Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივას ქმნის. მიუხედავად შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებისა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შემცირებულია ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება, პრობლემა მაინც პრობლემად რჩება.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სისტემატურად ადევნებს თვალს ქვეყანაში წამალდამოკიდებულთა რიცხვის მატება-კლებისა თუ ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმართულებით მიმდინარე მოვლენებს. მართალია, ის გარკვეულწილად ეთანხმება შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების - „კრაკადილის“, „ვინტის“- მოხმარება, მაგრამ, მისი თქმით, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. ე.წ. ბრენდული აფთიაქებიდან „სააფთიაქო ნარკომანიამ“ შავ ბაზარზე გადაინაცვლა. მისი თქმით, დღეს აფთიაქებში კვლავაც ხელმისაწვდომია გამაპენტინის ჯგუფის პრეპარატები, მიორელაქსანტები და საძილე საშუალებები:

„რაც შეეხება კოდეინის შემცველ პრეპარატებს და „ვინტის“ დასამზადებელ პრეპარატებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბოლო პერიოდში თითქმის არ გვხვდება, თუმცა სააფთიაქო პრეპარატები უხვადაა ბაზარზე. შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში წელს ნამდვილი ბუმი იყო ამგვარი პრეპარატების მოხმარებისა ახალგაზრდებში. მათ შორის თბილისშიც ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანებისა, რომლებიც მოიხმარენ სააფთიაქო პრეპარატებს, რომლებიც სიაშია და რეალურად რეცეპტით უნდა იყიდებოდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულია“.

თუკი შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, 2014 წლიდან მოყოლებული, 2015 წლის 29 სექტემბრის მონაცემებით, ფარმაცევტული დაწესებულებების შემოწმების შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 281 ფაქტი, საიდანაც 82 შემთხვევა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება. სწორედ პირველ ჯგუფში ერთიანდება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები - ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქტოროპული ნივთიერებები, ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები.

ბუნებრივია, ნარკომანიის კუთხით კვლავ რჩება გამოწვევები სახელმწიფოს წინაშე, რომლებსაც მან ადეკვატურად უნდა უპასუხოს. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს სწორედ „სააფთიაქო ნარკომანია" ...
სოფო კილაძე

2014 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთობლივი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც კოდეინის, ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების უკანონო ბრუნვა დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ დევნას, განსაკუთრებით კი აფთიაქის მეპატრონეებისა და თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემის კუთხით. 29 სექტემბერს, შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სოფო კილაძემ, შსს-ს აკადემიის პრორექტორმა, თქვა, რომ, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებების პოზიტიური შედეგისა, რაც გამოიხატება ე.წ. კუსტარული ნარკოტიკის „კრაკადილისა“ და „ვინტის“ მოხმარების შემცირებით, გამოწვევა კვლავაც დიდია:

„ბუნებრივია, ნარკომანიის კუთხით კვლავ რჩება გამოწვევები სახელმწიფოს წინაშე, რომლებსაც მან ადეკვატურად უნდა უპასუხოს. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს სწორედ „სააფთიაქო ნარკომანია“, რომლის დასაძლევადაც როგორც შსს, ისე ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურ ნაბიჯებს დგამს“.

ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში“. კანონში ცვლილება კი, დავით მაჭარაშვილის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ეხება სამართალდამრღვევი აფთიაქების რაოდენობის შემცირებას. ანუ, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მსგავსი ტიპის აფთიაქებმა ვეღარ შეძლონ ხელახალი ნებართვის ადვილად მოპოვება. დღეს არსებული კანონით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე ჯარიმდება 6 000 ლარით, მეორე შემთხვევაში - 12 ათასი ლარით, მესამე სამართალდარღვევას კი აფთიაქის გაუქმება მოსდევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დავით მაჭარაშვილის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა აფთიაქის მეპატრონეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კანონი დაარღვია, საშუალებას აძლევს ხელახლა დარეგისტრირდეს ამჯერად უკვე ახალი სახელით. მისი მტკიცებით, საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. დავით მაჭარაშვილისავე თქმით, ეს ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ ფსიქოტროპულ აფთიაქებს ეხება:

„აღსანიშნავი აქ არის ის, რომ მათ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ძალიან მარტივად შეუძლიათ ხელახლა მოიპოვონ იგივე ნებართვა და გააგრძელონ უკანონო საქმიანობა. საკანონმდებლო ცვლილება კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აღვკვეთოთ სამართალდამრღვევი პირებისთვის ფარმაცევტულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემა“.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ წინააღმდეგ საქმე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აღიძრა. გამოძიების ინფორმაციით, აფთიაქების უფლებამოსილი პირები, ფარმაცევტული კანონმდებლობისა და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად ყიდდნენსპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულფსიქოტროპულმედიკამენტებს ყოველგვარი რეცეპტის გარეშე. ამ გზით მიღებულმა შემოსავალმა კი 6 მილიონამდე ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG