Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ბაქრაძის წინასაარჩევნო გამოსვლა 1995 წლის საპრეზიდენტო მარათონისას


აკაკი ბაქრაძე
აკაკი ბაქრაძე

23 წლის წინ, 1995 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის ორი ლიდერი დაუპირისპირდა - ედუარდ შევარდნაძე და ჯუმბერ პატიაშვილი. ამ დაპირისპირებაში არ ისმოდა კიდევ ერთი კანდიდატის, საზოგადო მოღვაწის, აკაკი ბაქრაძის ხმა, რომელიც მანამდეც, მთელი ცხოვრების განმავლობაში და საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც, ცდილობდა არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი კითხვების დასმას.

მას შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა აკაკი ბაქრაძის მიერ დასმული კითხვები, მოსაზრებები, რომელსაც უამრავი ადამიანი გაჭედილ დარბაზებში, საჯარო სივრცეებში უსმენდა, დღესაც აქტუალური და საკამათოა.

აკაკი ბაქრაძე - ეული მებრძოლი
please wait

No media source currently available

0:00 0:07:00 0:00

აკაკი ბაქრაძის წინასაარჩევნო გამოსვლა ტელევიზიით, 1995 წელი, ოქტომბერი

რუსეთთან კუკუმალობანას თამაში არავითარ შედეგს არ გამოიღებს

ბატონო აკაკი, განსაკუთრებით დამაფიქრებელია თქვენი დამოკიდებულება СНГ- სა და რუსეთის მიმართ. ბევრი ფიქრობს, რომ თქვენ ქართველებს ისევ ახალი სისხლისღვრისაკენ და სასაკლაოსაკენ მოუწოდებთ. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში დასაშვებია ასე ღია ფაქტებით ლაპარაკი?

ამ კითხვის პასუხი გაზეთში დაიბეჭდება, მაგრამ მაინც მიზანშეწონილად მიმაჩნია ტელევიზიის საშუალებითაც მოგახსენოთ ჩემი აზრი.

რუსეთისადმი დამოკიდებულება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მართლაც არსებითი მნიშვნელობის მატარებელია, მაგრამ საკითხი სხვაგვარად უნდა წარმოვიდგინოთ, რაკი ჩვენ ვაშენებთ და გვინდა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო. ყველას ახსოვს, რომ 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმით მთელმა საქართველომ, მთელმა მისმა მოსახლეობამ ერთსულოვნად ხმა მისცა საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას. გავიდა ცოტა ხანი და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შევიდა. ეს უკვე მიზნის შეცვლა გახლავთ. საქართველო მიდიოდა ერთი მიმართულებით, ერთი მიზნისაკენ, მან გეზი შეცვალა და სხვა მიმართულებით, სხვა მიზნისაკენ წავიდა. ამ ვითარებაში ვფიქრობ, რომ არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ მთელმა ხალხმა უნდა დაადგინოს - საით მიდის, რა სურს მას და როგორი საქართველო წარმოუდგენია მომავალში. თუ საქართველო დარჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ჩემი აზრით, ეს არის საქართველოს ისევ რუსეთის სახელმწიფოში შესვლა და რუსეთის სახელმწიფოს ნაწილად გახდომა. მართალია, ჩვენ გვარწმუნებენ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა სახელმწიფოთა ისეთი გაერთიანებაა, როგორიც ევროგაერთიანება, მაგრამ ეს მართალი არ გახლავთ.

სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელიც ევროპაში არსებობს, სულ სხვა საფუძველზე აშენდა და სულ სხვა საძირკველი აქვს. ეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოების ნებაყოფლობითი გაერთიანება და თანდათანობით მომზადებული როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. ამ სახელმწიფოთა წევრები სრულებით არ გახლავთ ერთმანეთზე დამოკიდებული პოლიტიკური თვალსაზრისით. მათ საერთო მიზანი აერთიანებთ და ამ საერთო მიზნის წყალობით შეუძლიათ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დაქვემდებარებული ევროგაერთიანების რომელიმე სახელმწიფოს _ ძლიერი იქნება ეს სახელმწიფო, დიდი იქნება ეს სახელმწიფო, თუ სუსტი და პატარა.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანება კი, რომელიც ჩვენში უფრო СНГ- ს სახელით არის ცნობილი, სულ სხვა ტიპის გაერთიანება გახლავთ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ რუსეთმა დაიბრუნოს ის, რაც სსრკ-ის დაშლის შედეგად დაკარგა და ცდილობს ისევ აღადგინოს დიდი რუსული იმპერიული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ახალ ვითარებაში და ახალ პირობებში. ამის გამო ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრთა უფლება შეზღუდულია და დამოკიდებულია იმაზე, რა სურვილები და მიზნები აქვს რუსეთს. შემთხვევით ხომ არ არის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ არსებობდეს ერთიანი ფული, არსებობდეს საერთო პარლამენტი ამ სახელმწიფოთა და ა.შ. ყველაფერი ეს თანდათანობით მიგვიყვანს სწორედ იქამდე, რომ ბოლოს და ბოლოს გამთლიანდება რუსეთის დანგრეული იმპერია და საქართველოც აღმოჩნდება ამ იმპერიის ნაწილი.

აი, ამიტომ ბუნებრივად მიმაჩნია, რომ ჩვენ სრულიად მკაფიოდ და ნათლად განვსაზღვროთ, ბოლოს და ბოლოს, როგორი კურსი უნდა აირჩიოს საქართველომ იმისათვის, რომ მან ააშენოს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. მარტო ის რად ღირს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველო შევიდა იმის შემდეგ, როდესაც აფხაზეთის ოკუპაცია მოხდა, როდესაც საქართველო აფხაზეთში დამარცხდა და მან დაკარგა მისი ძველი, ისტორიული ტერიტორია და იძულებული გახდა გადაედგა ნაბიჯი მიმართული სწორედ ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ. აი, ეს საკითხი ბუნებრივად მეტყველებს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ნებაყოფლობითი წევრი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა. ჩვენ ძალდატანებით შევედით იქ და აფხაზეთი გამოყენებული იქნა სწორედ ბერკეტად და საშუალებად იმისათვის, რომ საქართველოც გამხდარიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველომ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი მისი ხელისუფლების წყალობით და ახლა უნდა გავარკვიოთ, მომავალში რა მიმართულებით ვივლით. მაგრამ აფხაზეთის დაბრუნება, ანდა შიდა ქართლის დაბრუნება არ მოხდება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. ამგვარი დაბრუნება არ ხდება მშვიდობიანი მოლაპარაკების საშუალებით და ამის საბუთი ისიც გახლავთ, რომ აგერ ორი წელიწადია გრძელდება ეს მოლაპარაკებანი, მაგრამ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივაღწიეთ, იოტისოდენაც კი ვერ გადავდგით ნაბიჯი წინ. ცხადია, ამგვარ ვითარებაში ფიქრი იმისა, რომ რუსეთი დათმობს ამ ტერიტორიებს საქართველოს სასარგებლოდ, მეტისმეტად გულუბრყვილო ფიქრი იქნება, უფრო მეტი რომ არაფერი ვთქვა.

ჩვენთვის ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ არავითარი აფხაზურ-ქართული კონფლიქტი, არავითარი ოსურ-ქართული კონფლიქტი რეალურად არ არსებობდა. არსებობდა რუსეთის ინტერესები საქართველოში და ამ ინტერესებისათვის რუსეთმა მოახდინა აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაცია. რა თქმა უნდა, მან გამოიყენა გარკვეული განწყობილებანი, რომელიც აფხაზთა და ოსთა შორის არსებობდა, ისინი მიმართა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ თავად პროცესის წარმმართველი ყველა თვალსაზრისით რუსეთი იყო. ეს მას სჭირდებოდა მისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.

შეიძლება თუ არა ნდობა რუსეთისა და ფიქრი იმისა, რომ ჩვენ რუსეთი დაგვიბრუნებს აღნიშნულ ტერიტორიებს ან დაგვეხმარება აღნიშნული ტერიტორიების დასაბრუნებლად სრულიად უანგაროდ. რა თქმა უნდა, ამისი ფიქრი ყოვლად დაუშვებელი გახლავთ. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიას, დავინახავთ, რომ ყველა ისტორიულ ეტაპზე რუსეთი ატყუებდა საქართველოს.

რუსეთმა მოატყუა ვახტანგ VI, როცა მას შეუთანხმდა და მოუწოდა სპარსეთისაკენ ერთობლივი ლაშქრობისათვის. როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და ვახტანგი თავისი ჯარით გამოცხადდა საბრძოლველად, რუსეთის ჯარი არ მოვიდა. პეტრე I-მა ვახტანგ VI მოატყუა და უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

როდესაც ერეკლე II ებრძოდა თურქებს, გენერალმა ტოტლებენმა დაპირდა დახმარება, მაგრამ მოატყუა ერეკლე და იგი ბრძოლის ველზე არ გამოცხადდა. პირიქით, ბრძოლის ველი მიატოვა და საქართველოში ცრუ ხმები გაავრცელა, ერეკლე და ქართული ჯარი დამარცხდაო. ახლა საქართველოს მოსახლეობამ რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე უნდა დაიფიცოსო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო გენერლის პირადი გადაწყვეტილება. ეს იყო მითითება პეტერბურგიდან. ამგვარ გადაწყვეტილებებს ჩვეულებრივი გენერლები ვერ მიიღებდნენ და თუ მიიღებდნენ მათ სასტიკი სასჯელი ელოდათ. ეს იყო დავალება პეტერბურგისა, რომელიც გენერალმა ტოტლებენმა პირნათლად შეასრულა. მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, მისი ვარაუდი არ გამართლდა. ერეკლემ და ქართულმა ჯარმა იმ ბრძოლაში გაიმარჯვეს.

არც 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დახმარებია რუსეთი საქართველოს, თუმცა პირობის თანახმად მოვალი იყო მას ეს დახმარება გაეწია.

1783 წლის ტრაქტატი პირწმინდად დაირღვა 1801 წელს, როცა მოხდა საქართველოს ანექსია და არა იმ პირობების განხორციელება, რომელსაც ტრაქტატი ითვალისწინებდა. 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულებაც დაარღვია რუსეთმა. 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთი სცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და უარს ამბობდა ყოველგვარ პრეტენზიაზე საქართველოს მიმართ; მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ წითელი არმია თავს დაესხა საქართველოს და იგი დაიპყრო. ასე, რომ მთელი ამ გრძელი ისტორიის მანძილზე, ჩვენ ვხედავთ ერთადერთ სურათს _ რუსეთი ატყუებს საქართველოს.

რუსეთი მომავალშიაც გააგრძელებს ამ მოტყუებას, რადგან რუსეთისათვის მთავარია მისი სახელმწიფო ინტერესები და არა ის, რომელი ხელისუფლება მართავს რუსეთს. აგერ 200 წლის მანძილზე რუსეთს ნაირ-ნაირი ხელისუფლება მართავს, მაგრამ საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება ყოველთვის ერთნაირია. არაფერი ამ დამოკიდებულებაში არ შეცვლილა. არ შეიცვლება იგი არც მომავალში. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ - რას ვაპირებთ, რა გვინდა და როგორ უნდა მოვიქცეთ, რაკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებელია იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს შევქმნათ ჩვენ მართლაც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, ისიც ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ეროვნული ღირსება, ჩვენ უნდა მოვიწმინდოთ დამარცხების ჭუჭყი და შევუდგეთ ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეს მისი ტერიტორიების დაბრუნებით. ამისათვის, მართალია, არაპოპულარულია ის, რასაც მე ახლა ვიტყვი და, მით უმეტეს, წინასაარჩევნო ვითარებაში, მაგრამ არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ იმ გზით, რითაც იგი დავკარგეთ, ანუ ომით. როცა ამას ვამბობთ, ბუნებრივია, არავის მოვუწოდებ არც სისხლისღვრისაკენ და არც ახალი სასაკლაოს შესაქმნელად. უბრალოდ ვამბობ რეალურ ვითარებას და წარმოვადგენ იმ აუცილებლობას, რაც გახლავთ საჭირო და გადამწყვეტი, რომ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები ჩვენვე დაგვიბრუნდეს, დარბეული და აწიოკებული ხალხი კი დაბრუნდეს შინ, თავის ისტორიულ საცხოვრისში.

გადაწყვეტილება კი, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მთელმა ხალხმა უნდა მიიღოს, რადგან ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ვანდოთ ერთ პიროვნებას ან, თუ გნებავთ, მთელ პარლამენტს, არამედ მთლიანად მთელი ხალხისათვის უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მისაღები და აუცილებელი. ეს არის ჩემი აზრი;

გაიზიარებს თუ არ გაიზიარებს მას საზოგადოება, ეს უკვე მომავლის საქმე გახლავთ. დღევანდელ ვითარებაში არსებობს პოლიტიკა, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ `მშვიდობის შესანარჩუნებლად ტერიტორიის დათმობას”. ე.ი. ესა თუ ის სახელმწიფო ამჯობინებს მშვიდობის შენარჩუნებას და ამ მიზნით თმობს თავის ტერიტორიას. ამისი მაგალითი არსებობს - ისრაელმა თავისი ტერიტორია დაუთმო პალესტინელ არაბებს, რაშიც, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა აშშ-მა. მათ (ამერიკელებმა) აიძულეს ისრაელი დაეთმო ეს ტერიტორია და ამით გარკვეულად დაემშვიდებინათ აღელვებული პალესტინელი არაბები. მაგრამ მოჰყვება თუ არა ამას მშვიდობა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის დამაფიქრებელი, რადგან არ არის გამორიცხული, რომ უკვე დაკმაყოფილებულმა პალესტინელმა არაბებმა გაცილებით მეტი მოითხოვონ, ვიდრე დღეს ითხოვენ. როდესაც დადგება სწორედ აი, ამ მეტის მოთხოვნის საკითხი, მაშინ ვნახოთ, როგორ მოიქცევა ისრაელი, რადგან ამ დათმობებმა შესაძლებელია ისრაელის სახელმწიფო კატასტროფამდე მიიყვანოს. და თუ მოხდება ისე, რომ შეიზღუდება მიცემის უფლებები, რომელიც ისრაელს აქვს, როგორც სახელმწიფოს, ბუნებრივია, ისიც, რომ ისრაელის მიმართ მთელი არაბული სამყარო სრულიად სხვაგვარად განეწყოს და შესაძლებელია ძველი ისტორიული ტრაგედია განმეორდეს, რაც არაერთგზის განუცდია ისრაელს.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელი სამყარო გაყოფილი იყო ორად - აშშ-ის გავლენის სფეროდ და სსრკ-ის გავლენის სფეროდ. ახლა, როდესაც სსრკ დაიშალა, ბუნებრივია ისიც, რომ რუსეთი ცდილობს გავლენის იმ სფეროების შენარჩუნებას, რომელიც სსრკ-ს ჰქონდა. მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. აშშ კი ცდილობს მოახდინოს იმ ტერიტორიის ათვისება, რომელიც ადრე სსრკ-ის გავლენის ქვეშ იყო და კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს მისი გავლენის სფერო. ამ ვითარებაში, ცხადია, ამერიკელებმა უნდა როგორმე მიიმხრონ არაბები, გააკეთონ ის, რაც არაბებს კეთილად განაწყობს აშშ-ის მიმართ და ამით ფეხს მოიკიდებს იმ ზონაში, რომელიც ოდესღაც სსრკ-ის გავლენის სფერო იყო. ამ მიმართულებით ათმობინებს აშშ ისრაელს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს არაბების სასარგებლოდ. როგორ და რანაირად გადაწყდება ყველა ეს საკითხი, ისევ და ისევ მომავალი აჩვენებს, თუმცა პროცესი მიმდინარეობს, როგორც გითხარით, იმ პოლიტიკის შესაბამისად, რომელსაც ეწოდება ტერიტორიის დათმობა მშვიდობის შესანარჩუნებლად.

საქართველოს შეუძლია ამგვარი ნაბიჯი გადადგას, დათმოს აფხაზეთი, შიდა ქართლიც და ამით მშვიდობა შეინარჩუნოს და არ მოხდეს საქართველოში არავითარი სისხლისღვრა. მაგრამ საკითხს სხვა კუთხეც აქვს, სხვა მხარეც აქვს - იქნება კი ეს ღირსეული საქციელი ქართველი ხალხისათვის? იქნება კი ეს ჩვენი ეროვნული ღირსების შენარჩუნება და არა მისი დამცირება-დაკნინება? სწორედ აქ უნდა გავაკეთოთ არჩევანი: რა გვინდა - ღირსების დაკარგვით, ტერიტორიების დაკარგვით შევინარჩუნოთ მშვიდობა, თუ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, აღვადგინოთ ჩვენი შელახული და დამცირებული ღირსება.

ეს ალტერნატივა ძალიან მძიმე ალტერნატივა გახლავთ და მისი გადაწყვეტა მხოლოდ ხალხს შეუძლია და არა ცალკეულ პირს ან მთელ პარლამენტს. რაკი ჩვენმა ხალხმა თავის დროზე საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას მისცა ხმა, ბუნებრივია, დღესაც უნდა განსაზღვროს მან თავისი დამოკიდებულება ყველა იმ პრობლემისადმი, რომელიც მის წინ დგას და ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სწორედ ის გახლავთ, რაზედაც ახლა ვლაპარაკობდით. ამ პრობლემის გადაწყვეტაში არსებით როლს ასრულებს რუსეთი, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს არა აფხაზებთან ან შიდა ქართლში დასახლებულ ოსებთან, არამედ თავად რუსეთთან, რადგან რუსეთის მიერ არის ყველაფერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოფიქრებული და განხორციელებული. როგორი პოლიტიკაც უნდა იყოს ამ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ სრულიად ღიად, აშკარად ყველას უნდა ვუთხრათ რა მოხდა სინამდვილეში და რა როლი შეასრულა ამ საქმეში რუსეთმა. თვითონ რუსეთის გასაგონადაც ეს ღიად და აშკარად უნდა ითქვას, იმიტომ რომ დამალული პოლიტიკა, ფარული კუკუმალობანას თამაში არავითარ შედეგს არ გამოიღებს. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ იმდენად გამოცდილი პოლიტიკოსები ვართ, რომ იოლად მოვატყუებთ რუს პოლიტიკოსებსა და რუსეთის პოლიტიკის კურსს გამოვცვლით, ხელიდან გამოვართმევთ იმ ტერიტორიას, რომელიც დავკარგეთ. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს, რატომ აკეთებს. ყველაფერი შემუშავებული აქვს იმისათვის, რომ განახორციელოს მისი ისტორიული პოლიტიკა, რომელსაც იგი არ ცვლის. ჩვენ თუ დავიწყებთ მასთან ფარულ დიპლომატიურ თამაშს, არ მოხერხდება რუსეთის დიპლომატიის მოტყუება და თვითონ აღმოვჩნდებით მოტყუებულები და გაცუცურაკებული. ამიტომ მიმაჩნია, რომ ღიად უნდა ითქვას სათქმელი და ღიად უნდა დაისვას საკითხი: რა გვსურს, ისევ დავრჩეთ რუსეთის სახელმწიფო ნაწილად თუ მოვახერხოთ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება, დავიბრუნოთ ყველაფერი ის, რაც დავკარგეთ.

მე მუდამ ვიყავი მომხრე და ახლაც მომხრე ვარ იმისა, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ყველა შესაძლებლობით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, ჩვენი ეროვნული ღირსება და ჩვენი სიმართლე აღვადგინოთ, ამის შესაბამისი იყოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართაც. საქართველოს რუსეთის მიმართ უნდა ჰქონდეს იგივე დამოკიდებულება, რაც აქვს თურქეთთან ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიმართ, ხოლო რუსეთი ჩვენ ისევე უნდა გვცემდეს პატივს, როგორც სცემს პატივს პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობას - ნორვეგიის, დანიის, ჰოლანდიისა... რუსეთი არ უნდა გვიყურებდეს როგორც ყოფილ კოლონიას, რომლის დაბრუნება უნდა. რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას საქართველოზე, როგორც კოლონიაზე. პატივი სცეს ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. მისი პოლიტიკაც შესაბამისად უნდა განახორციელოს.

თუ რუსეთი ამას თავისით არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი, რომ ამგვარი დამოკიდებულება ჰქონდეს საქართველოსადმი. ამის შესაძლებლობა რომ არსებობს, ეს უკვე ჩეჩნებმა დაამტკიცეს. ჩეჩნები უკვე აიძულებენ რუსებს პატივი სცენ ჩეჩენი ხალხის სურვილს და წავიდნენ იმ გზით, რა გზითაც მათ ჩეჩენი ხალხის ნება უკარნახებს. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ოღონდ ამას სჭირდება დიდი ნებისყოფა, დიდი სურვილი და თავგანწირვა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG