Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდერ კვაშნევსკი: ვფიქრობ, რთული, სახიფათო დროა


ალექსანდერ კვაშნევსკი
ალექსანდერ კვაშნევსკი

ლიბერალური მსოფლიო წესრიგი დაირღვა, აშკარად იკვეთება ზესახელმწიფოების ახალი დაპირისპირება, რასაც დასავლეთი მოუმზადებელი ხვდება, - ასეთ პესიმისტურ პროგნოზს ხშირად გაიგონებდით სასტუმრო „ბაერიშერ ხოფის“ საკონფერენციო დარბაზებსა თუ დერეფნებში, ვეებერთელა პრესცენტრში, საიდანაც 1500-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა მიუნხენის კონფერენციის მუშაობას.

კარგავს თუ არა აშშ დასავლეთის ლიდერის როლს? ხომ არ არის გაზვიადებული ახალი ცივი ომისა თუ გლობალური დაპირისპირების საფრთხე? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ალექსანდერ კვაშნევსკი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

ალექსანდერ კვაშნევსკი: იცით, ეს ფაქტია და, გულწრფელად ითქვას, გარკვეული პარადოქსია ის, რომ მულტილატერალიზმისა და მსოფლიოში თანამშრომლობის ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან, ხოლო ყველაზე სუსტია პოზიცია, ამ მხრივ, აშშ-ში. ასე რომ, ყველაფერი შეიცვალა და ცხადია, რომ ეს არის პრობლემა ყველა ჩვენგანისათვის, მათ შორის, მაგალითად, საქართველოსთვის, რომელსაც, ოკუპირებული ტერიტორიების გამო, რუსეთთან ხანგრძლივი დაპირისპირება აქვს. და ასეთ საერთაშორისო სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, ძალიან ძნელია ვიპოვოთ გამოსავალი უკრაინაში, საქართველოში თუ მსოფლიოს სხვა ადგილებში.

ვფიქრობ, რთული, სახიფათო დროა.

ევროპიდან ბევრი ცუდი სიგნალი მოდის. მთავარი, ყველაზე ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, ბრექსიტია და ყველაფერი ის, რაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ბრექსიტს. რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს, მოვუსმინე კანცლერ მერკელს და რაც მან თქვა, ვფიქრობ, ჭკვიანურია...
ალექსანდერ კვაშნევსკი

კობა ლიკლიკაძე: საქართველო იყო პირველი ადგილი, სადაც რუსეთმა წითელი ხაზი გადაკვეთა. რამდენად რელევანტური იყო იმხანად დასავლეთის რეაქცია?

ალექსანდერ კვაშნევსკი: დღევანდელი პერსპექტივიდან ჩანს, რომ არ იყო რელევანტური. მაშინდელი რეაქცია არ იყო საკმარისი საქართველოს კრიზისისთვის, საქართველოზე რუსეთის თავდასხმისთვის, რასაც მოჰყვა შემდგომი დრამა უკვე უკრაინაში. მაგრამ ეს მოხდა. და დღეს, საქართველოსა და უკრაინაში შექმნილი ამ კრიზისების შემდეგ, ჭკუა ვისწავლეთ. ვიცით, რომ რუსეთის ქმედებაზე რეაქცია მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს.

კობა ლიკლიკაძე: კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო?

ალექსანდერ კვაშნევსკი: უნდა შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა, იგი უფრო გახსნილი უნდა იყოს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა, დღეს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა [მიუნხენის კონფერენციაზე] აღნიშნა, რომ დევიზი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას. მშვენიერია! ჩვენ გვჭირდება ამერიკა, ნატოს სჭირდება ამერიკა, ჩვენ გვჭირდება ამერიკა, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროს ლიდერი, მამოძრავებელი ძალა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა პარტნიორებთან - ევროკავშირსა და ნატოსთან. აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკით მე იმედგაცრუებული ვარ.

კობა ლიკლიკაძე: ჩვენ ვაშინგტონზე ვსაუბრობთ, მაგრამ არსებობს ატლანტიკის მეორე მხარე, ევროპული ქვეყნები და მისი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, გერმანია, რომელსაც მოკავშირეები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთთან ერთად ხელი მოაწერა კონტრაქტს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ. ესეც ხომ ცუდი სიგნალია?

ალექსანდერ კვაშნევსკი: რა თქმა უნდა, ევროპიდან ბევრი ცუდი სიგნალი მოდის. მთავარი, ყველაზე ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, ბრექსიტია და ყველაფერი ის, რაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ბრექსიტს. რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს, მოვუსმინე კანცლერ მერკელს და რაც მან თქვა, ვფიქრობ, ჭკვიანურია. მან აღნიშნა, რომ გერმანია ვერ შეაჩერებს ამ ბიზნესპროექტს, რადგან ის განვითარების მაღალ საფეხურზეა, ფინანსური თვალსაზრისით. მაგრამ უნდა შევიმუშაოთ ისეთი კანონმდებლობა და ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ გაგრძელდეს უკრაინისა და პოლონეთის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტი. და ეს შესაძლებელია! რადგან, თუ გვექნება შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, გაზის ნაწილი ძველ გაზსადენებში გაივლის. იმედი მაქვს, რომ კანცლერმა ანგელა მერკელმა არამარტო განცხადება გააკეთა, არამედ იმოქმედებს კიდეც, დაიცავს პოზიციას, რომ გაზის ნაწილის ტრანსპორტირება უკრაინასა და პოლონეთზე გავლით უნდა მოხდეს. ცხადია, ვნახავთ, რა მოხდება.

ჩემი აზრით, ამერიკის სამხედრო ძალების ყოფნა პოლონეთში, ხოლო ნატოს ძალებისა - ბალტიისპირეთსა და რუმინეთში არის ძალიან სერიოზული და მკაფიო სიგნალი რუსეთის ფედერაციისათვის: იცოდეთ, ჩვენ მზად ვართ და ვერ გააკეთებთ იმას, რასაც მოისურვებთ!
ალექსანდერ კვაშნევსკი

კობა ლიკლიკაძე: დაბოლოს, ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები განლაგდნენ პოლონეთში, რუმინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ნატოს ამ ნაბიჯის შედეგად ევროპის უსაფრთხოება მეტად გაძლიერდა?

ალექსანდერ კვაშნევსკი: დიახ, გაძლიერდა და ეს ფაქტია. და ცხადია, ეს არ მომხდარა უმიზეზოდ. ყირიმის უკანონო ანექსია, დონეცკისა და ლუგანსკის დესტაბილიზაცია გახდა სწრაფი რეაგირების მიზეზი. ჩემი აზრით, ამერიკის სამხედრო ძალების ყოფნა პოლონეთში, ხოლო ნატოს ძალებისა - ბალტიისპირეთსა და რუმინეთში არის ძალიან სერიოზული და მკაფიო სიგნალი რუსეთის ფედერაციისათვის: იცოდეთ, ჩვენ მზად ვართ და ვერ გააკეთებთ იმას, რასაც მოისურვებთ! ვერ გაიმეორებთ იმას, რაც საქართველოში ჩაიდინეთ, რაც უკრაინაში ჩაიდინეთ, რადგან ჩვენ ავამოქმედებთ ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ თუ ნატოს რომელიმე წევრს შეექმნება პრობლემები, მას მთელი ნატო დაუჭერს მხარს.და ეს [ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯი] არის ყველაზე მნიშვნელოვანი დადასტურება იმისა, რომ მეხუთე მუხლი არა მხოლოდ არსებობს, არამედ მოქმედებს კიდეც.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG