Accessibility links

site logo site logo

"აეროპორტიდან 50 წუთის სავალზე ვართ" - ინტერვიუ ავღანეთში მყოფ ქართველთან


თემო ელიკაშვილი

თალიბანის მიერ დაპყრობილ ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 20-ზე მეტი ყოფილი სამხედრო ამჟამად ქაბულის გარეუბანშია. აეროპორტამდე არცთუ მოკლე მანძილზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის მათ ახლა თურქი სამხედროების იმედი აქვთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთიდან საქართველოში მათი გადმოყვანა სპეციალური ავიარეისით მოხდება.

  • რა მდგომარეობაა ახლა ავღანეთში?
  • გრძნობენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ
  • კონკრეტულად რას ელოდებიან ისინი?

ამერიკული საერთაშორისო უსაფრთხოების კომპანიის (GardaWorld) ერთ-ერთ ქართველ თანამშრომელს, ყოფილ სამხედროს, თემო ელიკაშვილს რადიო თავისუფლება ავღანეთში დაუკავშირდა.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად სად იმყოფებით? რა მდგომარეობაა ახლა ავღანეთში? საქართველოში ღელავენ თქვენ გამო.

ქაბულის გარეუბანშია ჩვენი ბაზა. აეროპორტიდან ავტომობილით სადღაც 50 წუთის სავალზე ვართ. ახლა სიმშვიდეა. გარეთ მოძრაობენ თალიბები. ვიდრე დედაქალაქს სრულად აიღებდნენ, სროლა ისმოდა და ძალიან რთული ვითარება იყო. ახლა აღარ ისვრიან, ამ ეტაპზე ასეა.

რადიო თავისუფლება: თქვენთან რაიმე სახის კონტაქტი ხომ არ უცდიათ? რაიმე სახის ულტიმატუმი ხომ არ ყოფილა?

არა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. მოძრაობენ გარეთ. არავინ იცის, რას აპირებენ. როგორც ჩვენ ვიცით, ხელს არ შეუშლიან უცხოელების გაყვანას ქვეყნიდან. თუმცა რისკი მაინც არის.

რადიო თავისუფლება: ხომ არ უცდიათ ინტერნეტის გათიშვა ან სხვა რაიმე სახის ზემოქმედება ხომ არ ყოფილა?

არა. არაფერი მსგავსი. საერთოდ არანაირად არ გვეხებიან. მაგრამ რა მოუვათ თავში, არავინ იცის. გარეთ გასვლა უსაფრთხო არ არის. დედაქალაქის დაკავებამდე ისინი დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ახლა თითქოს ცოტა შეჩერდნენ. არ ვიცი, ძნელია შეფასება.

რადიო თავისუფლება: დაუზუსტებელი ცნობებით, ავღანეთში საქართველოს 22 მოქალაქეა დარჩენილი ამჟამად. ერთმანეთთან თუ გაქვთ კონტაქტი?

კი. დაახლოებით 22 ადამიანი ვართ სულ - ყველა აქ, ამ ბაზაზე ვართ. ამერიკული კომპანიის სხვადასხვა პროექტში ვიყავით ჩართული. უსაფრთხოების დაცვის სამსახურია.

რადიო თავისუფლება: რა იყო თქვენი მისია? რა სამუშაოს ასრულებდით ავღანეთში?

კერძო კონტრაქტით ვმუშაობთ ამ კომპანიაში - უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურია. ამაში შედის როგორც პირადი დაცვა, ასევე უსაფრთხო გადაადგილება, ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. ცვლის უფროსი ვარ ამერიკულ კომპანია „GardaWorld“-ის პროექტში.

რადიო თავისუფლება: თქვენ ყოფილი სამხედრო ხართ?

კი. ყოფილი სამხედრო ვარ. ადრე ავღანეთის მისიაშიც ვიყავი როგორც სამხედრო. ბოლო ერთი წელია ამ საკონტრაქტო სამსახურში ვარ, ამ კომპანიაში. სხვადასხვა ქალაქში მიწევდა მუშაობა. ბიჭებიდან ზოგი 2-3 წელია აქ მუშაობს.

რადიო თავისუფლება: რას აპირებთ ახლა? რას ელოდებით? დაბრუნების რა გეგმა გაქვთ? რას გპირდებიან? ვინ გპირდებათ?

ჯერ არ ვართ აეროპორტში. ველოდებით ამ ეტაპზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორც შეგვპირდა, თურქი სამხედროები დაგვეხმარებიან გადაადგილებაში. ველოდებით თურქულ სამხედრო კონვოის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხო ტრანსპორტირება აეროპორტამდე.

ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს. მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსანდრეა (ხვთისიაშვილი) აქტიურად ჩართული ამ პროცესში.

ვიცით, რომ სპეციალურ თვითმფრინავს გამოგვიგზავნიან საქართველოდან. მთავარია, აეროპორტამდე მივიდეთ. ზუსტად როდის იქნება ეს, არ ვიცი.

რადიო თავისუფლება: ადგილზე ვინ არის, ქართველების გარდა? სხვა ეროვნების თანამშრომლებიც გყავთ?

აქ არიან, მაგალითად: რუმინელები, ბულგარელები, უკრაინელები. ჩვენს ბაზაზე ვინც მუშაობს, ჯერ არავინ გაუყვანიათ. როცა დაინახეს, რომ ასე აქტიურად იყო ჩართული ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინელებმა გვითხრეს - თუ იქნება საშუალება, თქვენი თვთმფრინავით ჩვენც წამოვალთო. არ ვიცი, ეს რამდენად მოხერხდება.

რამდენადაც ვიცი, თურქული მხარე მხოლოდ ქართველების გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ამ ბაზიდან საერთოდ არავინ გასულა ჯერ, ამ დრომდე. საფრთხე იყო დიდი. შეუძლებელი იყო აეროპორტამდე მისვლა. გუშინ ეს ვერავინ გარისკა.

რადიო თავისუფლება: ცოტა ადრე რატომ ვერ მოახერხეთ გამოსვლა?

ავღანეთის მთავრობა თუ ასე მალე ჩაბარდებოდა, არავის ეგონა. ჩვენ როგორც კი დავტოვეთ მწვანე ზონა, იმ დღესვე აიღეს ქაბული თალიბებმა.

სამხედრო აეროპორტში მუშაობდა 150 ქართველი და ისინი წავიდნენ ადრე, რადგან გაუქმდა ის პროექტები. ჩვენ რადგან მწვანე ზონის უსაფრთხოებაზე ვიყავით პასუხისმგებელი, მოგვიწია დარჩენა, რადგან მწვანე ზონაში საელჩოები იყო და სანამ არ გავიდოდნენ ისინი, ვერ გამოვიდოდით ჩვენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG