Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომი ფოტოებში


რუსული ტანკების შემოსვლა ზუგდიდში. 2008 წლის აგვისტო.
რუსული ტანკების შემოსვლა ზუგდიდში. 2008 წლის აგვისტო.

აგვისტოს ომის წლისთავზე სამეგრელოში ძირითადად აფეთქებული ფოთის ნავსადგური, სენაკის სამხედრო ბაზა და ანაკლია-განმუხურის სამშვიდობო ბანაკი ახსენდებათ, ასევე ბომბების ჩამოგდება ზუგდიდის სოფელ ურთასა და აბასთუმანში, რუსული სამხედროებისა და ტექნიკის შემოსვლა ქალაქში.

აგვისტოს ომი ფოტოებში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:13 0:00
გადმოწერა

მოკლედ, აგვისტოს ომზე თავისი წილი მოსაყოლი ყველას აქვს. გაცილებით ბევრ ისტორიას ინახავს ზუგდიდელი ფოტოგრაფი ლევან გაბეჩავა, რომელიც 10 წლის წინ სამეგრელოს ყველა ცხელ წერტილში იმყოფებოდა. მის არქივში ინახება ასობით ფოტო, რომელიც აგვისტოს ომის დღეებში სენაკის, ფოთისა და ზუგდიდის ცხოვრებას ასახავს.

ლევან გაბეჩავა
ლევან გაბეჩავა

ლევან გაბეჩავა სხვადასხვა სააგენტოსთვის - მათ შორის, „როიტერისთვის“ - მუშაობდა. ამბობს, რომ ასეთ დროს საფრთხეზე არ ფიქრობ და მხოლოდ საქმეზე ხარ ორიენტირებული. გადადგილდებოდა ერთ მეგობართან ერთად საკუთარი ავტომობილით. ფოტოგრაფი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს, როგორ დააკავეს რუსმა სამხედროებმა სენაკისკენ მიმავალ გზაზე:

„თავს ვარიდებდით, მაგრამ ერთხელ დაგვიჭირეს თეკლათის გადასახვევთან - იქ, სადაც რკინიგზის გადასასვლელია. ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ დაგვიბრუნეს ფოტოაპარატი და ვიდეოკამერაც. მეგობართან ერთად ვიყავი. გაღიზიანდნენ, რომ კოლონის ფოტოები მქონდა გადაღებული. უშიშროების აგენტი ვეგონე და ახსნა-განმარტებები მომთხოვეს. მერე გამოგვიშვეს“.

დევნილთა საერთო საცხოვრებელი
დევნილთა საერთო საცხოვრებელი

ლევან გაბეჩავას თქმით, პირველი, რაც გადაიღო, იყო სენაკში 9 აგვისტოს დაბომბილი დევნილთა საერთო საცხოვრებელი. მის ფოტოებში ჩანან ადამიანები, რომლებიც შენობისგან დარჩენილ კარკასში საკუთარ ნივთებს ეძებენ. ფოტოგრაფი შემდეგ უკვე სენაკის სამხედრო ბაზაში შედის, რომელიც თითქმის ცარიელი ხვდება:

„გაჩანაგებული იყო. წაღებული იყო ტყვია-წამალი, ტანსაცმელი. გაგვიმართლა, რომ ისინი ყაზარმებიდან გასული იყვნენ მეორე მხარეს. იქ მიდიოდა იარაღის გატანა და ჩვენი ყურადღება არავის არ ჰქონდა. სრული განუკითხაობა იყო. იქ საკმაოდ ბევრი იარაღიც იყო დატოვებული და მაროდიორობის კვალიც ეტყობოდა“.

სენაკის სამხედრო ბაზა. 2008 წლის აგვისტო.
სენაკის სამხედრო ბაზა. 2008 წლის აგვისტო.

10 აგვისტოს ლევან გაბეჩავა უკვე ენგურის ხიდზე მუშაობს, ის ფოტოაპარატით აფიქსირებს რუსული ტანკების ზუგდიდში შემოსვლას და იმავე დღეს მათ დაბანაკებას პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის ეზოში. აქვეა ფოტოები, სადაც ჩანან შეშინებული და სასოწარკვეთილი მოქალაქეები, რომლებიც ქალაქს ტოვებენ და თავს სოფლებს აფარებენ. ადამიანებით სავსე სატვირთო ავტომობილებითაა ქალაქის ქუჩები გადატვირთული.

არქივშია ასევე აგვისტოს თვით დათარიღებული ფოტო, სადაც ჩანს ზუგდიდის სოფელ ცაიშში, ავტობუსების გაჩერებასთან მიწერილი წარწერა „რუსეთი ოკუპანტია“. გაკვირვებული დარჩა, როცა გაიგო, რომ წარწერას შეშინებული სოფლის მოსახლეობა შლიდა:

ცოცხალი ჯაჭვი ენგურის ხიდთან
ცოცხალი ჯაჭვი ენგურის ხიდთან

„ეს ცოტათი კურიოზულიც კი იყო. დავაწერდით „როსია ოკუპანტ“, გამოვივლიდით და ერთ საათში წაშლილი იყო. დავაწერდით და ისევ წაშლილი იყო. მერე გამოვიჭირეთ ვიღაცები, რომ შლიდნენ. გვითხრეს, ეს რომ რუსებმა ნახონ, დაგვბომბავენ და დაგვწვავენო. შიშის ფაქტორი იყო. მერე გავაფრთხილეთ. სამჯერ მოგვიწია ერთი და იგივეს მიწერამ“.

რუსეთის ჯარები ზუგდიდს ტოვებენ
რუსეთის ჯარები ზუგდიდს ტოვებენ

2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, როცა იხსენებენ აგვისტოს ომს და პატივს მიაგებენ დაღუპულ მებრძოლებს, ზუგდიდის გალერეაში, ტრადიციულად, ლევან გაბეჩავას ფოტოგამოფენა ეწყობა. ფოტოგრაფის არქივში ბოლო ფოტოებზეც ტანკები ჩანან, ისევ ენგურის ხიდზე, თუმცა ამჯერად ისინი ქალაქს ტოვებენ. აქვეა კადრები, სადაც მოსახლეობის აქცია ჩანს, ცოცხალი ჯაჭვი, როგორც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG