4 ივლისის დილიდანვე ათასობით ადამიანი შეიკრიბა თეირანის დიდ მოსალაში. ირანის ხელისუფლების განცხადებით, ექვსდღიან სამგლოვიარო ცერემონიებში, სავარაუდოდ, 20 მილიონამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
Reuters-ის ცნობით, შეკრებილთა დიდი ნაწილი მკერდში იცემდა მჯიღს, ხმამაღლა მოთქვამდა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშებსა და ბანერებს აფრიალებდა. მეჩეთის სალოცავ დარბაზში ისმოდა შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას!“
ირანული მედიის ინფორმაციით, ხამენეისათვის პატივის მისაგებად შეკრებილები ასევე სკანდირებდნენ სიტყვას „შურისძიება“.
ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის პირველივე დღეს დაიღუპა.
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 5 ივლისი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღედ გამოცხადდა, რაც, ოფიციალური განმარტებით, ირანის პროვინციებიდან მიღებული „მრავალრიცხოვანი მოთხოვნების“ საფუძველზე გადაწყდა.
მასშტაბური სამგლოვიარო კომპლექსის ადგილზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ტერიტორიას მთლიანად აკონტროლებენ სპეცდანიშნულებისა და პოლიციის ძალები. მეჩეთის მიმდებარე გზები ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიკეტა, ხოლო ღონისძიების ადგილის გარშემო ერთ კილომეტრზე მეტ რადიუსში ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა.
თეირანის დიდ მოსალაში ასვენია ხამენეისა და მისი ოჯახის ოთხი წევრის ცხედრები. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის პირველ დღეს დაიღუპნენ. მათ ცხედრებს სალოცავიდან 6 ივლისს გამოასვენებენ.
ამის შემდეგ ხამენეის ცხედარს ირანის წმინდა ქალაქ ყუმში გადაასვენებენ, შემდეგ კი მეზობელ ერაყში - ბაღდადში, ქარბალასა და ნაჯაფში - საჯარო პატივის მისაგებად. დაკრძალვა 9 ივლისს, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში გაიმართება.
36 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას ალი ხამენეი პირადად უძღვებოდა ქვეყნის უმაღლესი სამხედრო და სასულიერო პირების დაკრძალვის ლოცვებს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ აღავლენს ლოცვას თავად მისი დაკრძალვის დღეს, 5 ივლისს, მომდევნო დღეს კი მასშტაბური სამგლოვიარო მსვლელობაა დაგეგმილი.
ირანის მესამე უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ აღარ გამოჩენილა იმ თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მან სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით ამავე თავდასხმას ემსხვერპლნენ მისი მამა და მეუღლე.
რიტუალური აუცილებლობა თუ უსაფრთხოება?
ალი ხამენეის სახელმწიფო დაკრძალვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა სწორედ ის არის, გამოჩნდება თუ არა საჯაროდ განსვენებულის ვაჟი და მემკვიდრე, მოჯთაბა ხამენეი.
ანალიტიკოსები ამ საკითხზე განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მემკვიდრეობის რიტუალი მის მონაწილეობას მოითხოვს, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების რისკები ამ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ირანელმა უფლებადამცველმა ტაგი რაჰმანიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან (Radio Farda) საუბრისას აღნიშნა, რომ ეს საკითხი ხელისუფლების გადაცემის რიტუალის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს.
„მომავალმა ლიდერმა ლოცვა უნდა აღავლინოს წინა ლიდერის ცხედართან - სწორედ ასე იძენს ხელისუფლების გადაცემა ფორმალურ ლეგიტიმაციას. ამიტომაც დგას მოჯთაბა ხამენეის გამოჩენის საკითხი,“ - განაცხადა რაჰმანიმ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა ახალი უზენაესი ლიდერის ცერემონიაზე დასწრებას, მან უპასუხა, რომ ამის ალბათობა მაღალია, თუმცა დასძინა, რომ ომის პირობებში უსაფრთხოების მოსაზრებები შესაძლოა სახელმწიფოს გეგმებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
„ხელისუფლებას სურვილია გრანდიოზული, მრავალრიცხოვანი დაკრძალვის მოწყობა. ასეთი ცერემონია რეჟიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა რაჰმანიმ და დასძინა, რომ ომის შემდეგ ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი ძალისა და ავტორიტეტის ხელახლა დემონსტრირება სჭირდება.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას კიდევ უფრო სკეპტიკური შეფასება გააკეთა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ბაბაქ დორბეიკიმ.
„არ ვიცი,“ - უთხრა მან რადიო ფარდას, - "გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, ასეთი ადამიანი საერთოდ ცოცხალია თუ არა, ან, სულ მცირე, ჯანმრთელი თუ არის.“
მიუხედავად ამისა, დორბეიკიმ აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ მოჯთაბა ხამენეი საბოლოოდ მაინც გამოჩნდება.
„თუ ის მართლაც არსებობს, არ მგონია, მისი ცერემონიაზე დასწრება რაიმე უჩვეულო იყოს.“ თუმცა მან იქვე შენიშნა, რომ მოჯთაბა ხამენეის გამოჩენა ან არგამოჩენა არ უნდა აღიქმებოდეს როგორც პოლიტიკური გზავნილი მემკვიდრეობის საკითხზე.
„მოჯთაბა ხამენეის გასვენების რიტუალზე ყოფნისათვის ან არყოფნისათვის დღეს რაიმე მყარი პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება შეუძლებელია, რადგან ამ ამბის უსაფრთხოების ასპექტი ამ ეტაპზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური,“ - განაცხადა მან.
ფორუმი