Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

საქართველო ებრძვის პანდემიას, მაგრამ საქართველო ასევე იბრძვის დემოკრატიისათვის. ამ ბრძოლამ მოითხოვა საარჩევნო სისტემის შეცვლა, არჩევნებზე მისვლა პანდემიის პირობებში, საათიან რიგში დგომა, ხმის მიცემა და მერე ამ ხმების დაცვა. პანდემია უნდა ყოფილიყო ამ ბრძოლის ნეიტრალური ფონი, მაგრამ ისინი, ვინც „პანდემიასთან ბრძოლის ავანგარდში იდგა, - „ჩვენი ექიმები“, „ქართველი ფაუჩი", „სამი მუშკეტერი“, - მალევე გამოჩნდნენ მმართველი პარტიის პარტიულ შეკრებებზე, საარჩევნო ღონისძიებებსა და სარეკლამო მასალაში, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ისედაც არსებული ეჭვი, რომ ხელისუფლება "პანდემიასთან ბრძოლასა" და „ჩვენს ექიმებს“ პოლიტიკური მანიპულაციებისა და საპროტესტო აქტივობის დასამუხრუჭებლად იყენებს.

საქართველოში COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 500-ზე მეტი ადამიანი. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შორის არიან მედიკოსები, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდათ პაციენტებზე ზრუნვა, თუმცა ერთია მედპერსონალი და სულ სხვა - ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა.

როგორც ექიმი ნანა გეგეჭკორი ამბობს, „საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს უჭირს ყოველი ახალი დაავადებულის მიღება; სასწრაფოში დარეკვას პაციენტი 4 საათი უნდება, ოჯახის ექიმის ზარს დღეები ელოდებიან ადამიანები“. შესაბამისად, COVID-თან ბრძოლის ამ ეტაპზე, როცა დღე-ღამეში საშუალოდ 20-მდე ადამიანი იღუპება, აღარავის მოსდის აზრად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს კვლავ „ქართველი დოქტორ ფაუჩი“, ხოლო გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძის სამეულს „სამი მუშკეტერი“ უწოდოს.

სულ ბოლოს საზოგადოება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორით, მარინა ეზუგბაიათი იყო აღფრთოვანებული. უფრო სწორად, აღფრთოვანებული იყო არა მისი სამედიცინო მიღწევებით, არამედ რიცხვების (დაავადებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკური მონაცემების) დამახსოვრების უნარით.

პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე
პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე

ბევრი ელოდა, რომ პანდემიის ბრძოლის ავანგარდში მყოფი „ექიმები“ არ მოიწონებდნენ ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას, რამაც შესაძლოა, ერთიორად გაზარდოს რესპირატორული დაავადებების, გრიპისა და კორონავირუსის გავრცელების სიჩქარე, თუმცა კითხვას, რამდენად მიზანშეწონილი იყო ცესკოსთან აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ასე უპასუხა:

"თქვენ როგორ ბრძანდებით? კარგად ხართ? რა ჩემი საქმეა პოლიტიკა. მე მკითხეთ კორონავირუსზე, ძალიან გთხოვთ, რა. ჭავლები არა, მავლები კიდევ".

არადა, მარინა ეზუგბაიასთვის დასმულ კითხვას მარტივად უპასუხა აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ:

„დემონსტრაციის ცივი წყლის ჭავლით დაშლა ახლა, ამ პირობებში, არის ხალხის მიმართ ზიზღისა და ბოღმის გამოხატულება და სხვა არაფერი!“

ექიმების აპოლიტიკურობის მოშველიებით პირდაპირ პასუხს თავი აარიდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც.

„ექიმებს თავი დავანებოთ! პოლიტიკაში ნუ ვრთავთ ექიმებს! ექიმებს ჩვენი საქმე გვაქვს. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე... პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს ქვეყანაში იმიტომ, რომ პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი 4-5 წლის განმავლობაში. ამ პროცესს ვერავინ ვერ გააჩერებს, მაგრამ, მეორე მხრივ, დავანებოთ, რა, ექიმებს თავი, გვაცალეთ ჩვენი საქმის კეთება. სულ ცდილობენ როგორმე პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ. არა, ბატონებო, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. არ ვერევი ამ თქვენს პოლიტიკურ საკითხებში“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

არადა, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძესთან ერთად, „ფართოდ არის წარმოდგენილი“ „ქართული ოცნების“ საარჩევნოდ გამოცემულ სარეკლამო გაზეთში, რომელიც მთლიანად ეთმობა მმართველი პარტიის პანდემიასთან წარმატებულ ბრძოლას.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია“, - წერს ამირან გამყრელიძე, რომელიც ფოტოზე გიორგი გახარიასთან ერთადაა გამოსახული.

„ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად“, - ამბობს სხვა სტატიის სათაურში თვითონ გიორგი გახარია და ფოტოზე მუშტის მუშტზე მიდებით ესალმება პაატა იმნაძეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, რომელიც ასევე არ იძლევა რეკომენდაციას, თავი შეიკავოს შსს-მ პანდემიის დროს წყლის ჭავლის გამოყენებისგან.

პაატა იმნაძე და გიორგი გახარია
პაატა იმნაძე და გიორგი გახარია

პაატა იმნაძე კანონის წინაშე ყველას თანაბარ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს.

„სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს. ეს არის ჩემი პასუხი“, - ამბობს ის.

ამგვარი უცნაური აპოლიტიკურობა ხომ არ არის პოლიტიკური მიკერძოების მთავარი ნიშანი?

ამ კითხვის პასუხად ცნობილი ექიმი, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ნოემბერში, ღამით, როცა ჰაერის ტემპერატურა 10-12 გრადუსია, წყლის ჭავლის გამოყენება უთუოდ გაართულებს ვითარებას:

„შეკრებებიც ართულებს ვითარებას, მაგრამ ამ შეკრებების ფონზე, როცა არანაირი აუცილებლობა არ არის ცივი წყლის ასეთი ძლიერი ნაკადის (მექანიკური ტრავმები მიიღეს მომიტინგეებმა) მიშვება, წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ის არათანმიმდევრული და გაპოლიტიზებული ბრძოლა პანდემიასთან, რომელიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მარტიდანვე დაიწყო. ეს ბრძოლა მიმდინარეობს სატელევიზიო ეთერში, ფეისბუკში, პიარკამპანიებში, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა არც საწოლებია საკმარისი, არც ექიმებია დაცული და, საერთოდ, დეზორგანიზებულია სისტემა. ამ ფონზე კეთდება ტყუილი მოწოდებები, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები“.

ვახტანგ კალოიანი
ვახტანგ კალოიანი

კომენდანტის საათსაც, რომელიც 9 ნოემბრის 22.00 საათიდან შედის ძალაში (დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება), მთავრობა და „ჩვენი ექიმები“ მოქალაქეებზე ზრუნვით ხსნიან, თუმცა ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილს და მის მთავრობას არც აქამდე ჰქონია და არც ახლა აქვს ეპიდემიის მართვის არაპოლიტიზებული, ხალხის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გათვლილი გეგმა.

„არ არსებობს ეპიდემიის ადეკვატური მართვა ხალხისა და ხელისუფლების შეთანხმების გარეშე. მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არჩეულ ხელისუფლებას ექნებოდა ამ თანხმობის გამომხატველი მანდატი. ეს წაგვართვეს, ეს მოიპარეს. ამიტომ ყველაფერზე - გაყალბებულ არჩევნებზეც, ხალხის ქუჩაში გამოსვლაზეც, იმაზეც, რაც გველოდება დეკემბერში - პასუხისმგებელია ის, ვისაც მართვა ძალადობით უნდა და არა თანხმობით“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც ფეისბუკში წერს, რომ პანდემიის მართვის საუკეთესო გზა ხალხის დამშვიდებასა და მათთვის ხმის უფლების დაბრუნებაშია:

„პროცესებზე პასუხისმგებლობა ყოველთვის ეკისრება მას, ვისაც მართვის ბერკეტები უპყრია ხელთ. ჯერჯერობით საქართველოს მთავრობა მართავს. შეიცოდეთ, ბატონებო, ხალხი... ვერ მოუვლით ამდენ ინფიცირებულს... ვერ გაუძლებს ამას ვერანაირი ჯანდაცვა...“

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რას აკეთებს მოქალაქე იმისათვის, რომ საქართველო ბიძინა არ იყოს ან ამდენი ბიძინა არ იყოს საქართველო?

მოქალაქე მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს ცვლილებებს, რათა საქართველო აღარ იყოს ბიძინა ან ამდენი ბიძინა, არჩევნების გაყალბების შედეგად კი იღებს არა შეცვლილ საქართველოს, არამედ უცვლელ (ან მეტ) ბიძინას.

ამის შემდეგ მოქალაქე პასუხს ელის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად აქაც ბიძინა უხვდება, რადგან ხმის დათვლაც ბიძინა ყოფილა.

იმედგაცრუებული მოქალაქე ამჯერად სასამართლოში მიდის, მაგრამ სამართლიანობის მაგივრად აქაც ბიძინა უხვდება, რადგან საქართველოში სასამართლოც ბიძინა ყოფილა და არა სამართალი.

მოქალაქეების უმეტესობა ვერც მრავალფეროვნებით ძლიერ პარლამენტს ირჩევს, რადგან გაყალბებული არჩევნების შედეგად ისევ ბიძინას სუსტ პარლამენტს და არა ბიძინას შემასუსტებელ (ან საერთოდაც ბიძინას შემცვლელ) პარლამენტს იღებს. ანუ მომავალ პარლამენტშიც ბევრი ბიძინა უხვდება.

მოქალაქეს დემოკრატიულ, პერსპექტიულ და შეძლებისდაგვარად ოპტიმისტურ ქვეყანაში უნდოდა ცხოვრება, მაგრამ მან ავტორიტარული, უპერსპექტივო და უიმედო ბიძინა მიიღო საქართველოს მაგივრად.

ამრიგად, მხოლოდ გარეჯი კი არაა საქართველო (როგორც ეს ბიძინას პროპაგანდისტულმა უწყებამ გვაცნობა), არამედ საარჩევნოდ თავად ბიძინა ყოფილა გარეჯი...

მოქალაქემ იმედით გაიხედა მომავლისკენ, მაგრამ შეშინდა, რადგან აწმყოს გათვალისწინებით, სადაც შესაძლოა არჩევნები სამუდამოდ იქცეს ფიქციად, მომავალიც ბიძინად წარმოუდგა - წარსული-ბიძინადან, აწმყო-ბიძინას გავლით, ბიძინა-მომავლამდე...

ქართული "კოვიდიც" კი ბიძინა აღმოჩნდა, რაკი მოქალაქეს ქუჩაში გასვლის უფლებაც აუკრძალეს ღამის ათი საათის შემდეგ, რაც ცალსახად პოლიტიკურ ბიძინაზე ზრუნვის აქტია და არა მოქალაქის ჯანმრთელობაზე, მაგრამ მოქალაქემ მაინც დაიკავა ქუჩა, რადგან ქუჩაღა დარჩა იმ ერთადერთ საჯარო სივრცედ, რაც ჯერ კიდევ არ არის ბიძინა.

პროტესტი ჯერ კიდევ არ არის ბიძინა, რადგან სხვა ყველაფერი - არჩევნები, მთავრობა, სასამართლო, პარლამენტი და მთავარი ხმის მთვლელი ქალის სახელიც კი - ბიძინას ფსევდონიმებია.

თუმცა შესაძლოა ბიძინაც პოლიტიკურ არარად იქცეს, რადგან როცა მცირედსაც არ თმობ, შესაძლოა ყველაფერი დაკარგო...

ეს ისტორიის ლოგიკაა და რახან ის კი უკამათოდ მოგვეხსენება, რომ ისტორია მაინც არ არის ბიძინა, ისიც დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ, რომ ლოგიკური აზროვნებაც გადაურჩება გაბიძინებას.

ბიძინა მართლა საქართველოა?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:53 0:00
გადმოწერა

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG