Accessibility links

დაბრუნება უკანასკნელ მისამართზე


პირველი მემორიალური ნიშანი მელიქ აზარიანცის სახლის ფასადზე

საქართველოში ამოქმედდა საერთაშორისო პროექტი „უკანასკნელი მისამართი“, რომლის ფარგლებშიც პირველი მემორიალური ნიშანი განთავსდა რუსთაველის გამზირის # 37-ში მდებარე შენობის, მელიქ აზარიანცის სახლის ფასადზე. პირველი მემორიალური ნიშანი მიეძღვნა საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული კონსტანტინე გიორგის ძე ყანდარელის ხსოვნას.

თბილისი. რუსთაველის #37, ყოფილი მელიქ აზარიანცის შემოსავლიანი სახლი, პირველი სადარბაზო. ამ მისამართზე 1937 წლის 1 მაისამდე ცხოვრობდა კონსტანტინე ყანდარელი, თბილისის სერგო ორჯონიკიძის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხნის დირექტორი (1931-1937 წწ) და ჟურნალ „შრომა და ტექნიკის“ რედაქტორი, რომელიც, ე. წ. „ტროიკის“ გადაწყვეტილებით, 1937 წლის სექტემბერში დახვრიტეს. ​

კონსტანტინე ყანდარელის ქალიშვილი თინა ყანდარელი
კონსტანტინე ყანდარელის ქალიშვილი თინა ყანდარელი

84 წლის თინა ყანდარელს, კონსტანტინე ყანდარელის ქალიშვილს, ბუნდოვნად ახსოვს ის საბედისწერო დღე.

„პირველი მაისი იყო. ჩვენს ფანჯრებთან დაიწყო დემონსტრაცია. ვისხედით ფანჯარასთან. მამა რომ წაიყვანეს, ძალიან პატარა ვიყავი. არც მახსოვს არაფერი. სამი წლის ვიყავი. მას შემდეგ არც მინახავს“, - იხსენებს ქალბატონი თინა.

კონსტანტინე ყანდარელი ცოლთან, ელენა სოკოლოვა-ყანდარელთან ერთად
კონსტანტინე ყანდარელი ცოლთან, ელენა სოკოლოვა-ყანდარელთან ერთად

კონსტანტინე ყანდარელი დაიბადა 1902 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, იყო სპორტკლუბ „შევარდენის“ წევრი. 1923 წელს მიემგზავრება გერმანიაში, სადაც წარჩინებით ამთავრებს ტექნიკურ უნივერსიტეტს. სამშობლოში ბრუნდება 1929 წელს.

რუსთაველის #37 კონსტანტინე ყანდარელის უკანასკნელი მისამართია. სწორედ ამ უკანასკნელი მისამართის ნიშანი განთავსდა 5 ოქტომბერს მელიქ აზარიანცის ისტორიული შენობის ფასადზე. დაფის დიზაინი შემუშავებულია არქიტექტორ ალექსანდრ ბროდსკის მიერ და წარმოადგენს უჟანგავი ლითონის ფირფიტას, ზომით 11,2x19 სმ. ფირფიტაზე დატანილია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის შესახებ მშრალი ცნობების შემცველი რამდენიმე ხაზი.

ფასადზე. პირველი მემორიალური ნიშანი მიეძღვნება საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული კონსტანტინე გიორგის ძე ყანდარელის ხსოვნას.
ფასადზე. პირველი მემორიალური ნიშანი მიეძღვნება საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული კონსტანტინე გიორგის ძე ყანდარელის ხსოვნას.

„სამწუხაროდ, 1937 წელს რეპრესირებული და დახვრეტილი ხალხის საფლავები არ არსებობს. შესაბამისად, ეს დაფა, რომელიც განთავსდება ამ კედელზე, მისი ხსოვნა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად და მთლიანად ჩემი ოჯახისთვის“, - ამბობს ნინო კორძახია, კონსტანტინე ყანდარელის შვილიშვილი.

1937 წლის 27 ოქტომბერს დააპატიმრეს და ათი წლით ყაზახეთში გადაასახლეს კონსტანტინე ყანდარელის მეუღლე, ელენა სოკოლოვა-ყანდარელი.

„გადასახლებიდან დაბრუნებული დედა ვერ იცნეს შვილებმა“, - გვიყვება ნინო კორძახია, რომლის თქმითაც, 1937 წელს დახვრიტეს კონსტანტინეს ძმა, ლადო ყანდარელიც.

პირველი მემორიალური ნიშანი მელიქ აზარიანცის სახლის ფასადზე
პირველი მემორიალური ნიშანი მელიქ აზარიანცის სახლის ფასადზე

​სწორედ ამ ადამიანების ხსოვნას, საზოგადოების მეხსიერებაში მათ დაბრუნებას ემსახურება პროექტი „უკანასკნელი მისამართი. საქართველო“ - საზოგადოებრივი ინიციატივა, რომლის მიზანია ერთიანი ნიმუშის მრავალი ათასი მემორიალური ნიშნის განთავსება იმ სახლების ფასადზე, სადაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ ჰქონდათ უკანასკნელი მისამართი სიცოცხლეში. პროექტის იდეა გაჩნდა 2013 წელს რუსეთის კულტურულ და სამეცნიერო წრეებში, პირველი „ხსოვნის ნიშნები“ კი გამოჩნდა მოსკოვში 2014 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დღეს.

„ამ დაფების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 800-ს. დღეისათვის პროექტი მუშაობს უკრაინაში, ჩეხეთში, საქართველოში, მოლდოვაში. იგეგმება სხვა ქვეყნებში გავრცელებაც: ბალტიის ქვეყნებში, სომხეთში. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. რა თქმა უნდა, პროექტი ეხება ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რადგანაც პროექტი ეძღვნება რეჟიმის მსხვერპლთ. დიდი ტერორი, ასე თუ ისე, ყველას შეეხო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროექტ „უკანასკნელი მისამართი. რუსეთის“ მოსკოველმა თანამშრომელმა, ოქსანა მოტიევსკაიამ, რომლის თქმითაც, სიმბოლურია ფირფიტაზე დატანილი ფოტოსურათის ზომის სიცარიელე, რომელიც თვალსაჩინოდ ეხმიანება ამ ადამიანების დახვრეტითა და გაქრობით გაჩენილ დანაკლისს.

ირაკლი ხვადაგიანი
ირაკლი ხვადაგიანი

ირაკლი ხვადაგიანი, „უკანასკნელი მისამართი. საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფო მოღვაწეების, მხედართმთავრების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროთა წარმომადგენლების, არამედ პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დაზარალებული უბრალო მოქალაქეების ხსოვნის უკვდავყოფაც.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, პროექტის საორგანიზაციო და ტექნიკური ინფრასტრუქტურის დაფინანსება, ასევე მემორიალური ნიშნების დამზადება და განთავსება ხორციელდება მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ნებაყოფლობითი მიზნობრივი შემოწირულებების ხარჯზე.

კონსტანტინე ყანდარელი
კონსტანტინე ყანდარელი

„ეს გაგრძელდება. პირველ ეტაპზე თვითონ ორგანიზაცია ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს, მობილიზება მოახდინოს ოჯახების და შთამომავლების, თუმცა რაც უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება, იმედი გვაქვს და ამის ნიშნები უკვე გვაქვს, ინიციატივა ქვემოდან წამოვა და ეს შეუქცევად ხასიათს მიიღებს. სახელმწიფოც მეტ ყურადღებას მიაქცევს ამ საკითხს. დღეს სახელმწიფოს ადეკვატური ჩარჩო მსგავსი ინიციატივების განვითარებისთვის არ გააჩნია. ეს ყველაფერი ხდება ჩვეულებრივი მემორიალური დაფის განთავსების პროცედურის გავლით, რაც ძალიან დიდ დროსთან არის დაკავშირებული, ამ ადამიანების (მსხვერპლთა) რაოდენობა კი ათობით ათასია“, - უთხრა ირაკლი ხვადაგიანმა რადიო თავისუფლებას.

რუსთაველის #37, ყოფილი მელიქ აზარიანცის შემოსავლიანი სახლი მხოლოდ კონსტანტინე ყანდარელისთვის არ ყოფილა უკანასკნელი მისამართი. უახლოეს მომავალში ამ ისტორიული შენობის ფასადზე კიდევ ხსოვნის ხუთი ნიშნის განთავსება იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG