ამ დღეს გაუჩინარებული ადამიანების მემორიალთან ხალხი იკრიბება. თბილისში ის თამარაშვილის ქუჩაზე დგას. მემორიალი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ინიციატივით შეიქმნა. იმის გამო, რომ მათ დაკარგულების საფლავები არა აქვთ, სჭირდებოდათ ადგილი, სადაც ახლობლებს გაიხსენებდნენ.
29 წლის ნუკრი დოლიაშვილი ეროვნულ გვარდიაში იბრძოდა. ის 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის აღებისას დაიღუპა. დედა თამარ დორეული ერთი წელი ისევ ელოდა, მერე იმედი გადაეწურა.
„ვინმეს რომ ჩამოასვენებდნენ მებრძოლს, სრულიად უცნობს, ტირილ-ტირილით გავყვებოდი, საფლავამდე მივაცილებდი და გამოვბრუნდებოდი. ასე ვითავისუფლებდი სულს. 20 დღე აეროპორტში ვიდექით მე და ჩემი მეუღლე სურათით. თუ ვინმე ჩამოვიდოდა, ყველას ვეკითხებოდით, ხომ არ გინახავსო. იქ ვნახეთ, აქ ვნახეთო, ვითომ გვანუგეშებდნენ. ერთხელ გვითხრეს, სოხუმის საავადმყოფოში წევსო. მეუღლე და მეორე შვილი ჩავიდნენ. მაშინ დაიბომბა სოხუმი და კინაღამ ესენიც იქ ჩაიხოცნენ“, - იხსენებს თამარი. მას შვილის საფლავი დღემდე არა აქვს.
ლუდმილა მისანოვა დისშვილის დიმიტრი ახტირსკის ცხედარს ეძებს. იცის, რომ ოჩამჩირესთან დაიღუპა.
„აფხაზეთის ომის დროს 17 წლის ბავშვი ქუჩიდან წაიყვანეს ომში. თანამებრძოლმა ბიჭებმა მითხრეს მისი სიკვდილის შესახებ, მაგრამ, სხვადასხვანაირად მეუბნებოდნენ. ზოგმა, ავტობუსიდან ჩაიყვანეს და დახვრიტესო, ზოგმა, ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა და იქვე ეზოშია დამარხულიო. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა“, - ამბობს ლუდმილა.
კონფლიქტების დროს დაკარგული ადამიანების საფლავების მოძიებაში ხელისუფლებასთან ერთად წითელი ჯვარია ჩართული. უკვე ასობით ცხედარი გადასცეს ჭირისუფალს, მაგრამ მათი რიცხვი, ვისაც დღემდე ვერ მიაგნეს, კიდევ უფრო დიდია.
ომში დაკარგულების გარდა, არიან მშვიდობიან პერიოდში დაკარგული ადამიანებიც. შსს-ს მონაცემებით, 2026 წლის პირველ 6 თვეში დაიკარგა 41 ადამიანი, 25 მათგანი მოიძებნა, მათგან 1 გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგულების ნახევარი, 20 ადამიანი, 25-45 წლის იყო.
საქართველოში 1973-2025 წლების პერიოდში სულ დაიკარგა 6847 ადამიანი, მათგან დღემდე დაკარგულად ითვლება - 1017.
ბოლო პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების თემა განსაკუთრებით გააქტიურდა.
„ეს ტრავმა ქართველებმა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს მიიღეს, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაიკარგა. მეორე ტალღა აფხაზეთის ომის დროს იყო. ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის კრიმინალთან დაკავშირებული გაუჩინარებები. ადამიანი გაქრა და არ იციან, რა მოუვიდა“, - ამბობს ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი, - „როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, ეს დიდი ტრაგედია, მაგრამ მშობელს, ოჯახს აქვს დასრულებულობის შეგრძნება. სხვა არის, როდესაც ფიქრობ, რომ ცოცხალია და სადღაც იტანჯება“.
"კუპატაძის ეფექტი" - ბრძოლა დამნაშავეების დასასჯელად
2025 წლის ოქტომბერს 28 წლის მასწავლებელს გიგა ავალიანს, თემქაზე არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და სასიკვდილოდ სცემეს. ის 23 დღის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
მისი დედის, ეკა კუპატაძის ბრძოლას დამნაშავეების დასასჯელად, საზოგადოება თითქმის ერთ წელია თვალს ადევნებს და თანაუგრძნობს. მისი სიჯიუტე მაგალითი გახდა სხვა მშობლებისთვისაც, რამაც ხელახლა გააცოცხლა სხვა გახმაურებული თუ გაუხმაურებული საქმეები. მათ შორის ყველაზე გახმაურებულია გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წლის 10 ივნისს მლეთაში გაუჩინარდა, სადაც მეზობლებთან ერთად ლომისას ტაძარში იყო წასული. საქმე მაშინვე აღიძრა, თუმცა გურამის კვალსაც ვერ მიაგნეს. გამოძიება ხელახლა დაიწყო ახლა, როდესაც მოზარდის დედამ სოფო ბიბილაშვილმა ისევ დაიწყო გაუჩინარებული შვილის საქმეზე საჯაროდ ლაპარაკი. დაკითხეს 20-ზე მეტი ადამიანი, შეამოწმეს და სკანერით დაათვალიერეს მლეთაში ის ადგილები სადაც გურამი 12 წლის წინ დაიკარგა. თუმცა ისევ ვერაფერი იპოვეს.
„გაუჩინარებული ადამიანების საქმეები თაროზეა შემოდებული. არ იძიებენ“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი. ეს ორგანიზაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულების საქმეებზე მუშაობდა. ალეკო ცქიტიშვილი იმ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც საზოგადოების მხრიდან ზედმეტ აქტიურობას შეიძლება ახლდეს თან, - „მართლმსაჯულების არარსებობა განაპირობებს იმას, რომ საზოგადოება თავად ერთვება საქმეში და შეიძლება ეს ისტერიაშიც გადაიზარდოს: საოცარ კომენტარებს ვკითხულობთ: „აი, ესენი არიან დამნაშავეები“, „ცოცხლად დავწვათ“, „ექსკურსიის თექვსმეტივე მონაწილე უნდა ჩალპეს ციხეში“... ამ დროს გამოძიება ჯერ არ ჩატარებულა და არ ვიცით, ვინ არის დამნაშავე. ქვეყანაში როცა ობიექტური, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება არ არსებობს, შესაძლოა, სამართალდამცავების საქმიანობა საზოგადოების რისხვასა და მოთხოვნებზე აეწყოს. ასეთ დროს ყოველთვის არის რისკი იმისა, რაღაც არასწორად გაკეთდეს. ამიტომ სჯობს, საზოგადოების ისტერია კი არ იყოს გზამკვლევი, არამედ სწორი და გამართული, ობიექტური საგამოძიებო პროცესი, როცა გამომძიებლების რუტინულად მუშაობენ მყარი მტკიცებულებების შეგროვებაზე და ბრალის დამტკიცებაზე. ამასთან, ასეთ სიტუაციაში შესაძლოა საერთოდ გამოუძიებელი დარჩეს მსგავსი საქმეები, სადაც ოჯახი არ თუ ვერ აქტიურობს. ყველას ხომ არ შეუძლია ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა?!“
ფორუმი