რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლ ე ლ ა

ლელა სამნიაშვილი
ლელა სამნიაშვილი

არის ამბები, ყველაზე სამწუხარო ამბებსაც რომ გადაფარავს.

მოკვდა ლელა სამნიაშვილი.

დიდი პოეტი და შესანიშნავი მთარგმნელი.

მაინც მგონია, რომ მთავარი სათქმელი წინ ჰქონდა.

უკვე ნათქვამს კი არ ვუწუნებ, უბრალოდ, მენანება დადუმებისთვის.

მით უფრო, რომ ლელა იყო სიტყვის ქალი.

იმის მიუხედავად, რომ ბევრს არ ლაპარაკობდა.

საკუთარი უკურნებელი სენიც კი დამალა, სხვებივით კი არ გამოაჭენა იგი, კი არ მოგვთხოვა თავზე ხელის გადასმა და ნუგეში - ჩუმად შეუერთდა სიტყვას.

ლელა ზვიად რატიანისგან და თეონა ბექიშვილისგან გავიცანი.

მაშინ ჯერ კიდევ გოგო იყო.

ბოლომდე ასეთიც დარჩა.

ბოლოს 8 წლის წინ ვნახე, ბერლინში, იმავე რატიანთან და პაატა შამუგიასთან ერთად.

თანამედროვეობის სამი დიდი პოეტი ერთად იჯდა სცენაზე და რიგ-რიგობით უკითხავდა თავის პოეზიას გერმანულ აუდიტორიას და პასუხობდა მის შეკითხვებს.

ზვიადმა და პაატამ საიდანღაც იცოდნენ, ან გამოიცნეს, რომ პუბლიკას დიდად არ აინტერესებდა მათი პასუხები, და ისინიც ურთიერთობდნენ მასთან დიდი ენთუზიაზმის გარეშე.

მაგრამ ლელა ანათებდა.

ვერ გრძნობდა, ან არ უნდოდა ეგრძნო პუბლიკის მოჩვენებითი ინტერესი, და ისე ემოციურად კითხულობდა თავის ლექსებს, თითქოს კითხულობდა პირველად, ან უკანასკნელად.

ღონისძიების შემდეგ მითხრა, სად დაიკარგეო.

ასე ახლობელს ეტყვიან, მონატრებულ ადამიანს.

ჩვენ კი არასდროს გვიახლობლია, თუმცა სულ გვქონდა ურთიერთპატივისცემა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაღაცნაირი ურთიერთგულშემატკივრობა.

ყოველ შემთხვევაში, მე ეს მიგრძნია ლელასგან არაერთხელ.

აქ ბევრმა გაიხსენა მისი ლექსები და თარგმანები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ქართული პოეზიის საგანძურში.

მაგრამ არავინ ახსენა მისი ხმის ტემბრი.

ლელას ჰქონდა სრულიად უნიკალური ხმა, რომელიც ერთხელ თუ გსმენია, შეუძლებელია, დაგავიწყდეს ან რამეში აგერიოს.

მშვიდობით, ლელა.

არასდროს, არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ხმა.

​
XS
SM
MD
LG