ვის აღარ უნახავს ბარი ლევინსონის „კუდი აქიცინებს ძაღლს“ (Wag the Dog), მაგრამ ვის უნახავს „ოპერაცია 'ჩახვეული ბურთი'“ (Curveball – Wir machen die Wahrheit), რომელიც უსამართლოდ ჩაყლაპა პანდემიამ, როგორც ბევრი სხვა რამ.
ერთი შეხედვით, ეს „ჩახვეული ბურთი“ ცოტა დაგვიანებულ ამბავზეა, კერძოდ, როგორ ემზადება მსოფლიო სადამ ჰუსეინთან ომისთვის, მაგრამ, მეორე შეხედვით, ფილმი მარადიულ ისტორიას ჰყვება - როგორ იქმნება ბუზიდან სპილო. უფრო ზუსტად, როგორ ქმნის პროპაგანდა არაფრიდან ჯერ ბუზს, რომ შემდეგ იქიდან სპილო გამოძერწოს. სპილო, რომელსაც ჭურჭლის მაღაზიაში გამოდგამს საჭირო დროს.
და აი, მალე, როცა ბუზიდან გამოძერწილი სპილო მაღაზიიდან გამოღწევას ეცდება, გზად ჭურჭლის მსხვრევას დაიწყებს. იმ წუთიდან ყველა საინფორმაციო არხიდან გადარეული სპილო მოგჩერებია. ეგაა, კარგად თუ დააკვირდები, ამ გადარეული სპილოს მიღმა შეიძლება ბუზიც დაინახო. ბუზი, რომელიც არ არსებობს.
ამ ორ ფილმს არასრული მეოთხედი საუკუნე აშორებს. „კუდი აქიცინებს ძაღლს“ 1997 წელს გამოვიდა ეკრანებზე, „ჩახვეული ბურთი“ კი - 2020-ში. პირველის რეჟისორი ცნობილი ბარი ლევინსონია, მის ფილმშიც მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობენ, რობერტ დენირო და დასტინ ჰოფმანი. მეორეს რეჟისორი კი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად ცნობილია და მის ფილმშიც მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ.
ასეა თუ ისე, ორივე ფილმი მანიპულაციაზეა, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ორივე პიარტექნოლოგიის შიდა სამზარეულოს აჩვენებს. ორივე სატირაა, ორივე სასაცილოა და ორივე მჩატე შთაბეჭდილებას ტოვებს. გმირებიც ხაზგასმულად კარიკატურულნი არიან, ეგებ კომიქსურიც კი, მაგრამ, რაც დრო გადის, მით უფრო კარგად ხვდები, რომ სასაცილო არაფერია. არამედ, ორივე ტრაგიკულ ამბავს ჰყვება. ეს ფილმები შესანიშნავი ილუსტრაციაა, თუ როგორ იყენებს პროპაგანდა რაღაც სისულელეს მანიპულაციისთვის და, რაც მთავარია, საკუთარი სისასტიკის გასამართლებლად. უძღებ პოლიტიკოსთა მიზნებს კი ხალხი ეწირება.
„ჩახვეული ბურთი“ სულაც ამ სასტიკი სტატისტიკით მთავრდება. იწყება იმის თქმით, რომ ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება. სამწუხაროდო, - ფილმის შემქმნელები აზუსტებენ, და მთავრდება დოკუმენტური კადრებით ბაღდადიდან. ამერიკის ერაყზე თავდასხმას სხვადასხვა მონაცემით ასიათასიდან მილიონამდე (115 000-600 000) მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.
ძნელია, აქ სხვა ორი შედევრი არ გაგახსენდეს: კუბრიკისეული „დოქტორი სტრეინჯლავი“ (1964) და ჯონ კარპენტერის „ისინი ცოცხლობენ“ (They Live), 1988 წელს რომ გამოვიდა ეკრანებზე, რომლის მთავარი გმირიც შემთხვევით „ჯადოსნურ“ სათვალეს ჩამოიცვამს ცხვირზე და, ჰოი, საოცრებავ! მაშინვე დაინახავს... და რას დაინახავს იგი? ტყუილს? სიმართლეს? ჭეშმარიტებას?
„ჩახვეული ბურთი“ სწორედ ამ შეკითხვას სვამს, ბანალურს, მაგრამ მარად აქტუალურს. „რა არის სიმართლე? ჰო, ილუზია. მაგრამ რად გადავიქცევით ჩვენ, თუკი შევწყვეტთ სიმართლის ძიებას? რა საჭიროა კანონები? რა საჭიროა ნიუსები, რეპორტაჟები ან არჩევნები? სიმართლე ქრება. და არავის ანაღვლებს ეს“.
რამდენიმე წლით ადრე გამოვიდა მატიას ბიტნერის „სიცრუის ომი“ (Krieg der Lügen), რომელმაც "ემიც" კი მიიღო 2016 წელს, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. „ომი“ ჰყვება რაფიდ ალვანზე (კოდური სახელწოდებით „ჩახვეული ბურთი“/Curveball), ერაყელ ინჟინერ-ქიმიკოსზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდა გერმანელ სპეცსამსახურებს, გერმანული პასპორტისა და გერმანიაში საცხოვრებლის სანაცვლოდ, რომ მისი სამშობლო ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს. რაც იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი. თუმცა სწორედ ეს ნაყოფი აღმოჩნდება საბოლოოდ მისი სამშობლოს დაბომბვის ერთადერთი საბაბი. „ჩახვეული ბურთიც“ ამაზევეა, მხატვრულად დამუშავებული.
რბილად რომ ვთქვათ, „ჩახვეული ბურთი“ არ არის შედევრი. მაგრამ ეს არც არის აქ აუცილებელი. მთავარი გზავნილია, სამყაროსავით ძველი და ბანალური. ერთადერთი ძლიერი კინემატოგრაფიული სვლა გამოსახულებაში კი არა, აუდიო გადაწყვეტაშია და ისიც ფილმის ფინალში. როცა მთავარი გმირი თავის თავთან ეგზისტენციალურ დიალოგშია, ამ დროს ფონად შემოდის ეული ფაგოტის ხმა. ეგებ ეს არცაა ფაგოტი. რაც უნდა იყოს, უმალ ხვდები, რომ ეს ბგერა იდეალურად აღწერს იმ კრიზისს, სიცარიელეს, ამაოების განცდასა და სევდას, რასაც ფილმი უტრიალებს. ორკესტრი აქ ბანალური იქნებოდა, სიჩუმე კი - ხმამაღალი.
ეს ბგერა წინ უძღვის ბაღდადის დაბომბვის კადრებს. როგორც „დოქტორი სტრეინჯლავი“, „ჩახვეული ბურთი“ მთავრდება ბომბით, ოღონდ მდუმარედ, კუბრიკი თუ სასიკვდილო როდეოს გვთავაზობს, გერმანული ფილმი დოკუმენტური კადრებით იხურება. აქ ისევ ოხერი შეკითხვა ჩნდება: „რა არის სიმართლე?“
ყველას თავისი სიმართლე აქვს. სინამდვილეც. უბრალოდ, ზოგი საკუთარ, სუბიექტურ სინამდვილეს აქცევს ობიექტურად. ის კი, ვისაც ამის შნო არა აქვს, იბოღმება და იყეფება. ყველას უნდა, თავისი სუბიექტური სინამდვილე აქციოს ობიექტურად. ყოველთვის გამოინახებიან ადამიანები, რომლებიც სხვის სინამდვილეს აღიარებენ ობიექტურად და გაიზიარებენ მას, გამორჩენის მიზნით თუ სხვა რამ მიზეზით, სულერთია. მთავარია, რაღაც სინამდვილის გარშემო ირაზმება ხალხი, როგორც ფანატთა არმია როკვარსკვლავის ირგვლივ. და რაც უფრო მეტი ადამიანია ამა თუ იმ თავსმოხვეული სინამდვილის გარშემო, მით უფრო დომინანტი ხდება ეს სინამდვილე. ნებისმიერი ჭეშმარიტება მხოლოდ იქამდეა უზენაესი, სანამ არ გამოჩნდება უფრო გამართული, დამაჯერებელი, კიდევ უფრო ზემდგომი ჭეშმარიტება. ჯერ არ ყოფილა ისტორიაში არცერთი კანონი, რომელიც არ შეუცვლია ახალს. დაუზუსტებია მაინც. დაუხვეწია. და რაც გვაქვს, გვაქვს მხოლოდ დროებით. უნივერსალური და სამუდამო არაფერია. „მაგრამ რად გადავიქცევით ჩვენ, თუკი შევწყვეტთ სიმართლის ძიებას?“
ვიღას სჭირდება ჯადოსნური სათვალე? მოვლენების არსის დანახვა კი არა, თვითონ მოვლენების დანახვაც კი აღარავის სურს. რამდენმა ძალით დაიბრმავა თვალი, რომ არ დაინახოს, რა ხდება გარშემო. ყურიც დაიყრუა, რომ არ გაიგოს, როგორ ყმუის რეალობა, და ცხვირშიც ხელი წაიჭირა, რომ არ გაუგოს გემო, რასაც მიირთმევს. ხოლო, როცა არაფერს მიირთმევს, მაშინ მაგრად აჭერს იმ ენას კბილს, რომ რამე არ წამოსცდეს შემთხვევით. ნებაყოფლობითი სიბრმავე და ყრუ-მუნჯობა, როგორც გადარჩენის ერთადერთი ინსტინქტი. ამდენ დამუნჯებულში კი ძნელია, შენც არ დაყრუვდე. ეგებ აღარავის ანაღვლებს, რომ სიმართლე ქრება, მაგრამ რად გადავიქცევით ჩვენ, თუკი შევწყვეტთ მის ძიებას?
ფორუმი