Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 საუკეთესო ფილმი ფეხბურთზე


მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ფინიშს უახლოვდება. როგორც ვიცი, ყოველი მუნდიალის დასრულების შემდეგ ვნებებისგან დაცლილ ფეხბურთის გულშემატკივრებს მსუბუქი (ხანდახან მძიმე!) დეპრესია ეწყებათ ხოლმე - ზეიმი დამთავრდა! ასეთ დროს ზოგი უკვე ჩატარებულ მატჩებს „გადახედავს“, ზოგი, უბრალოდ, საკლუბო თამაშების მოლოდინშია... მე კი ვფიქრობ, რომ დეპრესიისგან თავის დასახსნელად ფეხბურთის მოყვარულებმა კარგი კინო უნდა დაიხმარონ. „ლიტერატურისა და ეროსის შემდეგ ფეხბურთი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, უთქვამს თურმე პიერ-პაოლო პაზოლინის. დიდმა რეჟისორმა ფეხბურთის შესახებ ფილმის გადაღება ვერ მოასწრო, თუმცა ფეხბურთი მისი, როგორც კინემატოგრაფისტის, ცხოვრების ნაწილი გახდა. რა ვიცი, შესაძლებელია, ფეხბურთის და კინოს ენას მართლაც ბევრი აქვს საერთო. ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთი არაერთი კარგი ფილმის სიუჟეტის ღერძი რომ გახდა, ფაქტია .

აბა, რომელ ფილმებს გაიხსენებთ ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე?

ჩემი ათეული ასეთია:

10. „მარია ბრაუნის ქორწინება“ ( 1979. რეჟ. რაინერ ვერნერ ფასბინდერი) პაზოლინის მსგავსად, დიდი გერმანელი ხულიგანი, რაინერ ვერნერ ფასბინდერიც ფეხბურთის ფანი იყო - არ ვიცი როგორი გულშემატკივარი, მაგრამ ფეხბურთელი კარგი იყოო, იგონებენ მისი მეგობრები... ფასბინდერის ეს ფილმი ფეხბურთს არ ეძღვნება, მაგრამ ფილმის ფინალი, ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი კინოს ისტორიაში, მთლიანად ”რეალური ფეხბურთის” მატჩითაა გაფორმებული; ესაა გერმანია-უნგრეთის ფინალი, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა დასავლეთ გერმანიის გუნდმა მატჩის ბოლო წუთზე მეტოქის კარში შეგდებული ბურთით მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.ფილმის ფინალით ნათელი ხდება, რომ მარია ბრაუნის წარმატება ისევე მოჩვენებითი იყო, როგორც გერმანიის გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე. ქრონოლოგიურად დასავლეთ გერმანიის ეკონომიკური აღმავლობა ემთხვევა გერმანიის გამარჯვებას ამ თამაშში. მაგრამ ფასბინდერის გმირს სწორედ ამ გატანილი ბურთის დროს ენგრევა ყველაფერი... ქვეყანა იმარჯვებს. მაგრამ ყოველთვის იმარჯვებს სხვის ხარჯზე, მსხვერპლის ხარჯზე.

9. „პური და შოკოლადი“ (1973. რეჟ.ფრანკო ბრუზატი) ნინო მანფრედის საუკეთესო როლი ფილმში, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად დაუფასებელია ჩვენში. იტალიელი ემიგრანტი შვეიცარიაში სასოწარკვეთილი ეძებს სამუშაოს. ბედი არ სწყალობს. ათას ხათაბალას გადაეყრება. ბოლოს გადაწყვეტს, რომ მისი უიღბლობის მიზეზი, უბრალოდ, ისაა, რომ უცხოა ”ცივილიზებულ შვეიცარიაში”; თმას შეიღებავს, გერმანულის სწავლას დაიწყებს, აგერ ფეხბურთის მატჩსაც ადგილობრივებთან ერთად უყურებს, დაარწმუნებს აქაურებს და საკუთარ თავსაც, რომ უკვე ”ქერა ნაციის” წარმომადგენელია... მაგრამ ფეხბურთი ყველას ჩამოხსნის ნიღაბს! ფეხბურთი არ ცნობს ”ურჯულოებს”. ფეხბურთი პატრიოტების... უკანასკნელი ბასტიონია.

8. „პირველი მერცხალი“ (1975. რეჟ. ნანა მჭედლიძე) გუნდისთავი, იასონი, დოდო აბაშიძის შესრულებით, თავისი თანაგუნდელებისგან დისციპლინას და, რაც მთავარია, შრომისმოყვარეობას მოითხოვს; ხალხს აქ არჩევენ არა იმდენად ნიჭის, რამდენადაც მონდომებისა და საქმის სიყვარულის მიხედვით. იმისათვის, რომ ხალხისგან გუნდი შედგეს, პროვინციელი შერეკილებისგან - სახელმწიფო, საჭიროა შრომა და იმის განცდა, რომ გამარჯვებას არავინ მოგართმევს... იმისათვის, რომ შენი ჰიმნი გქონდეს, ე.ი. შედგე როგორც გუნდი და როგორც სახელმწიფო, დამცირებაც უნდა აიტანო, შეურაცხყოფაც, ტალახში ამოსვრაც... ეს იყო სწორედ “პირველი მერცხლის” ალეგორიის არსი, თავისებური “გზავნილი” ეკრანიდან, რომელსაც საბჭოთა ცენზურამ მაინცდამაინც არ მიაქცია ყურადღება. მოსკოვში მიიჩნიეს, რომ “პირველი მერცხალი” ერთი ჩვეულებრივი ფილმია ქართველ შერეკილებზე, რომლებიც, ყველაფერთან ერთად, აქ მარცხდებიან კიდეც.

7. „მეკარის შიში თერთმეტმეტრიანი დარტყმის წინ“ ( 1971. რეჟ. ვიმ ვენდერსი) ვიმ ვენდერსის დებიუტი დიდ კინოში წარმატებულად ითვლება: პეტერ ჰანდკეს ნაწარმოების ეკრანიზაციაში თავისებურად გაერთიანდა ორი რამ, რაც იმხანად უყვარდა გერმანელ რეჟისორს, კინოთეატრის სივრცე (სურათის გმირი კლავს პატარა კინოთეატრის მოლარეს) და ფეხბურთი (სურათის გმირი ყოფილი მეკარეა). ვენდერსს ”ახალი ტალღის” ფრანგი რეჟისორების მსგავსად უყვარს ”კინო კინოზე”, მისთვის, ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდობაში ნამდვილად, კინო არის საშუალება გამოხატოს კინოს სიყვარული და ამ ხელოვნების შესაძლებლობები, რომლებიც 70-იანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული. მაგალითად, ”მეკარეში” მას აინტერესებს, როგორ შეიძლება ფილმის გმირი თანდათან გაემიჯნოს საკუთარ თავს, განვლილ ცხოვრებას, წარსულს და შეხედოს მას, როგორც ”წინა ცხოვრებას”, სხვის ცხოვრებას. მით უფრო უცნაურია, რომ ”მეკარე” ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციაა. სინამდვილეში ვენდერსის სრულმეტრაჟიანი დებიუტი ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ იმად, რასაც დღეს ზოგჯერ ”სუფთა კინოს” უწოდებენ ხოლმე.

6. „გაქცევა გამარჯვებისკენ“ ( 1981. რეჟ. ჯონ ჰიუსტონი) ამერიკელი რეჟისორის ეს სურათი ფეხბურთის მოყვარულებს ალბათ უფრო იმით დააინტერესებთ, რომ როლებში სილვესტერ სტალონესა და მაქს ფონ სიუდოვის გვერდით, ლეგენდარული პელეს ნახვის საშუალება ექნებათ. ჰიუსტონი ცდილობს წარმოგვიდგინოს ფეხბურთი პირველ რიგში როგორც „პოლიტიკური სანახაობა“, თუმცა ფილმის რეჟისორი, ამერიკული კინოს კლასიკოსი, თავის თავს მიიჩნევ და ფეხბურთის გულშემატკივრად, უფრო მეტიც, როგორც ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, „ფეხბურთის თეორეტიკოსად“ და ირწმუნებოდა, რომ ფილმში ნაკლებად აინტერესებდა პოლიტიკა („გაქცევა გამარჯვებისკენ“ მეორე მსოფლიო ომის სურათებს აღადგენს)... გამოდის, რომ ჰიუსტონის თითქმის ყველა ფილმისთვის დამახასიათებელი დაძაბულობის თანდათან ზრდა და ფეხბურთის ”დრამატურგია” თითქმის იდენტურია? გამოდის, რომ წესით და რიგით ყველა სინეფილი ფეხბურთის გულშემატკივარი უნდა იყოს?

5. „დარტყმა თავით“ (1979. რეჟ. ჟან-ჟაკ ანო) - ესაა დიდი ფრანგი მსახიობის, პატრიკ დევერის ბენეფისი (დევერმა 1983 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე) - ფეხბურთის, როგორც სოციალური მოვლენის, კრიტიკული ანალიზი კინოში. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თავიდან ფილმი ყველამ აღიქვა როგორც კომედია... მაგრამ სურათი ხელახლა გამოვიდა საფრანგეთის ეკრანებზე დევერის გარდაცვალების შემდეგ - მაშინ კი ყველამ შენიშნა უკვე სევდა მთავარი გმირის, ფრანსუა პერენის თვალებში. საფრანგეთის პატარა ქალაქის მკვიდრი, ფაბრიკის მუშა და ამავე ფაბრიკის საფეხბურთო გუნდის მოთამაშე ფეხბურთის საშუალებით დაუმტკიცებს ქალაქს, რომ უსამართლოდ მოექცნენ. ”დარტყმა თავით” დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სურათად ფრანგული კინოს ისტორიაში, ჟან-ჟაკ ანოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა კრიტიკოსების პროგნოზები მაინც და მაინც არ გამართლდა.

4. „მესა დასრულებულია“ (1985. რეჟ. ნანი მორეტი) ფეხბურთი თანამედროვე კინოს სახელგანთქმული ნარცისის (ალბათ ვუდი ალენის შემდეგ), ნანი მორეტის ამ ადრეულ ფილმში მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია სიუჟეტურ ლაბირინთში, და... სულიერ ლაბირინთში, რომელშიც იკარგება მორეტის გმირი (ცხადია, მისივე შესრულებით), რომის ერთი პატარა ეკლესიის კათოლიკე მოძღვარი, ამაოდ რომ ცდილობს სიმშვიდე დაუბრუნოს თავის მრევლს. ცოტა ჟორჟ ბერნანოსი, ცოტა მარქსი, ცოტა ფროიდი, ცოტა პაზოლინი... ყველაფერი ცოტ-ცოტაა ფილმში და, ცოტა ფეხბურთიც - არაჩვეულებრივი საშუალება დაუბრუნოს ამაოებაში დამხრჩვალი მრევლი სიცოცხლეს, თავისუფლებას... დიახ, დიახ, პაზოლინის მსგავსად, ნანი მორეტიც ასე აღიქვამს ფეხბურთს. ეგაა, რომ ახალგაზრდა მღვდლის ოცნება ვერ სრულდება - ნანი მორეტის გმირი თავის უკანასკნელ მესას ატარებს.

3. „2 ტაიმი ჯოჯოხეთში“ (1962. რეჟ. ზოლტან ფაბრი) ისტორია და ადამიანის არჩევანი -უნგრელი რეჟისორის, ზოლტან ფაბრის შემოქმედების ძირითადი თემაა. ”2 ტაიმი ჯოჯოხეთში” იმითა ასაინტერესო, რომ აქ თამაშდება აბსურდული სიტუაცია - ნაცისტები ჰიტლერის დაბადების დღეზე მართავენ საჩვენებელ საფეხბურთო მატჩს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებთან, ანუ მოძალადე ეთამაშება მსხვერპლს, რომელმაც არ იცის, ეს მატჩი გადაარჩენს, თუ პირიქით, გაანადგურებს. ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებულ ფილმებში ფაბრის სურათის პრემიერამდე ვერავინ გაბედა გამოეხატა ტრაგიკული აბსურდის კომიკურობა და, რაცმ თავარია, ვერავინ გაბედა გადაეღო ფილმი ჰოლოკოსტზე, რომელშიც არ არიან გმირები, უშიშარი მებრძოლები, სიკვდილი რომ ურჩევნიათ მონობას... არავითარი პათეტიკა! ფაბრის გმირები ისევ ”პატარა ადამიანები” არიან - სუსტები, დაუცველები, შეიძლებაი თქვას ყველაფერზე წამსვლელები და შესაძლებელია ამიტომაც - უზომოდ სიმპათიურები. ისინი ხომ ყველაფერს აკეთებენ, რათა სიცოცხლე შეინარჩუნონ.

2. „ოფსაიდი“ (2006. რეჟ. ჯაფარ ფანაჰი) ერთ-ერთი საუკეთესო ირანული ფილმი, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის გრან-პრით აღინიშნა. ქალებს ირანში, მოგეხსენებათ აკრძალული აქვთ ფეხბურთის მატჩზე დასწრება. მაგრამ სურათის გმირები, ბიჭებად გადაცმული გოგონები, მაინც ახერხებენ სტადიონზე შეღწევას. სხვათა შორის, ეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩია - ირანი ბაჰრეინს ეთამაშება. გოგონებს აპატიმრებენ, მაგრამ დაცვა სიმპათიას ვერ დამალავს ბავშვების მიმართ - როგორ ჰყვარებიათ ფეხბურთი!ფანაჰის პოლიტიკურად მწვავე ფილმი ნელ-ნელა გადაიქცევა სოციალურ კომედიად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სწორხაზოვან პუბლიცისტიკად. ძალიან სასაცილოა, მაგალითად, ეპიზოდი, როცა გოგონები გულუბრყვილოდ კითხულობენ ”რატომ დართეს ნება მაშინ იაპონელ ტურისტ ქალებს, დასწრებოდნენ იაპონია-ირანის მატჩს თეირანის სტადიონზე?”... პოლიციის სერჟანტის პასუხი ღიმილს იწვევს, მაგრამ თანამედროვე ირანის რეალობას თუ გავიხსენებთ, სავსებით ლოგიკურია: ”იაპონელებს ხომ ჩვენი ენა არ ესმით?”

1. „მე მქვია ჯო“ (1998. რეჟ. კენ ლოუჩი) პირადად ჩემთვის ”ახალი ლოუჩი” სწორედ ამ სურათით იწყება; ”მე მქვია ჯო”, შესაძლებელია, დიდი ბრიტანელი რეჟისორის ყველაზე თამამი და ყველაზე არაპოლიტკორექტული ფილმია;ლოუჩისთვის კანონის დარღვევა, უფრო სწორად, ”ლიბერალური წესრიგის” დარღვევა, არაფერს ნიშნავს, როცა სწორედ ეს წესრიგი აუბედურებს და კლავს უამრავ ადამიანს, კლავს მათში შემოქმედებით ინსტინქტს, სიცოცხლის განცდას და ბოლოს, ფიზიკურად კლავს მათ. ფეხბურთი (კენ ლოუჩიც, მოგეხსენებათ, ფეხბურთის დიდი მოყვარული და გულშემატკივარია) ფილმში სწორედ შემოქმედებითი იმპულსის გამოღვიძების საშუალება ხდება - ალკოჰოლზე დამოკიდებული ახალგაზრდა კაცების გუნდში სწავლობენ არა მარტო ფეხბურთის თამაშს - აქ სწავლობენ სოლიდარობას... სწავლობენ თავისუფალი ბაზრის გარემოში, სადაც ეს თითქმის უძლური ხალხი უკვე მართლა არავის აინტერესებს. მით უფრო სიმბოლურია, რომ ფილმის სათაური ერითმება ლოუჩის ყველაზე წარმატებულ პროექტს, კანის ფესტივალის ”ოქროს პალმით” აღნიშნულ ფილმს ”მე, დენიელ ბლეიკი”.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG