Accessibility links

logo-print

მოვლენებით მდიდარი ღარიბაშვილის კვირა


ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამართული პირველი პრესკონფერენცია, რომელზეც ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა ვრცლად ილაპარაკა საქართველოს საგარეო კურსზე, პროკურატურაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და ოპოზიციის ლიდერთა სამართლებრივ დევნაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თითიდან გამოწოვილია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან არასანქცირებული გაყვანის ბრალდება, რასაც თავად მერაბიშვილი და მისი დაცვა ამტკიცებს:

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ბინძური კამპანია ფარცხალაძის წინააღმდეგ. არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება. ის კარგად ზის და კარგად იჯდება“.
პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი კარგად ზის და კარგად იჯდება. მე, როგორც ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ საქმეზე, რა უნდა ვიფიქრო, როცა პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად განაჩენი გამოაცხადა...

ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებამ ოპოზიციის ლიდერთა აღშფოთება გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და სააკაშვილის მთავრობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა აღნიშნული კომენტარით აღიარა ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების არსებობა:

„პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი კარგად ზის და კარგად იჯდება. მე, როგორც ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილთან ერთად ერთ საქმეზე, რა უნდა ვიფიქრო, როცა პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად განაჩენი გამოაცხადა. მინდა საზოგადოებას დავუსვა კითხვა, უნდა მქონდეს თუ არა იმედი, რომ ამ ქვეყანაში იცავენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და რა განაჩენს უნდა ველოდე ქუთაისის სასამართლოში? ეს არის მარტივი კითხვა, რომელზეც პასუხი ყველამ ძალიან კარგად იცის: ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება“.

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტრომ, რომლის მიხედვითაც, საპყრობილეში გაკეთებული ჩანაწერები ავტომატურ რეჟიმში 24 საათში წაშლილა:

„2013 წლის 17 დეკემბერს, ივანე მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის. შემოწმდა სასჯელაღსრულების N 9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ. ამდენად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, ივანე მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა“.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ დასკვნამ ვერ დააკმაყოფილა სამოქალაქო სექტორი, რომლის გავლენიანი ნაწილი დაჟინებით მოითხოვს მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას. ამასთან დაკავშირებით 17 იანვარს ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სახელით განცხადებას ხელი ეკა გიგაურმა, ხოლო „სამართლიანი არჩევნების“ სახელით ნინო ლომჯარიამ მოაწერა.

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

„საზოგადოების ინტერესი თავის დროზე და ახლაც არის ძალიან დიდი, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რაზეც საუბრობს ბატონი მერაბიშვილი. თავის დროზე არ დაგვიჯერეს და ახლა კი საუბარი არის იმაზე, არსებობს თუ არა ეს კადრები და ჩანაწერები“, – განაცხადა ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ კი შენიშნა:

„რა გარემოებაა ის, რომ მე დამარწმუნებს, რომ ნამდვილად მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ინახება საპყრობილეში გადაღებული მასალა და შემდეგ იშლება? ამ საკითხთან დაკავშირებთი სანდო და უტყუარი მტკიცებულებები ამ დასკვნაში ვერ დავინახეთ. პირიქით, გაგვიჩნდა უფრო მეტი კითხვა“.

გასულ კვირაში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და იუსტიციის სამინისტრომ საჯარო გახადეს მთავრობასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებული შეთანხმების მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა უარი თქვა ტელეკომპანია „იმედსა“ და ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ 400 მილიონდოლარიან სარჩელზე, რის სანაცვლოდაც მთავრობამ პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნა 17 საწარმოს აქტივები. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, დოკუმენტის შინაარსი იმაზე მეტყველებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო ბიზნესი წინა ხელისუფლების დროს:

„ეს იყო ბიზნესზე სამაგალითო ზეწოლა და რეალურად ის მოდელი, რომლითაც ებრძოდა ბიზნესს ნაციონალების ხელისუფლება“.
მმართველ გუნდს ეტყობა ზამთარში გრიპის ვირუსთან ერთად შეეყარა ამნეზია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობას ახსოვს 2010-2011 წლები, როცა მთელი ოპოზიცია ვითხოვდით 50%-ს. დღითი დღე „ქართული ოცნება“ ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას...

გასულ კვირაში საქართველოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი სტუმრობდა. ჯანი ბუკიკიომ თბილისში ყოფნისას შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის განხილვის პროცედურები მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერებულია, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომისიამ მისაღებად მიიჩნია ეს იდეა იმ პირობით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები საქმეების გადახედვაზე უნდა მიიღოს სასამართლომ, ხოლო კომისიამ უნდა შეასრულოს გარკვეული „ფილტრის“ ფუნქცია იმ საქმეების შესარჩევად, რომლებიც მართლაც საჭიროებენ სასამართლოს მიერ რევიზიას. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს საარჩევნო კოდექსსა და პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებზე, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. ასევე თვიმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება ვნებათაღელვა, რომელიც გასული კვირის ბოლოს მოჰყვა მმართველი კოალიციის ინიციატივას შეიცვალოს საარჩევნო ბარიერი მერებისა და გამგებლებისათვის. მერობისათვის საჭირო იქნება ხმათა 40 პროცენტის, ხოლო გამგებლობისთვს ხმათა ერთი მესამედის მიღება. ინიციატივა განსაკუთრებით მწვავედ არასაპარლამენტო ოპოზიციამ და, მათ შორის, კახა კუკავამ გააკრიტიკა:

„მმართველ გუნდს ეტყობა ზამთარში გრიპის ვირუსთან ერთად შეეყარა ამნეზია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობას ახსოვს 2010-2011 წლები, როცა მთელი ოპოზიცია ვითხოვდით 50%-ს. დღითი დღე „ქართული ოცნება“ ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2014 წლის 15 იანვარს ხმათა უმრავლესობით 2014 ფისკალური წლისთვის ასიგნებების გაერთიანებული აქტი მიიღო, რომლითაც ვაშინგტონი საქართველოს, დახმარების სახით, 62 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ასიგნებების გაერთიანებული აქტით გათვალისწინებულია ფინანსური სახსრების გამოყოფა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს დასახმარებლად. დოკუმენტს მხარი ამერიკის სენატმაც დაუჭირა.
XS
SM
MD
LG