Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა-ირანი: რა ემუქრება საქართველოს?


ირანთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე ამერიკა საგანგებო სიფრთხილისკენ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს და ასეა - საქართველოშიც. ვითარება დაძაბულია: ირანიდან სასტიკი შურისძიებით, ხოლო ამერიკიდან „ძალიან ძლიერი დარტყმით“ იმუქრებიან.

არის თუ არა ომის საფრთხე ამერიკასა და ირანს შორის? რა გამოწვევები არსებობს? რა შეიძლება შეეხოს საქართველოს?

რა ხდება ამერიკასა და ირანს შორის?

ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი.

62 წლის გენერალი ახლო აღმოსავლეთში ირანის სამხედრო პოლიტიკის არქიტექტორად და წარმმართველად მიიჩნეოდა. ის „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში შემავალი „ყუდსის ძალების“ სარდალი იყო. ამ ქვედანაყოფს აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლული გენერალი მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“ იყო;
  • ვაშინგტონი სოლეიმანის ბრალს სდებდა ერაყში აშშ-ის სამხედროების მკვლელობასა და ახალი თავდასხმების ორგანიზებაში.

გენერალი სოლეიმანი ირანში ყველაზე პოპულარული საჯარო პირი იყო. მის სიკვდილს ქუჩაში გამოსული ასობით ათასი ირანელი გლოვობდა. 6 იანვარს ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ იტირა ყასემ სოლეიმანის კუბოსთან.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამერიკამ გენერლის მოკვლით პრაქტიკულად თავი წააცალა ირანისა და მისი მოკავშირეების სამხედრო გეგმებს რეგიონში და, ასევე, სერიოზული დარტყმა მიაყენა ირანის რელიგიურ რეჟიმს.

ირანი შურისძიებით იმუქრება

  • ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალი, ჰოსეინ სალამი იმუქრება, რომ „ცეცხლს მისცემს“ იმ ადგილებს, რომლებსაც აშშ უჭერს მხარს;
  • აშშ-ს „მკაცრი საპასუხო ზომებით“ ემუქრება ირანის უზენაესი ლიდერი - აიათოლა ალი ხამენეი;
  • ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ხათამი პირობას დებს, რომ „გამანადგურებელი პასუხი“ გაეცემა გენერლის მკვლელობაში მონაწილე „ყველა ბოროტმოქმედს“;
  • „სიკვდილი ამერიკას“ - ყვიროდა გენერლის მკვლელობის შემდეგ ქუჩებში გასული ათიათასობით ირანელი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ირანი აუცილებლად იძიებს შურს მათი საამაყო გენერლის მკვლელობის გამო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ღირსეული სახე შეინარჩუნოს. თეირანის გეგმები ჯერჯერობით არ გამჟღავნებულა.

პასუხის გაცემით იმუქრება ამერიკა:

  • აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის თქმით, ირანის მხრიდან თავდასხმების დაგეგმვის შემთხვევაში, ამერიკა წინმსწრებად იმოქმედებს - „რათა დავიცვათ ამერიკის ჯარები, დავიცვათ ამერიკელთა სიცოცხლე. თამაშის წესები შეიცვალა“;
  • ბოლო დღეებში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თუ თეირანი შურისძიებას გადაწყვეტს, აშშ „ძალიან სწრაფ და ძალიან ძლიერ დარტყმას“ მიაყენებს ირანის ობიექტებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

ნატოელი მოკავშირეები თეირანს მოუწოდებენ „თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ“.

ალიანსი ერთსულოვნად გმობს ირანის მხრიდან სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერას. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს. ამიტომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისა და პროვოკაციებისგან“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

როგორც რადიო თავისუფლების ირანული რედაქციის ანალიტიკოსი, ირანელი აქტივისტი ალი აშრაფი ფიქრობს, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დისტანციური ომი შესაძლოა „პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში“ გადავიდეს, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

რა რისკების წინაშეა საქართველო?

მწვავე მუქარების მიუხედავად, ანალიტიკოსების უმრავლესობა მაინც არ მოელის ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებას ამერიკასა და ირანს შორის, რადგან ეს ახლა არცერთ ქვეყანას ხელს არ აძლევს.

თუმცა ერთი ნაწილი თვლის, რომ საქართველოს მართლაც გაუჩნდა სანერვიულო - რადგან არავინ იცის, რას მოიმოქმედებენ ირანი და მისი მოკავშირეები ამერიკელების წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, საფრთხეები არის ჩვენს ტერიტორიაზე. თუკი ირანში ვიღაც გადაწყვეტს შურისძიებასა და დარტყმების განხორციელებას ამერიკელების წინააღმდეგ, გააკეთებს იქ, სადაც არის ყველაზე სუსტი წერტილი... შეიძლება მიიჩნიოს ვიღაცამ ირანში, რომ საქართველოა ზუსტად ეს სუსტი წერტილი და აქ განახორციელონ გეგმები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი.

  • „ამ სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ საქართველოში... მინდა, ძალიან მჯეროდეს, რომ დღეს ეს საფრთხე ძალიან კარგად არის გააზრებული სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან“;
  • „ახლა იჩინა თავი იმ ნაკლმა, რომ ჩვენთან არ არის სრულფასოვნად ამოქმედებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო - ამ ვითარებაში დაუყოვნებლივ უნდა შეკრებილიყო, ძირეულად გაეანალიზებინა ვითარება და ერთიანი პოზიცია, სამოქმედო გეგმა ჩამოეყალიბებინა“.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი - გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ ამერიკელების წინააღმდეგ შურისძიების სამიზნეებს ირანი უფრო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოძებნის. თუმცა რისკები გაზრდილია საქართველოსთვისაც.

„ირანის სახელმწიფო საქართველოში ტერაქტების მოწყობას არ დაიწყებს, მაგრამ ირანული ტერორისტული ჯგუფების სამიზნე შეიძლება გახდეს საქართველოც... თუკი დაიწყება ტერაქტები ე.წ. განურჩეველი მკვლელობების გზით, აღარ აქვს მერე მნიშვნელობა, მუსლიმი მოხვდებათ ხელში, ქრისტიანი, ქართველი თუ ამერიკელი... ასეთ შემთხვევაში დეკლარირებული იქნება მიზანი, რომ ეს ამ ქვეყნის ამერიკასთან მოკავშირეობის გამო ხდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გობრონიძემ.

ამერიკა-ირანის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე მსჯელობა და დისკუსია მხოლოდ ექსპერტებს შორის არ მიმდინარეობს. პროცესი გაჩაღებულია სოციალურ ქსელებშიც, ხალხი ათასნაირ ვერსიას აყალიბებს.

მსჯელობათა შინაარსზე დაყრდნობით შეგვიძლია გამოვკვეთოთ კიდევ რამდენიმე სავარაუდო საფრთხე:

  • ირანიდან დაიძვრება ლტოლვილების ნაკადი - თუმცა ეს მოხდება მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში და თანაც, პირდაპირი საზღვრის არარსებობის გამო, ეს პროცესი მასშტაბურად არ შეეხება საქართველოს;
  • დროს იხელთებს ირანის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე - რუსეთი - და ოკუპირებული საქართველოს შიდა საქმეებში უფრო დიდი მონდომებით ჩაერევა;
  • მომხრე ჯგუფების დახმარებით რუსეთი ანტიდასავლური, ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას შეუდგება - საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის იმედით;
  • საქართველოში შესაძლოა გადაიკვეთოს რუსეთისა და ირანის სპეცსამსახურების ინტერესები და იყოს პროცესებში ადგილობრივი მუსლიმი თემის ჩათრევის მცდელობა;
  • ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, შესაძლოა რაღაც ეტაპზე ამერიკას დასჭირდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის ირანის წინააღმდეგ, რაც ირანის მთავარ სამიზნედ აქცევს საქართველოს.

ამ ბოლო ვერსიას „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, გარკვეული პრორუსული ჯგუფები ამ ვერსიას ანტიამერიკული განწყობების გასაძლიერებლად იყენებენ.

ერთი შეხედვით, თითქოს ეს უწყინარი ვერსიაა, რადგან ეს ასეც უნდა იყოს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის... მაგრამ, სინამდვილეში, გარკვეული ჯგუფები ამ ვერსიით შიშისა და პანიკის დათესვას ცდილობენ და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ - აი, ამერიკას მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით“, - ამბობს გაფრინდაშვილი.

  • „ამ დროს, რუსეთია სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც მომხმარებლური განზრახვები ამოძრავებს და არც კი დაფიქრდება, არც კი გკითხავს - როდის და როგორ გამოიყენოს შენი ტერიტორია“...
  • „ამ ეტაპზე გამოვრიცხავ, ომი რომ დაიწყოს, მაგრამ (თეორიულად რომ ვიმსჯელოთ), ომის შემთხვევაში, რუსეთი, მაგალითად, არ მოერიდებოდა სომხეთში არსებული გიუმრის ბაზის გამოყენებას სამხრეთ კავკასიაში თავისი არალეგიტიმური ინტერესების გასამყარებლად“.

გიორგი გობრონიძის თქმით, თუკი ვითარება მართლა ომამდე მივა, ამერიკას საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ დასჭირდება, რადგან მას ხელსაყრელი სამხედრო პოზიციები აქვს: საუდის არაბეთში, ყატარში, ერაყში, ავღანეთში, ინდოეთის ოკეანეში.

„რუსული ნარატივის ნაწილიც არის ... და ასეთ ვერსიებს ჩვენ ხშირად უბრალოდ იმიტომ ავიტაცებთ ხოლმე, რომ ამერიკასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება გვინდა“, - ამბობს ანალიტიკოსი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG