Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩევლის არჩევანი პლაკატების „ომში“


საარჩევნო პლაკატები ქუთაისში
საარჩევნო პლაკატები ქუთაისში

პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატებსა და სხვა საარჩევნო-სააგიტაციო მასალებს ინფორმაციის მიღების წყაროდ არ მიიჩნევენ რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში შემთხვევითი წესით გამოკითხული რესპონდენტები. ამბობენ, რომ ქუჩებში გამოკრულ პლაკატებს ხშირად არც კი აკვირდებიან, რადგან ინფორმაციას მედიასაშუალებებით იღებენ. გამოკითხულმა ქუთაისელებმა ისიც გვითხრეს, რომ საარჩევნო პლაკატები გარემოს აუშნოებს და ანაგვიანებს და მათი დიდი რაოდენობით გაკვრა აუცილებელი არ არის:

ამომრჩევლის არჩევანი  პლაკატების „ომში“
please wait

No media source currently available

0:00 0:06:10 0:00
გადმოწერა

„არ ვეცნობი, რა საჭიროა პლაკატების გაკვრა?! მაგაში ხარჯავენ ფულს? არც მაინტერესებს და არ ვკითხულობ, აღარ აინტერესებს ხალხს“;

„ერთი და იგივე პლაკატები 10 მეტრზეა ხოლმე გაკრული, რა საჭიროა? თუ აუშნოებს, თუ არა არაფერს აკეთებს. ერთ პლაკატს ვერ დაინახავს ამომრჩეველი თუ რა? ზედმეტია, რჩება არჩევნების შემდეგ ასე გაკრული და ანაგვიანებს ქუჩას. ტელევიზორს ყველა უყურებს ახლა“;

„არ მომწონს, რომ ხევენ პლაკატებს. არ ვიცი, რას ერჩიან. მე არ წამიკითხავს. ტელევიზორს ვუყურებ. რატომ აკრავენ მაინც, არ ვიცი. არც ვინმე დამინახავს, რომ კითხულობდეს“;

„ინფორმაცია აუცილებლად საჭიროა, მაგრამ ხალხში ბევრი იმედგაცრუებაა ძველი და ახალი მთავრობის მისამართით და ნიჰილიზმია აბსოლუტური“.

ამომრჩევლებისგან განსხვავებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სააგიტაციო-სარეკლამო მასალები მოქალაქეთა ინფორმირებას ემსახურება. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების შტაბებში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ პლაკატების დაზიანებასა და მათზე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის პლაკატების გადაკვრაში. მმართველ პარტიაში ბრალდებას უარყოფენ და ოპონენტებს ფაქტების დადასტურებისა და შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებენ. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელ ირაკლი კიკვაძის განცხადებით, პოლიტიკური სუბიექტებისთვის არათანაბარი საარჩევნო გარემოა და ამის გამოვლინებაა ოპოზიციონერი კანდიდატების სააგიტაციო მასალების დაზიანება და თვითმმართველობის მიერ პლაკატებისთვის გამოყოფილ ადგილებზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების სიმრავლე:

რეალობაა ის, რომ პოლიტიკური პარტიები იყენებენ ყველა საშუალებას, ყველა ბოძს ქალაქის ქუჩებში პლაკატების გასაკვრელად. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ხშირად გადაკრულია ჩვენი კანდიდატის პლაკატზე.
დავით გოგისვანიძე

„ხელისუფლების მიერ შექმნილია ჯგუფები, რომლებიც ოპოზიციური პოლიტიკური კანდიდატების პლაკატებისგან ასუფთავებენ ადგილებს. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო თაბუკაშვილის ქუჩაზე განთავსებული სტენდი, სადაც ერთ საღამოს გაკრული პლაკატები მეორე საღამოს დახეული გვხვდება. ასე ხდებოდა გასულ წლებშიც და აქვს მასობრივი ხასიათი“.

სააგიტაციო მასალის დაზიანებასა და დავით ბაქრაძის პლაკატებზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების გადაკვრაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი დავით გოგისვანიძეც. მისი განცხადებით, სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები არასაკმარისია, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატთა სიმრავლეც განაპირობებს:

„რეალობაა ის, რომ პოლიტიკური პარტიები იყენებენ ყველა საშუალებას, ყველა ბოძს ქალაქის ქუჩებში პლაკატების გასაკვრელად. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ხშირად გადაკრულია ჩვენი კანდიდატის პლაკატზე, რაც ეწინააღმდეგება იმ შეთანხმებას, რომელიც პარტიების ლიდერებს არაოფიციალურად აქვთ მიღწეული“.

ჩვენმა ოპონენტებმა საარჩევნო პლაკატები ჩვენზე ადრე გააკრეს ქალაქში, რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს მათ პლაკატების გაკვრა და, შესაბამისად, შესაძლებელია სადმე ბავშვის ან რომელიმე მოქალაქის მიერ არის დაზიანებული მათი პლაკატი.
ოთარ ლორთქიფანიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგა შუშანიას ინფორმაციით, საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტებზე კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მოახდინეს. შუშანია ასახელებს ავტომობილსაც, რომლის დახმარებით დიდ სიმაღლეზე გაკრულ პლაკატებს აზიანებენ. მიუხედავად ამისა, როგორც გიგა შუშანია აცხადებს, არც ერთი უწყებისთვის არ მიუმართავთ, რადგან გასული წლების გამოცდილებით იციან, რომ რეაგირება არ იქნება:

„მაგალითად, მუხნარის მართვის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობასთან, სტენდზე, სადაც ჩვენ გავაკარით პლაკატები, მეორე დილით ისინი დაგვხვდა ჩამოხეული და ადგილზე დაგვხვდა ამ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი მისამართით რეპლიკებს აკეთებდა და შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ის ხელმძღვანელობდა პლაკატების ორგანიზებულად ჩამოხევას. ქუჩებში ასევე აქტიურად გადაადგილდება თეთრი ფერის „პიკაპის“ მოდელის ავტომანქანა და რადგან ჩვენ მაღალ ადგილებზე ვაკრავთ პლაკატებს, ამ ავტომანქანის საბარგულის დახმარებით პლაკატების ჩამოხევა - ეს არის „ქართული ოცნების“ დამკვიდრებული ტაქტიკა. ებრძვიან ქაღალდებს, ებრძვიან პლაკატებს და იმას ვერ ხვდებიან, რომ ებრძოლონ პრობლემებს“.

ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ოთარ ლორთქიფანიძე:

„ჩვენმა ოპონენტებმა საარჩევნო პლაკატები ჩვენზე ადრე გააკრეს ქალაქში, რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს მათ პლაკატების გაკვრა და, შესაბამისად, შესაძლებელია სადმე ბავშვის ან რომელიმე მოქალაქის მიერ არის დაზიანებული მათი პლაკატი. თუმცა არ არსებობს ფაქტი, რომ მათ პლაკატზე გადაკრული იყოს ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პლაკატი. ასეთ ფაქტებს უნდა დადასტურება და როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ამას სჭირდება დასაბუთება და მტკიცებულება და ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები“.

რაც შეეხება საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილების სიმცირეს, ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის, ინფორმაციით, მერიისთვის ადგილების გაზრდის თხოვნით არ მიუმართავს არც საოლქო საარჩევნო კომისიას და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

ქუთაისის საკრებულოს განკარგულებით გამოყოფილი ადგილების გარდა საარჩევნო პლაკატები განთავსებულია დიდი ზომის ბილბორდებზე, რომლებსაც კერძო მფლობელი ჰყავს. ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე ბილბორდების დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატებს უჭირავს. ბოლო საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე დიდი ზომის ბილბორდებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატების საარჩევნო პლაკატები იყო გამოფენილი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG