Accessibility links

site logo site logo

ცოცხლებშიც და გარდაცვლილებშიც - აქ დაკარგულებს გაიხსენებენ 


მემორიალზე, რომელიც დღეს დადგეს თბილისში, მოქანდაკეებმა ნიკოლო მელივამ და კორნელი რამიშვილმა იმუშავეს.

თბილისში, თამარაშვილის ხეივანში გაიხსნა მემორიალი, რომელიც 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება.

ნუკრი დოლიაშვილი 27 წლის იყო, როდესაც გაგრაში დაიღუპა. სადაა მისი საფლავი, არავინ იცის.

„დღემდე ველოდები მის ნეშტს, იქნებ, როგორმე იპოვონ და გადმოასვენონ. ეს მემორიალი ჩემთვის ძალიან დიდი ნუგეშია, მოვალ, ცივ ქვას ხელს გადავუსვამ და ვეტყვი, შვილო, მე შენთან ვარ“, - ამბობს ნუკრის დედა თამარ დორეული.

უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლები მემორიალის გახსნას წლებია ითხოვდნენ. იმის გამო, რომ ახლობლების საფლავები არა აქვთ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადგილი, სადაც დაკარგულებს გაიხსენებდნენ და ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მემორიალის დიზაინი თავად მოიფიქრეს: ხე - მარადიული სიცოცხლის, ლურჯი კესანე კი ხსოვნის სიმბოლოა, ადამიანის სილუეტი, შუაში სიცარიელით - გაუჩინარებაზე მიანიშნებს.

„ჩემი ძმა, სოსო თანიაშვილი 1992 წელს წავიდა გაგრაში, 22 წლის იყო. სოფელ გრებეშოკიდან მანქანით ხალხი გამოჰყავდა, როცა ყუმბარმტყორცნით ააფეთქეს. იმ მანქანიდან გადმოყვანილი მძღოლი რომ დაკრძალეს, ეს ვიცით, მაგრამ გარდაცვალების ოფიციალური ცნობა არ გვაქვს“, - ჰყვება მაია თანიაშვილი.

გაგრაში დაიკარგა დათო კახიშვილიც, რომლის საფლავს მისი და დღემდე დაეძებს.

„ნეშტი რომ მაპოვნინა, გავაპატიოსნებ, ქრისტიანული წესით დავმარხავ და ვიფიქრებ, რომ ჩემი ძმის წინაშე ვალი მოვიხადე.

ერთი ადამიანის დაკარგვით მთელი ოჯახი ნადგურდება, ამ ამბავს გადაჰყვა დედაც და მამაც. ხანდახან ისე გავმწარდებოდი ხოლმე, ვფიქრობდი, აფხაზებს თუ გადაურჩა, მე მოვკლავ ჩემი ხელით-მეთქი, მაგრამ ოღონდ გამოჩნდეს და ვინ რას დაუშავებს.

გაგრაში დაკარგულების ახლობლები ყოველი ოქტომბრის პირველ შაბათს ლურჯ მონასტერში ვიკრიბებით. თავიდან პარაკლისს ვიხდიდით. 17 წლის მერე მამაომ გვითხრა, მოდი პანაშვიდი გადავიხადოთ, უფალმა თვითონ იცის, თუ ცოცხალია, ცოცხალს მიუვა და თუ გარდაცვლილია - გარდაცვლილსო. მაგრამ მე მაინც არ მემეტება და დილის ლოცვებში ჩემს ძმას ცოცხლებშიც ვიხსენიებ და გარდაცვლილებშიც“, - ამბობს მზია კახიშვილი.

დათო კახიშვილის საფლავი დღემდე უცნობია.
დათო კახიშვილის საფლავი დღემდე უცნობია.

ქეთევან გაბროშვილს ერთდროულად ორი შვილი გაეპარა ომში, ბევრი წვალების შემდეგ უმცროსის დაბრუნება შეძლო, მაგრამ უფროსი, გიორგი გაბროშვილი ტყვედ აიყვანეს და მას შემდეგ მისი ბედი უცნობია. გაბროს ეძახდნენო, ამბობს, აფხაზეთში პატარა ძმას გაჰყვა და ვეღარ დაბრუნდა. წასვლისას სახლში სულ სხვა რამ დაიბარეს. ომში რომ იყვნენ, არ გაუმხელიათ, თუმცა, დედა მაინც დაეჭვდა.

„მივედი მე-11 ბრიგადაში და ვიკითხე. ვიღაც მოხევე კაცი დამხვდა, გმირ ქალაი ხარ, ქალო, ორი ბიჭი გყოლია, ორივე ომში წასულაო. ვაი, შენს ქეთინოს-მეთქი, გავიფიქრე. „რადისტებთანშევვარდი, დავლეწე ყველაფერი, დარეკეთ, დამალაპარაკეთ-მეთქი. ჭკუიდან ვიყავი გადასული, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. დარეკეს, როგორ დაგალაპარაკებთ, წინა ხაზზე არიანო...

იმის მერე ვეძებე და ვიარე... იმელის შენობაში ისეთი რაღაცები ჩავიდინე, ახლაც ანეკდოტები დადის. შევედი, ვხედავ გრძელ მაგიდასთან გოგო-ბიჭები სხედან, ყავას სვამენ, სიგარეტს ეწევიან. გადამეკეტა, მე შვილებს დავეძებ, თქვენ აქ რა დღეში ხართ-მეთქი. მოვუსვი ხელი, გადავყარე ჭიქები, მერე ვეცი ამ გოგოებს, ბიჭები ჩადგნენ შუაში, გამომიყვანეს, რა მოხდა, დეიდა, რა მოხდაო... მერე რომ მომიყვნენ, რაც გავაკეთე... რას ვერჩოდი ამ ბავშვებს?!

საბოლოოდ ეს პატარა ბიჭი კი ჩამოვიყვანე, მაგრამ უფროსს დღემდე დავეძებ, მკვდარია თუ ცოცხალი, არ ვიცი“, - ამბობს ქეთევან გაბროშვილი.

გიორგი გაბროშვილი
გიორგი გაბროშვილი

ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლებთან მუშაობს, ჰყვება, რომ ისინი წლების განმავლობაში ვერ გამოდიან შოკიდან, რომელიც ახლობლის გაუჩინარებით გადაიტანეს.

„თუ ფიქრობენ რომ ცოცხალია, არიან ბედნიერები და გახარებულები, მერე ფიქრობენ, რომ მოკვდა და გლოვას იწყებენ. მერე ესეც აწუხებთ, აი, მე ვგლოვობ და შეიძლება ცოცხალი იყოსო... ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ რაღაცნაირად ამ ემოციების, ამ ორაზროვნების მიმართ ტოლერანტულები იყვნენ. ეს ადამიანები ხშირად მინიშნებებით ცხოვრობენ, მაგალითად: „მე დავინახე ქუჩაში ფოთოლი, რომელმაც მიმანიშნა, რომ ჩემი შვილი ცოცხალიადა ეს 30 წელი გრძელდება“, - ამბობს ნანა აღაპიშვილი.

საქართველოში 2 300-ზე მეტი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ეგიდით 2010 წლიდან მოძიებულია 583 ნეშტი. მათგან იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა - 206. აფხაზეთში გარდაცვლილთა საფლავების მოსაძებნად წითელი ჯვარი დღემდე მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG