მის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა თავად შეთანხმებითაა განსაზღვრული.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის სამუშაო ვერსია ბრიუსელიდან თბილისში უკვე ჩამოსულია. დღის წესრიგის საბოლოო ვერსიის დამტკიცებამდე არასამთავრობო სექტორი, უფრო ზუსტად, კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოს“ წევრები საქართველოს მთავრობას დოკუმენტის გასაჯაროებას სთხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის შინაარსზე უნდა იზრუნონ არა მხოლოდ საჯარო მოხელეებმა, არამედ ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარე. ასე ფიქრობს კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი:

გიორგი ონიანი

გიორგი ონიანი

„კოალიციის მიზანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან უფრო კონსოლიდირებულად და უფრო ძლიერად ისმოდეს ხმა საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულებით ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სათქმელი ვთქვათ, ჩვენ გვინდა, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ და ეს მოხდება სხვადასხვა გზით, არა მხოლოდ რაღაც კონკრეტულ თემებზე გამოხმაურებით, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არამედ, ზოგადად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ნამდვილად დიდი რესურსი გააჩნია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და ქვეყანას დაეხმაროს“.

2014 წელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მხარეებმა შეიმუშავეს მრავალ წელზე გათვლილი შეთანხმების პირველ სამ წელიწადში (2014-2016 წწ.) განსახორციელებელი დღის წესრიგი. ვანო ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, რადიო თავისუფლებასთან იმ გამოცდილებაზე ლაპარაკობს, რომელიც 2014-2016 წლების დღის წესრიგის განხორციელებისას დაგროვდა და მიუთითებს იმ ნაკლოვანებებსა თუ პოზიტიურ მიმართულებებზე, რომლითაც დასასრულს მიახლოებული დღის წესრიგი შეიძლება დახასიათდეს. პირველ რიგში, ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ 2014-2016 წლების დღის წესრიგს ზოგადი ხასიათი ჰქონდა და, შესაბამისად, ჭირდა იმის გაზომვა, თუ რამდენად მიაღწია სახელმწიფომ პროგრესს ამა თუ იმ მიმართულებით. თუმცა ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მაინც ჩამოთვლის რამდენიმე მიმართულებას, რომლებიც, მისი აზრით, პოზიტიურად შეიძლება დახასიათდეს და იქვე საუბრობს იმაზეც, რაც საქართველოს მთავრობამ დღის წესრიგით გათვალისწინებული გეგმით ვერ შეასრულა:

„მაგალითად, ეს არის ბავშვთა უფლებების სფერო, მართლმსაჯულების სფერო, სადაც ძალიან დიდი პრობლემები იჩენს თავს და, ასევე, თანასწორობის სფერო, აქაც საკმაოდ დიდი პრობლემები არსებობს. რაც შეეხება პოზიტიურ მიმართულებებს, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა არასწორი მოპყრობისა და წამების წინააღმდეგ; გარკვეული პროგრესი, თუმცა, მაინც ფასადური, განხორციელდა შრომის სტანდარტების კუთხით. ასევე აღსანიშნავია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, რაც ჩადებული იყო ასოცირების დღის წესრიგში“.

შეიძლება ჩვენ ძალიან მაღლა ვწევთ ჩვენი მთავრობის გამჭვირვალობის თამასას, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ჩვენი მთავრობაც მზად არის ასეთი თანამშრომლობისთვის და მაინც ჩავთვალეთ, რომ შეიძლება მათ მართლაც გახსნან ეს დოკუმენტი და ამით არაფერი არ დაშავდება...

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ იმ მზაობაზეც, რომელსაც საქართველოს მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებასთან საურთიერთოდ იჩენს. მათი თქმით, ერთი მხრივ, ამას მოწმობს სამწლიანი დღის წესრიგის ფარგლებში ყოველწლიური თანამშრომლობა და, მეორეს მხრივ, შეხვედრები, რომლებიც პერიოდულად იმართება მხარეებს შორის. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ახალი დღის წესრიგის განხილვის მიზნით, აგვისტოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან გაიმართა. სტრატეგიული კვლევების რეგიონალური ცენტრის დირექტორი მიხეილ მირზაშვილი ამ შეხვედრას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნაყოფიერად მიიჩნევს:

„შეიძლება ჩვენ ძალიან მაღლა ვწევთ ჩვენი მთავრობის გამჭვირვალობის თამასას, მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ჩვენი მთავრობაც მზად არის ასეთი თანამშრომლობისთვის და მაინც ჩავთვალეთ, რომ შეიძლება მათ მართლაც გახსნან ეს დოკუმენტი და ამით არაფერი არ დაშავდება“.

როგორც კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოს“ წევრები ამბობენ, მათი მიზანია, ის საკითხები, რომლებიც 2014-2016 წლებში ვერ შესრულდა, ავტომატურად გადავიდეს მომდევნო, 2017-2019 წლების დღის წესრიგში. გარდა ამისა, ვანო ჩხიკვაძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილია ე.წ. ჩრდილოვანი დღის წესრიგი, სადაც განსაკუთრებითაა აქცენტირებული მართლმსაჯულებისა და პროკურატურის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ, მათ შორის, ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ დოკუმენტშივეა საუბარია შრომითი უფლებების გაუმჯობესებასა და პროფკავშირების მუშაობაზე, ბავშვთა უფლებებზე, არჩევნებსა და მედიაზე.

რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის სამუშაო ვარიანტის გასაჯაროებას, როგორც ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, მათი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა მიიღოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG