Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კრიპტოვაჭრობა“ თუ თაღლითობა - ეჭვები საქართველოში პოპულარულ „საინვესტიციო პლატფორმაზე“

ყველა მსგავსი პლათფორმა „მსხვერპლებს“ სწრაფი გამდიდრების დაპირებით იზიდავს
ყველა მსგავსი პლათფორმა „მსხვერპლებს“ სწრაფი გამდიდრების დაპირებით იზიდავს

სავარაუდოდ, საქართველოს ათასობით მოქალაქემ ჩადო ფული  ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმა“ TSQ Investment Group-ში.  პლატფორმა კრიპტოვალუტით „ვაჭრობს“ და წევრებს სწრაფ  შემოსავლს ჰპირდება, რისი ერთ-ერთი საფუძველიც სქემაში ახალი წევრების მიყვანაა. 

ეს „კლასიკური ფინანსური პირამიდაა“, ამბობენ ექსპერტები. მისი „ჩამოშლის“ რისკზე კი ის მიუთითებს, რომ აგვისტოს ბოლოს სისტემამ ფულის გატანა შეზღუდა.

ორგანიზატორები მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ თანხის გატანასთან დაკავშირებული პრობლემა დროებითია და სექტემბერში მოგვარდება. თუმცა სხვა ქვეყნებში მსგავსი პლატფორმების გამოცდილება ამ დაპირების მიმართ ეჭვის საფუძველს აჩენს.

„ჯერ სქემა მუშაობს, თუმცა თანხის გატანა შეიზღუდა“

ნიკა (სახელი შეცვლილია) თბილისში ცხოვრობს, TSQ Investment Group-ს 23 აგვისტოს შეუერთდა. კრიპტოანგარიშიდან სისტემაში 1 000 დოლარი გადარიცხა და პლათფორმა GXMCOIN-ზე „ვაჭრობა“ დაიწყო.

ის ე.წ. სავაჭრო სიგნალს, სპეციალურ ჩატში იღებს, შემდეგ ეს კოდი აპლიკაციაში შეყავს და ანგარიშზე „მოგებას“ ხედავს.

ნიკა ყვება, რომ დამწყებ მომხმარებელს დღეში ოთხი ასეთი „სიგნალის“ გამოყენება შეუძლია, შემდეგ ეტაპებზე კი რაოდენობა მცირდება. რაც უფრო მეტი თანხა გაქვს ანგარიშზე, მით მეტი „მოგების“ შანსი გიჩნდება.

დამატებითი სარგებელი მოაქვს სისტემაში ახალი კლიენტების ჩართვას. რაც მეტ ადამიანს გააწევრიანებებ, მით მეტ ფულს გააკეთებ.

სწორედ ახალი წევრების მოზიდვაზე დამოკიდებული სარგებელია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ ფულის გამომუსავება ფინანსური პირამიდის სქემით ხდება.

„სქემა, ჩემი ინფორმაციით, (საქართველოში) მინიმუმ 2025 წლის ნოემბრიდან მუშაობს. ვისაც რა თანხა ჰქონდა ჩადებული, მერე ეს თანხა ამოიღეს და დიდ მოგებაზეც გავიდნენ - ზოგმა მკურნალობის თანხა დაფარა, ემიგრაციიდანაც კი დაბრუნდნენ. დაზარალებული მე არ მინახავს“, - გვიყვება ნიკა.

„საინვესტიციო პლატფორმის“ აპლიკაცია
„საინვესტიციო პლატფორმის“ აპლიკაცია

მისი პირველი „ინვესტიციის“ ჩადებიდან რამდენიმე დღეში სისტემიდან თანხის გატანა შეიზღუდა.

ორგანიზატორებმა ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელეს - მათ შორის მომხმარებლებს შორის გავრცელებული პანიკა, რასაც თანხების მასობრივი გატანა მოჰყვა, და „აუდიტის“ ჩატარების აუცილებლობა.

მათი დაპირებით, თულის გატანაზე დაწესებული შეზღუდვები სექტემბრის პირველი კვირიდან უნდა გაუქმდეს. ნიკას იმედი აქვს, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში თავის თანხას უკან დაიბრუნებს.

ჩვენ ვესაუბრეთ სქემის კიდევ ერთ მონაწილეს, ლაშას (სახელი შეცვლილია), რომელიც სისტემას დაახლოებით ორი თვის წინ შეუერთდა. მას შემდეგ, რაც ანგარიშზე ასახული თანხა გაუორმაგდა, საწყისი „ინვესტიცია“ სწრაფადვე გაიტანა და „ვაჭრობა“ მოგებული ფულით გააგრძელა. მას თავიდანვე ესმოდა, რომ ფინანსურ პირამიდაში ერთვებოდა.

„მე როგორც მესმის, შენი თანხით კრიპტობირჟაზე ვაჭრობას იწყებენ. მოგებიდან პროცენტს იღებენ, ნაწილს შენ გაძლევენ. ჯერ სქემა მუშაობს, თუმცა თანხის გატანა შეიზღუდა. ყველამ იცის, რომ ადრე თუ გვიან ეს სქემა დასრულდება“, - ეუბნება ლაშა რადიო თავისუფლებას.

ვინ არის „პროფესორი ჰენრი ჯონსი“?

პროექტის ერთ-ერთ მთავარი ფიგურა „ჰენრი ჯონსია“. TSQ მას „ფინანსურ ექსპერტად“ და კომპანიის დამფუძნებლად წარადგენს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული „ბიოგრაფიის“ მიხედვით, ჯონსი 1986 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, ფლობს საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, წლებია „ფინანსურ სფეროში მუშაობდა და მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა“.

„ჰენრი ჯონსი“
„ჰენრი ჯონსი“

„ჰენრი ჯონსი“ მომხმარებლებისთვის პერიოდულად ვიდეომიმართვებსაც ავრცელებს. მაგალითად, 29 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოში ის ქართველ მომხმარებლებს ამშვიდებდა და ჰპირდებოდა, რომ თანხას ყევლა გაიტანდა.

არავინ იცის, „ჰენრი“ მართლაც რეალური ადამიანია თუ ის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი პერსონაჟი. და თუ მართლაც არსებობს, სად ცხოვრობს, რა ქვია და ვინ არის?

პოლონური გამოცემა Bankier.pl ჯერ კიდევ 2025 წელს „ჰენრი ჯონსს“ „ადამიან-მოჩვენებას“ უწოდებდა და წერდა, რომ მართალია TSQ მის ბიოგრაფიულ ცნობებს ავრეცელებს, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა.

კამათი სოციალურ ქსელებში

მიუხედავად იმისა, რომ სქემა საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს, განსაკუთრებული ყურადღება მან აგვისტოს მეორე ნახევარში მიიქცია.

შესაძლო ფინანსური პირამიდის რისკებზე ფეისბუკზე ჟურნალისტები ლაშა ბერულავა და დავით ჭაბაშვილი, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეკონომისტი რომან გოცირიძე აფრთხილებდნენ.

გოცირიძემ 29 აგვისტოს დაწერა, რომ „პირამიდის სისტემა საქართველოში პიკს უახლოვდება“, თუმცა კლიენტების „რეკრუტირება“ სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ისევ გრძელდება.

გოცირიძე, სხვადასხვა წყაროს მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ქართველებმა ამ სქემაში დაახლოებით 30 მილიონი დოლარი შეიტანეს.

TSQ-ში დაბანდებული სახსრების ოდენობის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.

სქემაში ჩართული მოქალაქეების ნაწილი გაფრთხილებებს მწვავედ პასუხობს და ამტკიცებს, რომ სისტემიდან თანხის გატანა შეძლო:

  • „ყველა, ვინც ჩართულები ვართ, თანხაც გამოგვაქვს და ვართ ბედნიერად. ვიცით, რომ პირამიდაა, მაგრამ სხვის ფულს რატო დასდევთ“.
  • „ხალხმა სესხები დროზე ადრე დაფარა, ბანკებს ანაბრები შემოაკლდა. ეს ყველაფერი არ აწყობს წურბელებს და მაგიტომაცაა, რომ ჩვენზე „დარდობენ“.
  • „ბანკები რომ ძარცვავენ პროცენტების სახით, მაგაზე რატომ არ აშუქებთ აქტიურად?“

კომენტარებში საპირისპირო მოსაზრებებიც მრავლადაა.

  • „ეგ პროექტი კრიპტოვაჭრობას იყენებს როგორც ლეგენდას, რეალურად არ ვაჭრობს არანაირი კრიპტოთი და ის „სიგნალები“, რომლებსაც მომხმარებლებს უგზავნის, ყალბია“.
  • „მანდ კრიპტო მხოლოდ შირმაა, არავითარი ვაჭრობა არ ხდება, სარგებლობენ ხალხის გაუთვითცნობიერებით და არის ტიპიური პონცის თაღლითური სქემა. როგორც ყველა ფინანსურ პირამიდაშია, რაღაც ეტაპზე ვიღაცეები ფულს „გამოიმუშავებენ” - სხვების გამწარების ხარჯზე… “

პონცის სქემა საინვესტიციო თაღლითობის ფორმაა, როდესაც ადრინდელ მონაწილეებს „მოგებას“ ახალი მონაწილეების მიერ შეტანილი თანხებით უხდიან. სახელი უკავშირდება იტალიელ ემიგრანტ ჩარლზ პონცის, რომელმაც 1920 წელს აშშ-ში ამ პრინციპზე აგებული მასშტაბური აფერა ჩაატარა.

TSQ Investment Group-ის პრობლემები სხვა ქვეყნებში

TSQ Investment Group-ისა და მასთან დაკავშირებული პლატფორმების საქმიანობით სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლები და სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდნენ.

პლატფორმა Hellobit, რომელსაც TSQ Investment Group მომხმარებლების კრიპტოოპერაციებისთვის იყენებდა, სომხეთში ყურადღების ცენტრში 2025 წლის ბოლოს მოექცა.

8 დეკემბერს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Hellobit-ს პირდაპირ „ფინანსური პირამიდა“ უწოდა და განაცხადა, რომ მასში თანხის დაბანდებით „ბევრი მოქალაქე დაზარალდა“.

კიბერპოლიციამ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით Hellobit-ის სომხეთთან დაკავშირებული ონლაინპლატფორმები დაბლოკა.

2025 წლის 28 ივლისს ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეროვნულმა კომისიამ (CNMV) TSQ Investment Group Ltd-ის შესახებ ოფიციალური გაფრთხილება გამოაქვეყნა.

რეგულატორის განცხადებით, TSQ Investment Group-ს ესპანეთში არ ჰქონდა უფლება გაეწია კანონით რეგულირებული საინვესტიციო მომსახურება, მათ შორის სავალუტო ოპერაციები, ან კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული მომსახურება, რომლისთვისაც წინასწარი ავტორიზაციაა საჭირო.

TSQ-ის საქმიანობით ესპანური მედიაც დაინტერესდა.

Cadena SER 2025 წლის ნოემბერში წერდა, რომ კომპანია მომხმარებლებს კრიპტოვალუტით მაღალი შემოსავლის მიღებას სთავაზობდა, ახალი წევრების მოზიდვა კი დამატებით სარგებელს იძლეოდა.

გამოცემასთან საუბრისას ეკონომისტმა ხავიერ როშემ TSQ-ისა და Hellobit-ის მოდელში ფინანსური პირამიდისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე მიუთითა.

რამდენიმე დღის შემდეგ Cadena SER-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პლატფორმამ მუშაობა შეწყვიტა. გამოცემის ცნობით, მომხმარებლებს უთხრეს, რომ სისტემა „გატეხეს“ და პრობლემის მოსაგვარებლად დამატებით 10%-ის შეტანა იყო საჭირო.

პოლონეთში საქმე სისხლის სამართლის გამოძიებამდე მივიდა.

შჩეცინის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2025 წლის 27 ნოემბერს დაიწყო და ეხება ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც TSQ Investment Group-ისა და Hellobit-ის გამოყენებით მოქმედებდა.

პროკურატურის თანახმად, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი სულ მცირე 2,19 მილიონ ზლოტს (500 ათას ევროზე მეტი) შეადგენს.

გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, Hellobit საინვესტიციო კომპანია არ ყოფილა და რეალური ინვესტიციები არ ხორციელდებოდა.

2025 წლის 17 დეკემბერს პოლიციამ საქმეზე ექვსი ეჭვმიტანილი დააკავა. ხუთ მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რას ამბობს ეროვნული ბანკი?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მოქალაქეები საეჭვო ფინანსური სქემის შესახებ პირველად 31 ივლისს გააფრთხილა.

„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა“, - აცხადებდა ეროვნული ბანკი.

26 აგვისტოს სებ-მა ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, თანხის დაბანდებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ და შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკი.

ის ხსნიდა, რომ სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ სისტემაში კლიენტები მასობრივად ერთვებიან, კამპანია საკმაოდ წარმატებულადაც კი შეიძლება ჩანდეს და მონაწილეებმა სარგებელიც კი მიიღონ. თუმცა დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს ვალდებულებებს და სქემა „აუცილებლად იშლება“.

ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ, ამბობს გზირიშვილი.

რატომ ერთვებიან ადამიანები მსგავს სქემებში?

პაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი

„ადვილი ფულის შოვნის იდეოლოგია ვერ გადაამუშავა საზოგადოებამ და ისევ სჯერათ, რომ შესაძლებელია ვიღაცამ უფასოდ ან არაფერში რაღაც ფული გაშოვნინოს და გაგაკეთებინოს, რაც ბუნებაში არ არსებობს“, - ამბობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და ამატებს, რომ ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მანამდე უნდა აფრთხილებდეს, სანამ პრობლემა მასშტაბური გახდება.

„კლასიკურ პირამიდულ სქემაში“ მისი თქმით, ძირითადად ორი განსხვავებული განწყობით ერთვებიან: ერთ ნაწილს მართლაც სჯერა დაპირებული მაღალი შემოსავლის, მეორე ჯგუფი კი აცნობიერებს სქემის არსს, თუმცა იმედი აქვს, რომ მის ჩამოშლამდე მოგების მიღებას მოასწრებს.

ბაზარზე კი, ექსპერტების ინფორმაციით, TSQ-ის მსგავსი კიდევ არაერთი სქემა მუშაობს, ყველა ეს პლათფორმა „მსხვერპლებს“ სწრაფი გამდიდრების დაპირებით იზიდავს.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG