Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები აკრიტიკებენ


ილჰამ ალიევი ხმის მიცემის დროს
ილჰამ ალიევი ხმის მიცემის დროს

საერთაშორისო დამკვირვებლების ცნობით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის დიდი უპირატესობით გამარჯვებას თან ახლდა „სერიოზული დარღვევები“ და რეალური კონკურენციის არარსებობა.

ეუთოს მიერ 12 აპრილს გავრცელებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მათ დააფიქსირეს "აუცილებელი პროცედურების ფართო უგულებელყოფა, გამჭვირვალობის ნაკლებობა და მრავალი სერიოზული დარღვევა, მათ შორის ბიულეტენთა ჩაყრა საარჩევნო ყუთებში". მოხსენების თანახმად, მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ნამდვილი კონკურენციის არარსებობა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ალიევმა, რომელიც მმართველ პარტიას, „ახალ აზერბაიჯანს“, წარმოადგენს, ხმების 86 პროცენტი მოიპოვა, მისმა მეტოქემ - დაახლოებით, 3 პროცენტი. ამომრჩევლის აქტივობამ 74 პროცენტს გადააჭარბა.

არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს, ისინი ბოიკოტის მოწოდებით გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდება.

არჩევნები აზერბაიჯანში
არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის ოპოზიცია, ისევე როგორც დასავლეთის მთავრობები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ალიევის მთავრობას აკრიტიკებენ დამოუკიდებელი მედიის, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისტემატური დევნის გამო.

მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გამოაცხადა, ილჰამ ალიევი სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხალხმა ხმა მისცა „სტაბილურობას, უსაფრთხოებას და განვითარებას“.

არჩევნები აზერბაიჯანში
არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნატიკ მამადოვმა, უარყო გავრცელებული ცნობები არჩევნების დროს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და განაცხადა, რომ ყველა ასეთი ცნობა სიცრუეა.

მიუხედავად ამისა, თავად ცესკოს დამონტაჟებულ კამერებზე აღბეჭდილია ქალაქ კურდამირის საარჩევნო უბანზე მომხდარი შემთხვევა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცვლის საარჩევნო მუშაკი ბიულეტენებით სავსე ყუთს მეორეთი, რომელშიც ორჯერ მეტი ბიულეტენია მოთავსებული.

56 წლის ილჰამ ალიევი აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს. 2016 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG