Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი დიპლომატის გვარი საელჩოს საიტიდან გაქრა, მომღერლების ვიდეო - ფეისბუქიდან


21 იანვარს რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მომღერალი, აფიკ ნოვრუზოვმა და გვითხრა, რომ კონფლიქტი მათსა და აზერბაიჯანის საელჩოს პირველ მდივანს, ვუგარ მუსტაფაევს შორის ამოწურულია. მხარები შეთანხმდნენ და შერიგდნენ. ამ დროისთვის მას უკვე წაშლილი ჰქონდა ორი ვიდეო ფეისბუქის პირადი გვერდიდან, სადაც ჰყვებოდა თუ როგორ სცემა დიპლომატმა 14 იანვრის ღამეს თბილისში, აზერბაიჯანულ რესტორანში. მომღერალი ერთ ვიდეომიმართვაში დიპლომატის დასჯას და საქართველოდან გაძევებას ითხოვდა, მეორეგან კი აფიკ ნოვრუზოვი ამბობდა, რომ მიუხედავად ელჩის თხოვნისა, აეღოთ ეს ვიდეოები, ბრძოლას ბოლომდე აპირებდა.

ამ დროისთვის აღარც აზერბაიჯანის საელჩოს ოფიციალურ ვებ-საიტზე იძებნება საელჩოს პირველი მდივნის გვარი. არადა ჯერ კიდევ პარასკევს, როცა რადიო თავისუფლება ამ თემაზე მასალას ამზადებდა, ვუგარ მუსტაფაევს საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობა ეკავა. მედიაში არსებობს სტატიები, რომელიც ამტკიცებს მის ყოფნას ამ თანამდებობაზე.

21 იანვარს რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანში ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემის რედაქტორმა უთხრა: ოფიციალური ბაქო უარყოფს, რომ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში მუშაობს დიპლომატი, რომლის გვარი და სახელიც ვუგარ მუსტაფაევია. რადიო თავისუფლებამ ჰკითხა თავად მუსტაფაევს, რატომ გაქრა მისი გვარი საელჩოს ოფიციალური ვებ-საიტიდან და რატომ უარყოფდნენ ბაქოში, რომ იგი აზერბაიჯანის საელჩოს პირველი ატაშეა.

მუსტაფაევმა თქვა, რომ იგი ჩვეულებრივ განაგრძობს ამ პოზიციაზე საქმიანობას, მისი გვარი საიტიდან კი სავარაუდოდ ტექნიკური მიზეზის გამო გაქრა. მთავარი აქ ის არის, რომ ჩემსა და მუსიკოსებს შორის კონფლიქტი ამოწურულია - უთხრა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა რადიო თავისუფლებას.

ამ დროისთვის საელჩოს ოფიციალურ საიტზე წერია, რომ პირველი მდივნის პოზიციას სარხან ისმაილოვი იკავებს.


ნაცემი მომღერლების მიერ გავრცელებული ვიდეოები კი, მიუხედავად იმისა, რომ აფიკ ნოვრუზოვმა პირადი გვერდიდან წაშალა, იუთუბზე სხვა ინტერნეტმომხმარებლის გვერდებზე ისევ იძებნება.

14 იანვარს ძველ თბილისში, შავთელის ქუჩაზე, აზერბაიჯანულ რესტორანში ჩხუბის ფაქტს იძიებს შსს. საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG