Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების კანონი" და მოსამართლეების თავშეკავებული პროტესტი


„აგენტების კანონის“ დამტკიცების ფინალურ ეტაპზე, როცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ცდილობდა, ათამდე მოსამართლემ სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლის ტექსტი გამოაქვეყნა. ეს მუხლი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის სავალდებულო ძალისხმევას შეეხება.

ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, ტელეკომპანია პირველთან, სასამართლოს დაშინებაზე ლაპარაკობს და იხსენებს მის მიმართ პირდაპირ მუქარაზე, რომელიც კლანმა მას კოლეგის საშუალებით შეუთვალა.

მასშტაბური საპროტესტო აქციების, საერთაშორისო პარტნიორების უმწვავესი კრიტიკისა და სანქციების დაკისრების გადაწყვეტილების მიუხედავად, 28 მაისს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „აგენტების კანონი“ 84 ხმით დაამტკიცა.

„ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ჩემი კონსტიტუციური მანდატიდან გამომდინარე, არ შემიძლია საჯაროდ, მეტად ჩემი პოზიციის დაფიქსირება. ვრჩები საქართველოს კონსტიტუციის და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულად. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად აისრულებს თავის კონსტიტუციურ მიზანს და გახდება ევროპული ოჯახის წევრი!“, - უპასუხა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ რადიო თავისუფლებას - ფეისბუკში მანამდე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.

ლევან დარბაიძე ერთ-ერთია იმ ათამდე მოსამართლეს შორის, რომლებმაც სოციალურ ქსელებში კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერი გამოაქვეყნეს. ეს მუხლი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობის ვალდებულებას შეეხება და „აგენტების კანონის“ ამ მუხლთან შეუთავსებლობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების [ვეტოს] ტექსტშიც იყო ხაზგასმული.

გამოქვეყნებულ პოსტებში მოსამართლეები არ განმარტავენ, რას უკავშირდება მათი ერთგვარი ფლეშმობი, თუმცა კონტექსტი ცხადია. პოსტები დროში ემთხვევა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ „აგენტების კანონის“ დამტკიცების ფინალურ ეტაპებს - 27/28 მაისს - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სესიას.

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

კონსტიტუციის 78-ე მუხლის ტექსტი სოციალურ ქსელებში ასევე გამოაქვეყნეს მოსამართლეებმა: თამარ ხაჟომიამ [თბილისის საქალაქო სასამართლო], თამარ ჩიხლაძემ [თბილისის საქალაქო სასამართლო], ეკა არეშიძემ [თბილისის საქალაქო სასამართლო], ქეთი მესხიშვილმა [თბილისის სააპელაციო სასამართლო], ნინო ბაქაქურმა [უზენაესი სასამართლო], მადონა მაისურაძემ [რუსთავის საქალაქო სასამართლო].

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთი მესხიშვილი 11 მაისს გამოქვეყნებულ სტატუსში, კონსტიტუციის 78-ე მუხლსა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტზე დაყრდნობით, წერს, რომ ევროპული ინტეგრაცია უალტერნატივოა.

„კი, ყველა იმ რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ყველა იმ პროექტს, ინიციატივას, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას! ისტორიული შესაძლებლობა აქვს ქვეყანას და ეს არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს შვილებს! არა, არა და არა ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!“, - წერს მოსამართლე მესხიშვილი.

„სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი გვეუბნება, რომ საქართველოში დაახლოებით 330 მოქმედი მოსამართლეა და 10-მდე მოსამართლის პოზიცია „ძალიან, ძალიან ცოტაა“ და ამინდს ვერ ქმნის.

„მესმის რისკები. შეიძლება ესა თუ ის მოსამართლე თანამდებობიდანაც გაუშვან - იუსტიციის საბჭოს, თავისი ძალაუფლებით, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მოსამართლეები, რომლებიც აზრს თავისუფლად გამოხატავენ, არიან რისკის ქვეშ, რომ ხვალ თუ არა ზეგ მაინც მათ წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყონ, მაგრამ ამ რისკს უნდა სწევდეს ნებისმიერი მოსამართლე, სხვა შემთხვევაში ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნაზი ჯანეზაშვილი.

  • „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ 75-ე პრიმა მუხლში, რომელიც მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველსა და დისციპლინური გადაცდომის სახეებს შეეხება, წერია, რომ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება „მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“;
  • პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად არ მიიჩნევა მხოლოდ „სასამართლო რეფორმის შესახებ ან/და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე მოსამართლის მეცნიერული ან ანალიტიკური მსჯელობა“.

მანამდე, მარტში, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კოლეგები დაუპირისპირდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების ინიციატივას (ვეტინგი) დაუჭირეს მხარი.

2021 წლის ნოემბერში, 20-მდე მოქმედი მოსამართლე გაემიჯნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო სისტემის კრიტიკას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებდა. საერთაშორისო პარტნიორების მორიგი კრიტიკა მაშინ შეეხებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას საწინააღმდეგო რეკომენდაციის ფონზე. მათ შორის იყო ქეთევან მესხიშვილიც.

უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ 28 მაისს ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით - "ტვინის გასხმევით" დაემუქრნენ. მუქარის მესიჯი მოდიოდა „სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან“ და მოსამართლე ალავიძისგან „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლებისთვის საჭირო“ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდნენ.

„ასევე, მაგალითად, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ მე იმ საქმეს წინასწარ, გარიგებულად მოვაწერდი ხელს, ჩემს მიმართ შეიცვლებოდა დამოკიდებულება და განწყობა“, - ამბობს ყოფილი მოსამართლე და მუქარის კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს.

„ასევე კლანისგან მივიღე ისევ მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, მე შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას“, - ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ სასამართლო „დაშინებულია“ და სწორედ ამას მიაწერს მოსამართლეთა დუმილს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა მოსამართლეთა პოსტები კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით. ბესარიონ ალავიძემ მუქარა სწორედ ამ ამბის კომენტირებისას გაიხსენა და განაცხადა, რომ პროტესტის გამოხატვას მხოლოდ მოსამართლეთა „მცირე ჯგუფი“ ახერხებს.

ბესარიონ ალავიძე "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლეა. ის საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის თებერვალში 10-წლიანი ვადით დაინიშნა და ერთ-ერთი იყო იმ 9 მოსამართლეს შორის, რომლებმაც "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

ე.წ. კლანის წევრებად მოხსენიებულმა მოსამართლეებმა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბესარიონ ალავიძის განცხადებებს არაერთხელ უწოდეს ცილისწამება, თქვეს, რომ ის განაწყენებული იყო და "არასამთავრობო ორგანიზაციებთან გარიგებაც" ახსენეს.

27 მაისს ბესარიონ ალავიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ „აგენტების კანონის“ დამტკიცებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყნის ღალატს აწერენ ხელს და მათ სახელებს „საქართველოს უახლესი ისტორიის შავ ფურცლებზე დიდი ასოებით დაწერს“.

28 მაისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 84 ხმით საბოლოოდ დაამტკიცა "აგენტების კანონი", ბესარიონ ალავიძემ ფეისბუკზე დაწერა:

"ჩემო კარგო ქვეყანავ, გისამძიმრებ ქვეყნის გარუსებას და საბჭოთა წარსულში დაბრუნებას. ქართული ოცნების მომხრეებო, გილოცავთ საბჭოთა საქართველოს დაბადებას, გისურვებთ მხოლოდ ერთი მიმართულებით, მოსკოვის მიმართულებით მშვიდობიან მგზავრობას თქვენ შვილებთან ერთად!"

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG