ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:31

ეკონომიკა / საქართველო

აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყო

ბათუმის პლაჟი
ბათუმის პლაჟი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებისას მთავრობამ საგადასახადო რეჟიმის შეცვლა გადაწყვიტა. შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, სეზონის პერიოდში მცირე სასტუმროებს ფიქსირებული გადასახადის გადახდა მოუწევთ. იმედი აქვთ, რომ საგადასახადო ცვლილება ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს ტურისტული ბიზნესის სირთულეებს.

მაისის თვეში საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტები ჩამოვიდნენ...
საქართველოში ტურისტული ბუმია - ამის თქმის საშუალებას იანვარ-მაისის სტატისტიკა იძლევა. ამ პერიოდში საქართველოს ესტუმრა 880 ათასი ვიზიტორი. ეს 44 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მთავრობა ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ტურისტული ნაკადი 3 მილიონამდე გაიზრდება. ამ ამბიციური გეგმის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პრეზიდენტს. მაგრამ საკითხავია, რამდენად შეძლებს საქართველოს ტურისტული ბიზნესი ამ მოცულობის სტუმრების მომსახურებას. ეს კითხვა შარშანდელმა სეზონმა გააჩინა, როდესაც სასტუმროებს და მომსახურების სფეროს გაუჭირდათ ტურისტებისთვის სათანადო სერვისის შეთავაზება. არსებულ სირთულეებზე სასაუბროდ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს, ფინანსთა მინისტრთან ერთად, ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია შეხვდა.

”მაისის თვეში საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტები ჩამოვიდნენ. უნდა ვიყოთ მზად იმ რაოდენობისთვის, რომელიც ჩამოვა წლის ბოლომდე. ველოდებით 3 მილიონ ტურისტს. 2015 წლამდე ველოდებით 5 მილიონს. და დღევანდელი შეხვედრა სასტუმრო ბიზნესის სექტორთან არის იმაზე, თუ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ... როგორ შეუძლია სახელმწიფოს დაუდგეს ბიზნესს გვერდში, რომ მზად ვიყოთ ამ ნაკადისთვის.”

ბათუმის ბულვარი
მცირე და საშუალო სასტუმროების სტანდარტებისა და ფასის შეხამების გარდა, 15 ივნისს გამართულ შეხვედრაზე  საგადასახადო კოდექსის მოსალოდნელ ცვლილებაზეც ისაუბრეს. მთავრობაში მომზადებული კანონპროექტი ბიზნესმენებს იმხანად ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააცნო. მან მცირე სასტუმროებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესების აუცილებლობა შემდეგი არგუმენტებით ახსნა:

”ჩვენი ტურიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც სასტუმრო მუშაობს მხოლოდ 2 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიანეთში. ბუნებრივია, მხოლოდ 2 თვისთვის ოჯახი რომ გაერკვეს ბუღალტერიაში, საკმაოდ რთულია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საგადასახადო კოდექსის ცვლილებები თუ განხორციელდა, საკმაოდ ხელშემწყობი იქნება მათთვის.”

კონკრეტულად ვიფიქროთ იმაზე, რომ ადამიანებს რეალურად ხელი შევუწყოთ და არა თავიდანვე მოვახრჩოთ, როგორმე თანხები ამოვიღოთ...
მთავრობის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მცირე სასტუმროს მფლობელმა შემოსავლების სამსახურში უნდა განაცხადოს, როდის იწყება და მთავრდება მის სასტუმროში ტურისტული სეზონი. შესაბამისად, სეზონის დაწყებიდან სასტუმროს მესაკუთრემ ყოველ გაქირავებულ ერთ კვადრატულ მეტრზე ყოველთვიურად 10 ლარი უნდა გადაიხადოს.

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის ახალ ინიციატივას კრიტიკით შეხვდა. ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სასტუმრო ბიზნესით დაკავებულ მოსახლეობას ახალი ცვლილებები კიდევ უფრო დაუმძიმებს გადაუხდელი კრედიტებით ისედაც გართულებულ ცხოვრებას:

”როგორც იტყვიან, ქვა აღმართში მიეწია ადამიანსო. კრედიტები არ აქვთ დაფარული ადამიანებს და უმძიმეს რეალობას უქმნით. კონკრეტულად ვიფიქროთ იმაზე, რომ ადამიანებს რეალურად ხელი შევუწყოთ და არა თავიდანვე მოვახრჩოთ, როგორმე თანხები ამოვიღოთ.”

აქამდე მოქმედი სისტემის მიხედვით, მცირე სასტუმროები გადასახადებს მიღებული შემოსავლის მიხედვით იხდიდნენ, რაც მათ ხარჯებისა და შემოსავლების რთულ საბუღალტრო აღრიცხვას ავალდებულებდა. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, სასტუმროების აღრიცხვიანობა საშემოსავლო სამსახურსაც უჭირდა, რაც არაერთი პრობლემის მიზეზი გახდა:

”ყველაზე მთავარი პრობლემა სასტუმროების ადმინისტრირებისას ეს არის ქრონომეტრაჟი. როდესაც საშემოსავლო სამსახური შედის სასტუმროში, ერთ 10 დღიან პერიოდს ადარებენ მეორეს, რაც უსამართლოა და პრობლემას წარმოადგენს.”

მესტია
მცირე სასტუმროების დაბეგვრის წესის ახალი პროექტის შესახებ სასტუმროს მფლობელთა დიდი ნაწილი ჯერჯერობით ინფორმირებული არ არის. ერთ-ერთი მათგანია კვარიათში მდებარე სასტუმრო სახლის მეპატრონე რომან ლოლაძე.

”სეზონის განმავლობაში სხვადასხვა დატვირთვაა. ჩემი სასტუმრო ჯერჯერობით თითქმის არ მუშაობს. ჩემთვის სეზონი ივლისის პირველი რიცხვებიდან იწყება, სხვებმა კი უკვე დაიწყეს მუშაობა. ყველასთან მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს.”

თუ რომან ლოლაძისთვის სეზონი ჯერ კიდევ არ დამდგარა, სვანეთში - კერძოდ კი, მესტიაში - სასტუმროების დეფიციტია. იქ ოქტომბრის ბოლომდე უკვე შევსებულია ყველა დიდი თუ მცირე საოჯახო სასტუმრო. ტურისტების ასეთი ნაკადი სერიოზული გამოცდაა საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურებისთვის. ეკონომისტების გათვლებით, საქართველოში შემოსული ერთი ვიზიტორი საშუალოდ 2 ათას აშშ დოლარამდე ხარჯავს. შესაბამისად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან საექსპორტო სეგმენტს წარმოადგენს. თუმცა მას უარყოფითი მხარეც აქვს - ეს არის ინფლაცია. ტურისტების მოჭარბებული ნაკადი სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე მოთხოვნილების სწრაფ ზრდას იწვევს, რაც ფასების მატებას განაპირობებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Natela Kel. საიდან გვწერთ: Praha
19.06.2011 23:14
ნათესავების სანახავად ჩამოსული ქართველებიც რომ ტურისტებად ითვლებიან ეგაა სინტერესოა.

თბილისის აეროპორტში კითხვარები ქონდათ ვიღაც ახალგაზრდებს სტატისტიკის დეპარტამენტიდან და დაჟინებით გვირჩევნდნენ, რომ მიმენიშნებინა ვითომ უცხოელი ტურისტი ვარ. "არ ვარ ბატონო უცხოელი, ქართველი ვარ" - იმათ გინდა თუ არა უცხოელი ხარ და თანაც ტურისტიო, არავითარი ბიზნეს ვიზიტორიო ან სხვა". ანარადა დაბინავება უფასოდ მაქვს :)), მესტიაშიც ვერ ავალ.
პასუხი

ავტორი: კახა მჭედლიძე
21.06.2011 02:23
თუ საქართველოს მოქალაქე არ ბრძანდებით, მაშინ მსოფლიოში არსებული სტანდარტების მიხედვით უცხოელ ტურისტად ითვლებით, იმის მიუხედავად სასტუმროში გაჩერდებით თუ ნათესავებთან.

ავტორი: ოპტიმისტი საიდან გვწერთ: ტურიზმლენდიდან
19.06.2011 09:49
მარტივი მათემატიკური ანგარიში: ტურიზმის შესახებ მთავრობის განცხადებებიდან- 2012 წლისათვის საქართველოში შემოვა 5 000 000 ტურისტი ; თუ დავუშვებთ, რომ სატრანსპორტო საშუალებას, თვითმფრინავს გამოიყენებს 3 000 000 ვიზიტიორი (ერთ თვითმფრინავში საშუალოდ -200 კაცი) 3 000 000:200=15 000 თვითმფრინავ-რეისს ე.ი.15 000:365=41.09 თვითმფრინავი დღეში. 1 000 000 შემოვა მსუბუქი ავტომანქანით, მანქანაში ეტევა 5 კაცი=200 000 ავტომანქანა:365=დღეში 547.9ავტომობილი. მატარებლით (500 კაცი 1 შემადგენლობაში) და ავტობუსებით (45 კაცი- 1 ავტობუსში) შემოვა-1 000 000:500=2000 მატარებელი:365=5.47 მატარებელი დღეში, ან 22 222 ავტობუსი:365=60.8 ავტობუსი დღეში.
ველოდები კომენტარს იმის შესახებ, რამდენად გამტარუნარიანია აირპორტების, რკინიგზის სადგურების, ავტოგზებისა და სასტუმრო-რესტორნების ინფრასტრუქტურა, არაფერს ვამბობ წლის დროებზე, ამინდსა და კლიმატის მდგომარეობაზე-ტურიზმის სახეობებთან მიმართებაში. მინდა დავიჯერო ამ პროექტის რეალურობა-ველოდები არგუმენტებს...

ავტორი: ge che საიდან გვწერთ: Tiflis
19.06.2011 00:47
საბერძნეთს ათეული მილიონობით ტურისტი ჰყავს ყოველ წელს და ნახეთ, ქვეყანა მაინც რა დღეშია. ტურიზმი გადაგვარჩენს ვითომ?
პასუხი

ავტორი: კახა მჭედლიძე
21.06.2011 02:20
ის რომ საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისია არ გამოდგება ტურიზმზე უარის თქმის არგუმენტად. საბერძნეთის კრიზისი არ არის გამოწვეული ტურისტული ბიზნესის მიზეზით.

ყველაზე პოპულარული