Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

56 ადამიანი „რუსთავის აზოტისგან“ განაცდურისთვის 1,5 მილიონი ლარის დაუყოვნებლივ გადახდას ითხოვს


განაცდურისთვის, დაახლოებით, 1,5 ლარის დაუყოვნებლივი გადახდისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, 19 თებერვალს ქვემო ქართლის სააღსრულებლო ბიუროს „რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებული 56 ადამიანის განცხადება წარედგინა, რომელსაც თან ერთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, გაბათილდა სააქციო საზოგადოება „აზოტის“ დირექციის 2017 წლის იანვრის ბრძანება მომჩივანთა სამსახურიდან გაშვების შესახებ, თუმცა საწარმომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და როცა საქმე იქაც წააგო, უზენაეს სასამართლოს მიმართა.

თამარ სურმავამ, პროფკავშირების გაერთიანების ადვოკატმა, საააღსრულებლო ბიუროში განცხადების წარდგენის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2019 წლის დეკემბერში უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო დავაზე იმსჯელა, 29 იანვარს კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

„’რუსთავის ზოტი’ აყოვნებს მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩლეებმა საქმე სამივე ინსტანციაში მოიგეს. ამიტომაც მივმართეთ აღსრულების ეროვნულბიუროს, რომ დაუყოვნებლივ დაემორჩილონ სასამართლოს მოთხოვნას“, თქვა თამარ სურმავამ.

2017 წლის 27 იანვარს, მას შემდეგ, რაც საინვესტიციო კომპანია „ეუ ინვესტმეტნტმა“ გაკოტრებამდე მისული შპს „აზოტი “ იყიდა, შემდეგ კისააქციო საზოგადოებად ჩამოაყალიბა, „რუსთავის აზოტიდან“, დაახლოებით, 350 თანამშრომელი გაუშვეს. მოგვიანებით უმრავლესობას კომპენსაცია - 1200-1500 ლარი - გადაუხადეს, 57-მა კი კომპენსაციაზე უარი თქვა. სასამართლო დავის პერიოდში ერთი მომჩივანი გარდაიცვალა.

„რუსთავის აზოტის“ იურისტებმა მაშინ განმარტეს, რომ დირექციის გადაწყვეტილება კანონიერი იყო, რადგან „ეუ ინვესტმენტმა“ მხოლოდ საწარმო შეისყიდა, მას შემდეგ კი, რაც „აზოტის“ იურიდიული მხარე შეიცვალა, ინვესტორ კომპანიას ძველი საწარმოს თანამშრომლებთან სამართლებრივად არაფერი აკავშირებდა. გურამ იანტბელიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც სამსახურიდან გაუშვეს და დღეს სამსახურში აღდგენას ითხოვს.

„მტვირთავად ვმუშაობდი. 2017 წლის 27 იანვარს, როცა სამსახურში მივედი, ტერიტორიაზე არ შემიშვეს, არც არავის გავუფრთხილებივარ, რომ სამსახურიდან გამიშვეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას გურამ იანტბელიძემ.

მისივე თქმით, საწარმო სამსახურში მის დაბრუნებას „საეჭვოდ“ აყოვნებს, განაცდურის გადახდასაც აგვიანებს, ამიტომაც მიმართეს ქვემო ქართლის სააღსრულებლო ბიუროს. გაერთიანებული პროფკავშირების ადვოკატის, თამარ სურმავას, თქმით, ის ესაუბრა „რუსთავის აზოტის“ დირექციას, რომელიც თავს იმით იმართლებს, რომ ელოდება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, რაც იურიდიულად არასწორია.

„უზენაესი სასამართლო როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს, ის კანონიერ ძალაში შედის“, განმარტა ადვოკატმა. ის დარწმუნებულია, რომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს დახმარებით, საწარმოს აიძულებენ განაცდური აანაზღაუროს და მომჩივანნი სამსახურში აღადგინოს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG