Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა-ირანი: საქართველოს საფრთხის 5 ვერსია


ამერიკა და ირანი - დაპირისპირება მწვავდება. ირანმა უკვე დაარტყა ამერიკულ სამხედრო ბაზებს ერაყში. ბოლო დღეებში „ძალიან ძლიერი" საპასუხო დარტყმით იმუქრებოდა ვაშინგტონი. დაძაბულობის სათავეა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობა ბაღდადში. „ნომერ პირველი ტერორისტი“ უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის დავალებით განადგურდა. ​სოლეიმანს უამრავი ხალხი გლოვობს ირანში. დაძაბულობა აწყობს რუსეთს - ირანის ერთ-ერთი მთავარ მოკავშირეს.

ცხელი წერტილები თუ სავარაუდო სამიზნეები ახლოსაა საქართველოსთან. რა ემუქრება საქართველოს, თუკი კონფლიქტი გამწვავდება და ომში გადავა?

5 სავარაუდო ვერსია:

#1 ტერორისტული აქტები ამერიკულ სამიზნეებზე სოლეიმანის მხარდამჭერი გასამხედროებული დაჯგუფებების მხრიდან

არგუმენტები:

  • მიზნის მიღწევა უფრო იოლი იქნება საქართველოში;
  • საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია.

კონტრარგუმენტები:

  • ირანსა და საქართველოს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები აქვთ;
  • ტერაქტები საქართველოში ნაკლებად რეზონანსული იქნება და ამაზე არავინ დახარჯავს რესურსს;
  • ამერიკულ სამიზნეებს ირანი უფრო იოლად მისწვდება ახლო აღმოსავლეთში.

#2 ლტოლვილების ნაკადი ირანიდან

არგუმენტები:

  • საქართველო ისედაც მიმზიდველი ქვეყანაა ირანელებისთვის;
  • უვიზო რეჟიმია საქართველოსა და ირანს შორის;
  • საქართველოში ბევრი ირანელი ფლობს უძრავ ქონებას.

კონტრარგუმენტები:

  • საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ არსებობს და ეს პროცესი მასშტაბურად არ შეეხება საქართველოს.

#3 დროს იხელთებს რუსეთი: უფრო აქტიურად ჩაერევა საქართველოს საქმეებში; ის გააძლიერებს ანტიამერიკულ პროპაგანდას

არგუმენტები:

  • საქართველოს საგარეო კურსის სათავისოდ შეცვლა რუსეთის უცვლელი მიზანია;
  • რუსეთი ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას საქართველოში მოქმედი პრორუსული ჯგუფების დახმარებით, ჰიბრიდული ომის მექანიზმებით შეეცდება;
  • ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის დაწყების პირობებში შესაძლოა, მოდუნდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით.

# 4 რუსეთისა და ირანის სპეცსამსახურების ინტერესების თანხვედრის შემთხვევაში, იქნება პროცესებში მუსლიმი თემის (შიიტების) ჩათრევის მცდელობა

არგუმენტები:

  • ირანისთვის არ არის მისაღები საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია, რაც თანხვედრაშია რუსეთის ინტერესებთანაც;
  • ირანი შეეცდება, დაფინანსების გაზრდის გზით, შექმნას მისადმი ლოიალურად განწყობილი ჯგუფები და შექმნას მტკიცე საფუძველი თავისი ინტერესების გასატარებლად საქართველოში;
  • რუსეთის ინტერესია ასევე, რომ ნებისმიერი გზით არიოს სიტუაცია საქართველოში.

#5 თუკი ამერიკა საქართველოს ტერიტორიას სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს, საქართველო ირანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდება

არგუმენტები:

  • საქართველო ტერიტორიულად ძალიან ახლოს არის ერაყთან და ირანთან;
  • საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებაზე უარს ვერ ეტყვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს.

კონტრარგუმენტები:

  • ამერიკას საქართველოს დახმარება არ დასჭირდება: მას უკეთესი პოზიციები აქვს, მაგალითად - საუდის არაბეთში, ყატარში, ერაყში, ავღანეთში, ინდოეთის ოკეანეში;
  • პრორუსული ჯგუფები ამ ვერსიას პანიკის დასათესად და ამერიკის დისკრედიტაციის მიზნით, იმის საჩვენებლად იყენებენ, რომ ამერიკას მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG