Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოდისეა“ - უკან, ნოლანიდან ანგელოპულოსისკენ

„ულისეს მზერა“ (1995, საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკა.რეჟისორი თეო ანგელოპულოსი)
„ულისეს მზერა“ (1995, საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციულირესპუბლიკა.რეჟისორი თეო ანგელოპულოსი)

„ულისეს მზერა“ 1995, რეჟისორი თეო ანგელოპულოსი

1995 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი სკანდალით დასრულდა. მას შემდეგ, რაც ჟან მორომ, ჟიურის თავმჯდომარემ, გრან-პრის ლაურეატად თეო ანგელოპულოსი გამოაცხადა, ნათელი გახდა, რომ ფესტივალის ყველაზე რეიტინგული ფილმი, ანგელოპულოსის „ულისეს მზერა“ მთავარი პრიზის, “ოქროს პალმის რტოს“ გარეშე დარჩა. როგორც ჩანს, ჟიურის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ანგელოპულოსისთვისაც. ბერძენი რეჟისორი სცენაზე ავიდა და საკმაოდ უცნაური სიტყვა წარმოთქვა: „მე მეგონა, „პალმას“ გადმომცემდნენ და ტექსტიც შესაბამისი მოვამზადე“.

ჟან მორომ, რომელმაც მანამდე ითამაშა ანგელოპულოსის ფილმში და მის მეგობრადაც ითვლებოდა, არ შეიმჩნია ეს რეპლიკა და „პალმის“ ლაურეატი დაასახელა - ემირ კუსტურიცა, ფილმისთვის „მიწისქვეშეთი“. მეორე დღეს ფილოსოფოსი ბერნარ ანრი-ლევი აქვეყნებს საპროტესტო წერილს, რომელშიც ამტკიცებს, რომ კუსტურიცა ცდილობს წარმატება მოიპოვოს სარაევოში ნაწამები ადამიანების ხარჯზე... ასევე აღნიშნავს, რომ „მიწისქვეშეთი“ სცოდავს სერბული ნაციონალიზმითა და ყოფილი იუგოსლავიის მიმართ ნოსტალგიით“, რასაც ვერ იტყვი „იუგოსლავიის ომის შესახებ გადაღებული მეორე ფილმის, „აბსოლუტური შედევრის“, ანგელოპულოსის „ულისეს“ შესახებ“.

თეო ანგელოპულოსის საქციელმა იმდენად გააღიზიანა კინოს სამყარო, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი „ულისეს“ პრემიერის წინ მაყურებელს ფილმის ბოიკოტისკენაც კი მოუწოდებდა. მაგრამ „ულისეს მზერით“ უფრო მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოები აღმოჩნდა, ვიდრე განაწყენებული რეჟისორის სიტყვა... 1995 წლის დეკემბერში, როცა ევროპულმა კინოჟურნალებმა წლის საუკეთესო ფილმების ათეულები გამოაქვეყნეს, ანგელოპულოსის შედევრი პირველ ადგილზე გავიდა. იმხანად „ულისეს მზერით“ კუსტურიცას ფილმის ერთგვარ ალტერნატივად აღიქმებოდა. დღეს ანგელოპულოსის „ულისე“ უკვე შეგვიძლია შევადაროთ კრისტოფერ ნოლანის „ოდისეას“.

დიახ, თეო ანგელოპულოსმა, რომელმაც პოსტმოდერნისტული „უსტილობის“ ეპოქაში აბსოლუტურად უნიკალური სტილი დაამკვიდრა კინოხელოვნებაში, გასული საუკუნის ბოლოს გადაწყვიტა ჰომეროსის „ოდისეას“ ინტერპრეტაცია ბალკანეთში იმხანად მიმდინარე ომის ფონზე. „ანგელოპულოსის ოდისევსი“, ჰარვეი კეიტელის შესრულებით, (ფილმში მას ჰქვია „რეჟისორი „ა“) ჩადის ამერიკიდან მშობლიურ საბერძნეთში, რათა ძმები მანაკების მიერ ბალკანეთში გადაღებული პირველი ფილმი იპოვოს. გმირის გზა გადის საბერძნეთიდან ალბანეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, იუგოსლავიაში, ბოლოს კი დანგრეულ სარაევოს აღწევს. მნიშვნელოვანია, რომ სარაევოს ეპიზოდები ომის პირობებში, რეალურ დროსაა გადაღებული.

ამერიკაში გადასახლებული ხელოვანი ბრუნდება სამშობლოში, „ჩადის ჰადესში“, ალყაში მოქცეულ, ნისლიან, ჩაბნელებულ სარაევოში (რომელიც თანამედროვე ჯოჯოხეთის სახეა) და ხვდება კინოარქივისტ ლევის, იგივე ტირესიასს (ამ როლისთვის ჯან მარია ვოლონტე შეირჩა, რომელიც გადაღების დაწყებისთანავე გულის შტევით გარდაიცვალა. ცოტა ხანში იგი ერლანდ იოზეფსონმა შეცვალა). ულისეს გზაზე ჩნდებიან ქალებიც - მაია მორგენშტერნი განსხვავებულ სახეებს ქმნის - პენელოპე, კალიფსო, კირკე, ნავსიკა... ჰარვი კეიტელის არჩევა მთავარ როლზე ამერიკული „სტრასბერგის მეთოდისა“ და თეო ანგელოპულოსის პოეტური რეჟისურის საინტერესო შეჯახება აღმოჩნდა. ტარანტინოსა და სკორსეზეს ფილმებისგან განსხვავებით, კეიტელი თითქმის არ მოძრაობს, ძირითადად ჩუმადაა. უფრო უსმენს და აკვირდება. ამერიკული აქცენტი და კულტურული დისტანცია ბალკანეთისა და საბერძნეთის მიმართ იდეალურად მუშაობს სიუჟეტზე. კეიტელის “ა” (ხომ ხედავთ, სახელიც არა აქვს) არის “უცხო”, რომელიც ჯერ გარედან აკვირდება სხვების ტრაგედიას, შემდეგ კი ამ ტრაგედიის თანამონაწილე ხდება.

ანგელოპულოსი უჩვეულო ეფექტს ქმნის. ფილმში თითქმის არ გვხვდება ახლო ხედები მსახიობებზე, თუმცა „ულისეს“ გრძელი კადრების სივრცეს სწორედ პერსონაჟების მზერა აორგანიზებს. ამ ხანგრძლივ კადრებში კამერის მდებარეობა შერჩეულია ოპტიმალურად, რათა უკიდურესად იმატოს კადრის ხანგრძლივობამ. შესაბამისად, კინემატოგრაფიული დრო უარყოფილია, ერთ კადრში რამდენიმე ეპოქაა „ჩატეული“. მაყურებელი ფიზიკურად გრძნობს, რომ წარსული, აწმყო და მომავალი ერთ სივრცეში არსებობს. ეს აძლიერებს განცდას, რომ ისტორია ერთი დიდი, შეუჩერებელი მდინარეა. კამერა კი არის მზერა არა ადამიანის, არამედ თავად „ისტორიის“ ან „ღმერთის“, რომელიც მიუკერძოებლად, მშვიდად და სევდიანად აკვირდება კონკრეტული ადამიანების ტრაგედიებს.

ანგელოპულოსის “ისტორიზმი” ზუსტად ისაა, რაც მას განასხვავებს რეჟისორისგან, რომელსაც ყველაზე ხშირად ამსგავსებენ, ანდრეი ტარკოვსკისგან. რუსი რეჟისორის მეტაფიზიკურ კინოში ისტორიის განცდა სრულიად მეორეხარისხოვანია მაშინაც კი, როდესაც ფილმი მეორე მსოფლიო ომს (“ივანეს ბავშვობა”) თუ ესპანეთის სამოქალაქო ომს (“სარკე”) ასახავს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია “ულისეს მზერაში” ეპიზოდი, რომელშიც მდინარე დუნაიზე ბარჟით გადააქვთ ლენინის გიგანტური, დაშლილი ქანდაკება. ეს არის ცივი ომის დასრულების, საბჭოთა კავშირის ნგრევისა და კომუნისტური ილუზიების კრახის პირდაპირი ვიზუალური გამოსახულება. ქანდაკება, როგორც საქონელი, გადააქვთ დასავლეთ ევროპაში (კერძოდ, გერმანიაში) კოლექციონერისთვის მისაყიდად. ანგელოპულოსი აჩვენებს, რომ იდეოლოგია, რომელიც ოდესღაც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას მართავდა, უბრალო სამუზეუმო ექსპონატად ან კომერციულ ნივთად იქცა.

როდესაც ბარჟა სანაპიროებს ჩაუვლის, ადგილობრივი მოსახლეობა მუხლებზე დგება და პირჯვარს იწერს. ეს პარადოქსული რეაქციაა: ხალხი ემშვიდობება არა მხოლოდ ტირანს, არამედ მთელ ეპოქას, სტაბილურობას (თუნდაც ილუზორულს) და ხვდება, რომ წინ გაურკვეველი, ქაოსური მომავალი ელის, რომ ძველი ღმერთები კვდებიან, ახლები კი ჯერ არ დაბადებულან.

მეხსიერების ეპოსში, რომელსაც ანგელოპულოსი ქმნის, კინოკამერის და მსახიობების გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელენი კარაინდრუს მუსიკა. “ულისეს მზერის” საუნდტრეკში წამყვანი ინსტრუმენტია ვიოლონჩელო, ასევე, აკორდეონი და ჰობოი. ეს ჟღერადობა ბალკანურ ტრადიციულ მოტივებს ერწყმის და აჩენს უსასრულო სევდის, გლოვისა და, ამავდროულად, მონატრების განცდას. კარაინდრუს მუსიკა არ არის უბრალო ფონი. ის მოქმედებს როგორც ჰომეროსისეული „ქორო“ ბერძნულ ტრაგედიაში — კომენტარს უკეთებს ვიზუალურ რიგს, აფართოებს კადრის საზღვრებს და მაყურებელს აიძულებს იგრძნოს ისტორიის სიმძიმე.

ცხადია, ანგელოპულოსის „ნელ ენას“ ყველა მაყურებელი ვერ უძლებს და კეიტელის გმირს ბოლომდე ვერ მიჰყვება, მაგრამ, გარწმუნებთ, თუკი საკუთარ თავს პატარა სამუშაოს ჩაუტარებთ (დიდი ხელოვნება კი სწორედაც რომ „შრომას“ მოითხოვს ჩვენგან), ფინალში, როცა თეო ანგელოპულოსის კადრი ნისლში გაეხვევა, კათარზისის ეფექტს აუცილებლად აღმოაჩენთ - ვეღარაფერს დაინახავთ, მაგრამ იგრძნობთ, რომ ეკრანზე რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ალყაში მოქცეულ სარაევოში ნისლი სნაიპერებს აფერხებს და ომი ჩერდება. ამ დროს ქალაქი ცოცხლდება: ადამიანები გამოდიან ქუჩაში, იკრიბებიან, უკრავენ მუსიკას. სწორედ ამ ილუზორული მშვიდობის დროს პოულობს რეჟისორი „ა“ ბერძენი ძმების დაკარგულ კადრებს. კინოფირი გამოიხატება როგორც ადამიანური მეხსიერების უკანასკნელი იმედი, რომელსაც შეუძლია ომების სისასტიკე შეაჩეროს. ცარიელი, თეთრი ეკრანი კი კინოს დასაწყისი - „პირველი მზერა“. ომმა და ისტორიამ შეიძლება ყველაფერი გაანადგუროს, მაგრამ ხელოვნებას და მეხსიერებას აქვს უნარი, დააბრუნოს ადამიანი საწყისთან, სადაც სამყაროს აღქმა „სუფთა ფურცლიდან“ იწყება.

ასე წაიკითხა ბერძენმა რეჟისორმა ჰომეროსის ტექსტი. მისი გმირისთვის ითაკა აღარ არსებობს. ძველი სახლი და სამშობლო ნისლში გაქრა. და ესაა მთავარი, რაც ანგელოპულოსს „ოდისეის“ ყველაზე ახალი კინოინტერპრეტაციისგან, კრისტოფერ ნოლანის ფილმისგან განასხვავებს. ნოლანისთვის „ოდისეა“ არის მომავალზე ორიენტირებული მითი ადამიანის ნების გამარჯვებაზე. აქ მიზანი მიღწეულია, სახლი დაბრუნებულია, ოჯახი აღდგენილია. შესაბამისად, განსხვავებულია ამ ორი ავტორის დამოკიდებულება კინოს მაცოცხლებლის, კინოს „ჟანგბადის“, დროის მიმართ. ნოლანი დროს ჭრის, აჩქარებს, ანაწილებს არა ხაზობრივად, არამედ „სტრუქტურულად“ და ასეთი ხერხით სთავაზობს მაყურებელს ინტელექტუალურ თავსატეხს. ანგელოპულოსი არ იყენებს მონტაჟს დროის ასაწყობად. ვინაიდან წარსული და აწმყო ფილმში „ულისეს მზერა“ ერთმანეთს ერწყმის, გმირი ერთდროულად იმყოფება 1995 წლის ნანგრევებშიც და ანტიკურ გარემოშიც.

„ულისეს მზერის“ ფინალში გმირი უყურებს თეთრ, ცარიელ ფირს და ამბობს: „როდესაც დავბრუნდები სხვა სამოსით, სხვა სახელით“. კი, ფიზიკური სახლი დანგრეულია, ფირი წაშლილია, მაგრამ „პირველი მზერა“ და ხელახლა დაბადების იმედი ნაპოვნია. პირველი კინოფირი არის ერთადერთი იარაღი დროის, უფრო სწორად, სასტიკი, უსამართლო, არაადამიანური ისტორიის წინააღმდეგ.

ფილმის ორიგინალურ ვერსიას ინგლისური სუბტიტრებით შეგიძლიათ უყუროთ აქ:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG