Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შიმშილობის აქციას ზუგდიდის ოფისიც შეუერთდა


მესამე დღეა შიმშილობის აქციას მართავენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები ზუგდიდის ოფისში. როგორც მოშიმშილეები ირწმუნებიან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით აქციას გამოეთიშა პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერი ბექა ესებუა. აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ბაკურ სორდიას, მტკიცებით, თავს ისიც შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ, ამის მიუხედავად, აქციის შეწყვეტას არ აპირებს. მოშიმშილეებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ სასწრაფო დახმარებისთვის ჯერ არ მიუმართავთ და თავად იღებენ საჭირო მედიკამენტებს.

„რამდენიმე ჩვენი წარმომადგენელი ცუდადაა - მაგალითად, ბაკურ სორდია. მას დიაბეტი აქვს და სერიოზული პრობლემები აქვს. ის ცუდად გახდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ მედიკამენტებით დავეხმაროთ“, ამბობს აქციის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე აპოლონ არახამია. სტუდენტი განმარტავს, რომ სწავლაში ხელი არ ეშლება, რადგან უკრაინის უნივერსიტეტში დაუსწრებელ ფაკულტეტზეა.

მოშიმშილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში იმავე აქციაში ჩართულ პარტიის ლიდერებს და სავსებით იზიარებენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებს. მათი სიტყვებით, „უნდა დაისაჯონ საგარეჯოსა და მარტვილში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივ მუშაობა“.

ზუგდიდში შიმშილობის აქციაში მონაწილეობას სულ ოთხი პირი იღებს. აქედან ორი - პარტიის წევრი, ორი კი - მხარდამჭერია, მათ შორის - ერთი ქალი. თეონა ქარდავა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზუგდიდის წარმომადგენლობის ყოფილი თანამშრომელია. მან სამსახური რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიზეზად თქვა, რომ „მისთვის მიუღებელია მოქმედი ხელისუფლების პირობებში საჯარო მოხელე იყოს“. თეონა ქარდავა ამ დროისთვის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერია, თუმცა აპირებს გახდეს წევრი.

„ჩვენ ბოლომდე ვიშიმშილებთ. სანამდეც შევძლებთ, რა თქმა უნდა. ჩვენ ამ ოთახიდან გავალთ, აქ არ ვიქნებით. ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქცია-მსვლელობას. საორგანიზაციო ჯგუფი შექმნილი გვაქვს და სამზადისი დაწყებულია. შაბათს თბილისში ფართომასშტაბიან აქციას ვგეგმავთ, მობილიზება გაკეთებული გვაქვს და გავემგზავრებით ზუგდიდიდან“, ამბობს თეონა ქარდავა.

კიდევ ერთი მოშიმშილე, ბაკურ სორდია, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრია. მან პარტია დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა. მიზეზად ასახელებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კოალიციამ არ გაამართლა მისი მოლოდინი და „უღალატა საკუთარ პრინციპებს“. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სორდიას ჰქონდა სურვილი ყოფილიყო გამგებლის წარმომადგენელი თავისსავე სოფელში, შამგონაში. მიუხედავად ამისა, კომისიისადმი უნდობლობის გამო, მან პროტესტის ნიშნად არ მიიღო საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა. ამ დროისთვის ის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

შიმშილობის აქციაში იღებს მონაწილეობას „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, კობა ყალიჩავა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია, პარტია იმავე მიზეზით დატოვა, რა მიზეზითაც ბაკურ სორდიამ. კობა ყალიჩავა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გახდა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისის“ ოფისი ზუგდიდში ორშაბათს გაიხსნა. პარტიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ უხელმძღვანელებს ზუგდიდის ორგანიზაციას. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა თბილისში შიმშილობა 8 ნოემბერს დაიწყეს. ისინი მიიჩნევენ, რომ 2015 წლის შუალედური საპარლამენტო არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში გაყალბდა.

XS
SM
MD
LG