Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო კოდექსი მეტი ლიბერალიზაციის მოლოდინში


საგადასახადო კოდექსის ცვლილებების განხილვა.
საგადასახადო კოდექსის ცვლილებების განხილვა.
გასული წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეცნობიან. მათი თქმით, მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, კოდექსი კვლავაც საჭიროებს რეფორმირებას. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, რომ საგადასახადო კოდექსში კვლავაც შევიდეს მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული. რა მოთხოვნები აქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და საგადასახადო კოდექსში შეტანილი რომელი ცვლილებაა, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი?

შალვა შარმანაშვილი თხუთმეტი წელია ღვინის ბიზნესით არის დაკავებული. თავდაპირველად ბიზნესი ფიზიკური პირის სტატუსით დაიწყო, მოგვიანებით კი შპს ”თბილისის ღვინის მარანში” ფინანსურ მენეჯერად გადაინაცვლა. ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ კვლავაც რჩება საკითხები, რომლებიც აუცილებელ რეაგირებას საჭიროებს:

”კარგია ის, რომ მოხდა ერთჯერადი ჯარიმების შემცირება; კარგია, რომ აღარ არის 10 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ხერხემალს უნგრევდა ნებისმიერ მწარმოებელს, მაგრამ ჩვენ მაინც უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს. მწარმოებლებს განსაკუთრებით გვაწუხებს დანაკარგების თემა. მაგალითად, ღვინის წარმოებაში ძალიან ბევრია დანაკარგი, - ბოთლის მტვრევა, საცობის დაზიანება და ა.შ., - რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა განიხილავს როგორც მიწოდებას და გვიბეგრავს გადასახადებით და, მეტიც, მოგებითაც კი - დღგ-თი, აქციზით და მოგებით, რაც მიუღებელია. უკვე წლებია ეს პრობლემა ღიად რჩება”.
ცვლილებები იგეგმება ჯარიმების კუთხით. მოხდება ჯარიმების შესაბამისი ოდენობის განსაზღვრა. მაგალითისთვს ვიტყვით, რომ კანონმდებლობაში არსებული ნორმა ”სხვა ჯარიმები” შეიცვლება ...
ლაშა ხუციშვილი

შალვა შარმანაშვილი საკუთარ წინადადებებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში წერილობითი ფორმით გააცნობს. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც 2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა, მათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ეტაპობრივად აცნობენ. საქართველოს საგადასახადო კოდექსში სულ 16 სახის ცვლილება შევიდა. მათ შორისაა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის დადგენილი ჯარიმის 500-დან 200 ლარამდე შემცირება. უნდა ითქვას ისიც, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ერთწლიანი ვადა გაიზარდა და გახდა 3 წელი; გარდა ამისა, სასაქონლო ზედნადების გარეშე საქმიანობის პირველად გამოვლენისას პირი, 1000-ის ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმდება, დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დაწესებული სანქციის მინიმალური ოდენობა კი, 200 ლარის ნაცვლად, 50 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია კიდევ ერთი ცვლილება: ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების გამო კეთილსინდისიერი გადამხდელის ჯარიმისგან განთავისუფლების უფლების გამოყენება არ იზღუდება. ლაშა ხუციშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი, აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული საგადასახადო კოდექსში კვლავაც შევიდეს გარკვეული ცვლილებები:

”ცვლილებები იგეგმება ჯარიმების კუთხით. მოხდება ჯარიმების შესაბამისი ოდენობის განსაზღვრა. მაგალითისთვს ვიტყვით, რომ კანონმდებლობაში არსებული ნორმა ”სხვა ჯარიმები” შეიცვლება და დაკონკრეტდება რომელ კონკრეტულ ჯარიმაზეა საუბარი და ასეთი ზოგადი ნორმები და ორაზროვანი ჩანაწერები მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი და გასწორებული”.
დავის დასრულებამდე არ მოხდება მეწარმეთა სისხლისსამართლებრივი დევნა დ არ მოხდება ქონების აუქციონზე გატანა და იძულების წესით ამ თანხების ამოღება ...
კახა კოხრეიძე

კახა კოხრეიძე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი, ამბობს, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია ბიზნესმენებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაგრძელება, რათა კერძო სექტორმა მოახერხოს შესაბამის ორგანოებამდე მეტი ინფორმაცია და მეტი კონკრეტული პრობლემა მიიტანოს, რომელიც მომავალში რეკომენდაციების სახეს მიიღებს. კახა კოხრეიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, მათ შორის, ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით, ის მაინც ერთ განსაკუთრებულ ცვლილებას გამოყოფს, რომელიც, მისი სიტყვებით, ყველაზე ღირებული შენაძენი იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე ბიზნესით დაკავებული ადამიანების უფლებებისათვის. კახა კოხრეიძე საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლში შეტანილ ცვლილებას გულისხმობს:

”დავის დასრულებამდე არ მოხდება მეწარმეთა სისხლისსამართლებრივი დევნა დ არ მოხდება ქონების აუქციონზე გატანა და იძულების წესით ამ თანხების ამოღება. აქამდე, პირველი ინსტანციის სასამართლო მიიღებდა თუ არა გადაწყვეტილებას, მაშინვე იწყებოდა შემოსავლების სამსახურის მხრიდან მოქმედება. დღეს მეწარმე თუ გადაწყვეტს, რომ ბოლომდე უნდა გააგრძელოს თავისი ინტერესების დაცვა და გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში, აღსრულების პროცესი შეჩერებულად ითვლება”, - ამბობს კახა კოხრეიძე.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა საგადასახადო კომიტეტი, რომლის მიზანიცაა ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დამოუკიდებელი მედიატორის როლის შესრულება. კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ჭელიძის თქმით, კომიტეტში თავს მოიყრის მეწარმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დამუშავდება და გაეგზავნება როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას:

”ვმუშაობთ ღია კარის პრინციპით. ნებისმიერ კომპანიას, მეწარმეს თუ ფიზიკურ პირს შეუძლია მოგვმართოს და თავისი პრობლემა თუ ინიციატივა გაგვაცნოს. ჩვენი მთავარი მისიაა, რომ ნებისმიერი მეწარმისთვის გავხადოთ კანონმდებლობა გასაგები და, შესაბამისად, ეს კანონმდებლობა იყოს მათზე მორგებული”, - ამბობს მიხეილ ჭელიძე.
XS
SM
MD
LG