Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი დვინიანინი: „რუსეთი უპრობლემოდ გასცემს მოქალაქეობას აფხაზეთის მოქალაქეებზე“


ალექსეი დვინიანინი
ალექსეი დვინიანინი

რუსეთის ახალი ელჩი აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ალექსეი დვინიანინი ახლახან შეუდგა მოვალეობის შესრულებას. რუს დიპლომატს ინტერვიუ ჩამოართვა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, კორესპონდენტმა სოხუმში ანაიდ გოგორიანმა.

ანაიდ გოგორიანი: აფხაზეთში დიპლომატიურ საქმიანობას რამდენიმე თვის წინ შეუდექით. თუ არის სირთულეები თქვენს საქმიანობაში და რა სახის?

საუბარია იმაზე, რომ თუ ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას ორმაგ მოქალაქეობაზე ან აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზე, თეორიულად შეიძლება წამოიჭრას საკითხი, რომ აფხაზეთის რომელიმე მოქალაქემ მიიღოს მესამე ქვეყნის მოქალაქეობაც, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციის მოთხოვნას...

ალექსეი დვინიანინი: მთლიანობაში, არანაირი სირთულე არ არის, რადგანაც აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის მეგობარი ქვეყანაა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ პოლიტიკურ ასპექტში სირთულეები ჩემი მუშაობის სამი თვის განმავლობაში არ ყოფილა. თუკი პირუთვნელები ვიქნებით,სხვა საქმეა, რომ ადრე მე დაკავებული ვიყავი სამხედრო-სტრატეგიული ხასიათის საკითხებით რეგიონალურ ჭრილში, ახლა კი მიწევს ჩვენი ურთიერთობების სოციალურ, ეკონომიკურ და შრომით ასპექტებში ჩაღრმავება. ეს, უბრალოდ, პერსონალური, დროებითი სირთულეებია.

ანაიდ გოგორიანი: 2014 წლის ოლიმპიადის წინ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო კომისიამ დროებით შეაჩერა მუშაობა. რა სტადიაზეა ეს პროცესი?

ალექსეი დვინიანინი: მართალი ბრძანდებით. დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობა შეჩერებულია. არ მინდა, რომელიმე მხარეს დავაკისრო პასუხისმგებლობა, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ პირველივე დღეებში შევხვდი სახალხო კრების - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის - თავმჯდომარეს, ბატონ ქვარჭიას, რომელიც, ამავდროულად, აფხაზეთის მხრიდან კომისიის თავმჯდომარეცაა. განვიხილეთ კომისიის მუშაობის რაც შეიძლება სწრაფად განახლების საკითხი. მიმაჩნია, რომ არსებითად, დაურეგულირებელია მხოლოდ ერთი სოფლის - აიბგას - საკითხი. სტრატეგიული პარტნიორებისათვის ეს არ უნდა იყოს გადაულახავი წინაღობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ორივე მხარის პოლიტიკური ნების პირობებში ეს საკითხი შეიძლება იოლად გადაიჭრს და შეთანხმებასაც მოეწეროს ხელი.

ანაიდ გოგორიანი: თუ მიმდინარეობს რაიმე სახის მოლაპარაკებები აფხაზურ და ქართულ მხარეებთან აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან საქართველოში გარკვეული საქონლის შეტანაზე? როგორ აფასებთ ტრანზიტის პერსპექტივას?

სამი თვეა აფხაზეთში ვიმყოფები და ვიცი, რომ ჩვენი საკონსულო განყოფილება უპრობლემოდ გასცემს რუსეთის მოქალაქეობას აფხაზეთის მოქალაქეებზე. ამიტომ დიდი პრობლემები არ იქმნება, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება და შეთანხმებასაც მალე მოეწერება ხელი.

ალექსეი დვინიანინი: ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, არ ვარ უფლებამოსილი ვილაპარკო იმაზე, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან. ვიცი, რომ შვეიცარია გამოდის შუამავლად აღნიშნულ საკითხში. შესაბამის ხელშეკრულებას 2011 წელს მოეწერა ხელი რუსეთსა და საქართველოს შორის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართველებმა ბოლომდე არ შეასრულეს შვეიცარიელების მიმართ აღებული ვალდებულება. აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგანაც აღნიშნული შეთანხმება არანაირად არ ეხება აფხაზეთის ინტერესებს. ამ მომენტისათვის ტრანზიტის პერსპექტივას საკმაოდ პესიმისტურად ვუყურებ, რადგანაც, პრაქტიკულად, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან საქართველოში, გინდა პირიქით, არანაირი ტვირთები არ მოძრაობს.

ანაიდ გოგორიანი: აფხაზმა პოლიტიკოსმა სერგეი შამბამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, „მოდის დრო, როცა საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, ახლა შესაძლებელია საქართველოსთან ასეთი დიალოგის დაწყებაო“. რა კომენტარს გააკეთებდით ამ განცხადებაზე?

ალექსეი დვინიანინი: სამწუხაროდ, პატივცემულ სერგეი მირონის ძე შამბას ინტერვიუ არ მინახავს. დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს და დიდ პატივსაც ვცემ მას, რადგანაც ერთად დავიწყეთ ჟენევის დისკუსიების პროცესი 2008 წლის ოქტომბერში, მაგრამ, მთლიანობაში, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოცემული ფრაზა ამოგლეჯილია კონტექსტიდან. საინტერესო იქნებოდა მცოდნოდა, რა იგულისხმა სერგეი შამბამ დიალოგის დაწყებაში. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რომ აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც კეთილმეზობლური ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოსთან, ვგულისხმობ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. ესაა მთავარი. თუ ბატონი შამბა გულისხმობდა იმას, რომ საქართველოსთან დიალოგი უნდა წარიმართოს თანაბრობის საფუძველზე, როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთი დრო დიდი ხანია დადგა.

ანაიდ გოგორიანი: რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები იმისათვის, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა გამარტივებული პროცედურებით მოიპოვონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. შეთანხმების მე-13 მუხლი დაიწერა იმისათვის, რომ განახლებულიყო რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული გზით, რომელიც 2008 წელს შეჩერდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ქვეყნებს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა. როდის ამოქმედდება ეს მუხლი?

ალექსეი დვინიანინი: საუბარია იმაზე, რომ თუ ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას ორმაგ მოქალაქეობაზე ან აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზე, თეორიულად შეიძლება წამოიჭრას საკითხი, რომ აფხაზეთის რომელიმე მოქალაქემ მიიღოს მესამე ქვეყნის მოქალაქეობაც, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციის მოთხოვნას. სიმართლე გითხრათ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. სამი თვეა აფხაზეთში ვიმყოფები და ვიცი, რომ ჩვენი საკონსულო განყოფილება უპრობლემოდ გასცემს რუსეთის მოქალაქეობას აფხაზეთის მოქალაქეებზე. ამიტომ დიდი პრობლემები არ იქმნება, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება და შეთანხმებასაც მალე მოეწერება ხელი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG