Accessibility links

ათასობით ოჯახი კახეთში ბუნებრივი აირის მოლოდინშია


ასობით სოფელი და ათასობით ოჯახი კახეთში, ათწლეულებია, ბუნებრივი აირის მოლოდინშია, ამიტომ მოსახლეობის ნაწილი საკვებს შეშის ღუმელზე ამზადებს, უკეთეს შემთხვევაში კი, ვისაც შესაძლებლობა აქვს, თხევად არის ყიდულობს. სოფლების გაზიფიცირება ეტაპობრივად მიმდინარეობს და წელიწადში თითო მუნიციპალიტეტში საშუალოდ 5 სოფლის გაზიფიცირება ხდება, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ეს არასაკმარისია და სამუშაოები უნდა დაჩქარდეს. ისინი ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეულ პრობლემებზეც მიუთითებენ. რა როლი აკისრია ამ პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებას?

ბუნებრივი აირის პრობლემა კახეთის მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან აწუხებს. რეგიონში ასობით სოფელია, სადაც პერიოდულად ამ საკითხის გადაჭრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მაგალითად, მხოლოდ ახმეტაში, დღევანდელი მონაცემებით, ბუნებრივი აირის გარეშე, დაახლოებით, 1000-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ხელისფლების ყურადღების მისაპყრობად ხან აქციები გამართეს, ზოგჯერ კი თხოვნით მიმართეს, პრობლემა მოეგვარებინათ, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ქისტაურის ადმინისტრაციულ ერთეულში დარჩენილი არის სოფლები, სადაც ბუნებრივი აირი არ არის. ასევე აირი არ აქვს მთლიანად ილტოს ხეობას...
ვანო ნასყიდაშვილი

„უკვე წლებია, ველოდებით, რომ ბუნებრივი გაზის გაყვანა მოხდება. გარკვეული სამუშაოები დაიწყო კიდეც, მაგრამ ეს საქმე ახლა გაჩერებულია“.

„ახმეტაში ვიყავით წასულები და ძალიან ძვირი დაგვიჯდება, გაზი რომ გავიყვანოთ - ცოტა ხალხი ხართო...“

„დღევანდელ დღეს გაზი არ არის აუცილებელი? მგონი, პროექტში არისო, გავიგეთ და კიდევ დაველოდებით, ალბათ“.

ახმეტაში წელს რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება იგეგმება, თუმცა რომელი სოფლების, ჯერ არ იციან მერიაში. მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი ამბობს, რომ გაზიფიცირების დასაწყებად კონკრეტული პროექტებიც არსებობს და საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება, თუმცა სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადებზე არაფრის თქმა არ შეუძლია.

„ქისტაურის ადმინისტრაციულ ერთეულში დარჩენილი არის სოფლები, სადაც ბუნებრივი აირი არ არის. ასევე აირი არ აქვს მთლიანად ილტოს ხეობას. ჩვენ შესაბამის ორგანოებს მივაწოდეთ ინფორმაცია კომლთა რაოდენობის შესახებ. გარკვეულ სოფლებში მონახაზი და პროექტირებაც გაკეთებულია. წელს აპირებენ რამდენიმე სოფლის გაზიფიცირებას, თუმცა ზუსტად არ ვიცი, როდის დაიწყებენ სამუშაოებს. სამინისტროც, სამხარეო ადმინისტრაციაც და ყველა მხარე ჩართულია გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებაში“.

ხან ვაკეთებ საჭმელს, ხან არა, რადგან ყოველთვის არ მყოფნის გაზის პატარა ბალონი. 180 ლარი პენსია რას უნდა ამყოფინოს ადამიანმა?!

ახმეტის მოსახლეობის ნაწილის მსგავსად, ბუნებრივი აირის მოლოდინში არიან ლაგოდეხის სოფლებშიც. ირკვევა, რომ 6 დასახლებაში ერთი წლის წინ ბუნებრივი აირის მაგისტრალი გაიყვანეს, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ბიუროკრატიული პროცედურების გამო მილში ბუნებრივი აირის გაშვება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

იმ სოფლებს შორის, სადაც გაყვანილ მილში ბუნებრივი აირის გაშვება ვერ ხერხდება, სოფელი „პატარა გორიც“ არის.

„ბალონის, თხევად გაზს მოვიხმართ, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ჯერ სამი ლარი იყო, შემდეგ კი სამ-ნახევარი გახდა და ასე ვწვალობთ ყოველთვის“.

„ხან ვაკეთებ საჭმელს, ხან არა, რადგან ყოველთვის არ მყოფნის გაზის პატარა ბალონი. 180 ლარი პენსია რას უნდა ამყოფინოს ადამიანმა?!“

ლაგოდეხში სულ 67 სოფელია. აქედან 50-ს ბუნებრივი აირი მიეწოდება, 6 სოფელში ბუნებრივი აირის ქსელი გაყვანილია და ექსპლუატაციაში შესვლას ელოდება, ხოლო გაზიფიცირების გარეშე დარჩენილია 11 სოფელი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე ჭანკოტაძეს ვკითხეთ, რატომ არ მიეწოდება სოფლებს ბუნებრივი აირი, თუკი იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. ჭანკოტაძე ამბობს, რომ ქსელი მართვაში გაზგამანაწილებელ კომპანიას უნდა გადაეცეს და როდის დასრულდება ეს პროცესი, მერიისთვის უცნობია:

„როდის გადაეცემა მაგისტრალი ოპერატორ კომპანიას, ეს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა და, შესაბამისად, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა დროში მოხდება ეს ყველაფერი, ეს შეკითხვაც უნდა დაისვას შესაბამის სტრუქტურაში“.

ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი სოფლები კახეთის ყველა მუნციპალიტეტშია. მათგან ნაწილს ბუნებრივი აირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ მიეწოდება, ზოგან კი ბუნებრვი აირით არასდროს უსარგებლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG