Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პროსამთავრობო ჯგუფი ინდოეთს აკრიტიკებს „სიქების სისტემური ჩაგვრის გამო“


ფოტოებზე: აზერბაიჯანისა და პაკისტანის პრეზიდენტები, სომხეთისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრები.
ფოტოებზე: აზერბაიჯანისა და პაკისტანის პრეზიდენტები, სომხეთისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრები.

„ბაქოს საინიციატივო ჯგუფმა“, - აზერბაიჯანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ, რომელიც დაარსების დღიდან „ფრანგული ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ“ იბრძოდა, - ამჯერად ინდოეთი ამოიღო სამიზნეში „სიქების უმცირესობის სისტემური ჩაგვრის გამო“.

ღონისძიებას ესწრებოდა პაკისტანელი სიქი პოლიტიკოსი, რომელიც პაკისტანის პენჯაბის პროვინციის მინისტრია უმცირესობების უფლებების საკითხებში.

  • საფრანგეთსაც და ინდოეთსაც - „საინიციატივო ჯგუფის“ სამიზნეებს - სამხედრო პარტნიორობა აქვთ სომხეთთან.
  • პაკისტანი, - ინდოეთის მეტოქე, რომელიც ინდოეთს ხშირად აკრიტიკებს „სიქების სისტემური ჩაგვრის“ გამო, - აზერბაიჯანის სამხედრო პარტნიორია.

„ინდოეთის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ“

პარასკევს, 2026 წლის 16 იანვარს „ბაქოს საინიციატივო ჯგუფმა“ დედაქალაქში მოაწყო კონფერენცია, სათაურით „რასიზმი და ძალადობა სიქებისა და სხვა უმცირესობების მიმართ ინდოეთში: რეალობა ადგილზე“.

ორგანიზატორების თანახმად, კონფერენცია ეხებოდა „ინდოეთის მთავრობის მიერ ეთნიკური უმცირესობების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას“.

მსგავსი შინაარსის კონფერენცია პირველად გაიმართა აზერბაიჯანში, სადაც სამოქალაქო სივრცე მკვეთრად შეზღუდულია, - „ბაქოს საინიციატივო ჯგუფის“ ორგანიზებით.

აზერბაიჯანის ახალი ამბების სამთავრობო სააგენტოს, APA-ს ცნობით, კონფერენციას ესწრებოდნენ „სიქების გამოჩენილი წარმომადგენლები კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან“.

ამავე წყაროს თანახმად, მოწვეულნი იყვნენ „სხვა პირები, რომლებიც [სხვადასხვა დროს] ინდოეთის მთავრობის რეპრესიული, რასისტული და დევნის პოლიტიკის პირდაპირი მსხვერპლნი გამხდარან“.

სიქები პენჯაბიდან არიან. პენჯაბის ისტორიული რეგიონი დღეს ინდოეთსა და პაკისტანს შორის არის გაყოფილი. ეს რეგიონი ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ერთ-ერთ ფაქტორად ითვლება, თუმცა თავად კონფლიქტის მთავარი მიზეზი პენჯაბი არ არის.

პაკისტანის მინისტრი ბაქოში

დისკუსიას ესწრებოდა პაკისტანელი პოლიტიკოსი რამეშ სინხ არორა, - პაკისტანის პენჯაბის პროვინციის მინისტრი უმცირესობების უფლებების საკითხებში. ის ასევე არის „პაკისტანის სიქების საბჭოს“ თავმჯდომარე.

რამეშ სინხ არორა
რამეშ სინხ არორა

არორა არის ხშირად აკრიტიკებს ინდოეთს და აცხადებს, რომ იგი „საფრთხეს უქმნის მშვიდობას რეგიონში“. აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას მან დღესაც განაცხადა, რომ „ინდოეთში სიტემურად ხდება სიქების და სხვა უმცირესობების უფლებების დარღვევა“.

ზოგადად, პაკისტანის ხელისუფლება ხშირად საუბრობს ინდოეთის მიერ სიქების „სისტემურ რეპრესიაზე“, რასაც დელი უარყოფს და ამბობს, რომ სიქები კონსტიტუციით დაცული უმცირესობას წარმოადგენენ.

არორამ მადლობა გადაუხადა „ბაქოს საინიციატივო ჯგუფს“ მუშაობისთვის, მის ხელმძღვანელობასა და აზერბაიჯანელ ხალხს ამ საკითხზე ყურადღების დათმობისათვის.

„ბაქოს საინიციატივო ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, აბას აბასოვმა განაცხადა რომ კონფერენცია არის შესაძლებლობა, „ინდოეთის მთავრობის რეპრესიული, რასისტული პოლიტიკის მსხვერპლებმა ხმა მიაწვდინონ საერთაშორისო საზოგადოებას“.

საგამოფენო სივრცე
საგამოფენო სივრცე

წინა სამიზნე - „ფრანგული ნეოკოლონიალიზმი“

„ბაქოს საინიციატივო ჯგუფი“ შეიქმნა 2023 წელს, - მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა, - საფრანგეთის სომხეთისადმი დახმარების ზრდის პარალელურად, - უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ფრანგული ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ“.

2024 წლის გაზაფხულზე საფრანგეთმა რუსეთი და აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში - საფრანგეთის ტერიტორიაზე - შიდა საქმეებში ჩარევასა და ანტიფრანგული, ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში დაადანაშაულა.

  • ახალი კალედონიის კუნძულები წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ფიჯის შორის მდებარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას, კანაკებს, დამოუკიდებლობა სურთ. კუნძულების სხვა მცხოვრებლები, რომლებსაც ევროპული ფესვები აქვთ, ტერიტორიის საფრანგეთის ნაწილად დარჩენას ამჯობინებენ. დამოუკიდებლობის საკითხზე რამდენიმე რეფერენდუმში კანაკების მოძრაობა დამარცხდა. თუმცა პროტესტი შიგადაშიგ თავს იჩენს.
  • 2023 წლის კონფერენციაზე ახალი კალედონიის წარმომადგენელი კანაკებიც იყვნენ მიწვეულები.
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ინტერესია, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მცხოვრებ ადგილობრივებს დაეხმაროს „ორგანიზებასა და კოლონიალიზმის აღმოფხვრის სისტემატურ ძალისხმევაში“;
  • 2024 წლის აპრილში, ამ კონფერენციების შედეგად შექმნილი „ბაქოს საინიციატივო ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, აბას აბასოვმა, - ახალი კალედონიელელი კანაკების დროშის ფონზე, - მხარი დაუჭირა კანაკების მოძრაობას; მიმდინარე დემონსტრაციებზე აზერბაიჯანის დროშები ჩანდა.
  • მაისში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა. საფრანგეთის პოლიციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
  • საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ძალადობა, - რასაც სამი კანაკი მცხოვრებლის და ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, - აზერბაიჯანის მიერ იყო „აქტიურად მხარდაჭერილი“.
  • საფრანგეთმა აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში „შიდა საქმეებში ჩარევასა“ და ანტიფრანგული, ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში დაადანაშაულა, - რუსეთთან ერთად.
  • 2025 წლის 6 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა: ...„საფრანგეთი აღმოჩნდა მიუღებელი ჩარევის წინაშე, - მის ზღვისიქითა ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ახალ კალედონიაში, სადაც აზერბაიჯანმა იფიქრა, რომ შეძლებდა საკუთარი პრობლემების მოგვარებას, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთს“.

ინდოეთი-პაკისტანის მეტოქეობის ექო რეგიონში

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის „დივერსიფიკაციის“ პოლიტიკის ფარგლებში, სომხეთმა, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აქტიურად დაიწყო იარაღის შესყიდვა ინდოეთისგან.

  • 2023 წლის ივლისში სომხეთში ჩავიდა ინდური წარმოების იარაღის პირველი პაკეტი Pinaka-ს სარაკეტო სისტემა - როგორც მედიაში უწოდებენ ხოლმე, „ინდური ჰაიმარსები“.
  • სომხეთი-ინდოეთის ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებს თურქეთსა და პაკისტანთან, - რომელიც ინდოეთის მეტოქეა.
  • პაკისტანი გაეროს წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს; სომხეთი, თავის მხრივ, ძლიერად უჭერს მხარს ინდოეთს ქაშმირის საკითხში, მათ შორის გაეროს ფორმატებში.
  • 2025 წლის მაისში პაკისტანი-ინდოეთის ხანმოკლე ომისას სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს თავიანთ მოკავშირეებს.
  • 2025 წლის 1 სექტემბერს ილჰამ ალიევმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან შეხვედრისას თქვა, რომ ინდოეთს „შურისძიება სურს“ აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რადგან იგი პაკისტანთან ახლო კავშირებს აღრმავებს.
  • მედიაში გავრცელებული ცნობებით, 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე პაკისტანმა დაბლოკა სომხეთის გაწევრება, ხოლო ინდოეთმა - აზერბაიჯანის გაწევრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG