Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვი - სამხედრო აღლუმების „რეკორდსმენი“


გინესის რეკორდებში ერთი მოვლენის გამო ჩატარებული აღლუმების რაოდენობა რომ იზომებოდეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება პირველობას არავის დაუთმობდა. მაგრამ ცხადია, რომ იქ „პარადი“ ანატოლი ბიბილოვს კი არა, ვლადიმირ პუტინს მიჰყავს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნავ მეშვიდე სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად ემზადებიან. 8-9 მაისს 6 აღლუმი უკვე ჩატარდა და ეს იყო სახელობითი აღლუმები. ცხინვალში, იმ ქუჩებზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ცხოვრობენ, ე.წ. თავდაცვის ძალები ორკესტრითა და სამხედრო მარშით მიმოდიოდნენ, თუმცა ოკუპირებულ ცხინვალს საკუთარი თავდაცვის ძალებიც აღარ დარჩა - ერთადერთი ოსური ბატალიონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. როგორც ჩანს, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისთვის 6 აღლუმი საკმარისი არ აღმოჩნდა და მეშვიდე აღლუმი 24 ივნისისთვის დანიშნა. აკეთებს იმას, რასაც მოსკოვში ვლადიმირ პუტინი აკეთებს, თუმცა ამ დღეს ბიბილოვი ცხინვალში არ იქნება, ის პუტინთან ერთად იდგება წითელ მოედანზე. ოსური და რუსული მედიიდან ისიც ცნობილია, რომ ამ აღლუმზე პუტინი, მარიონეტი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტების გარდა, რამდენიმე რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი სახელმწიფოს ლიდერის გარემოცვაში იქნება. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მეთაურები მოსკოვში არ ჩავლენ. თან იმ ფონზე, როცა კორონავირუსის პანდემია ჯერ არსად გამქრალა. ცხინვალში, კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, საზოგადოების შეფასებები მომრავლებული აღლუმების შესახებ ფრთხილია. თან, მათ კარგად იციან, რომ სწორედ რუსეთიდან დაბრუნებულ სამხედრო სასწავლებლების კურსანტებს გამოუვლინდათ კოვიდ19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა. ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა უკვე გასცა ბრძანება, რომ რუსეთის ქალაქებიდან დაბრუნებული სამხედრო კურსანტები 24 ივნისის აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ.

ამან კიდევ უფრო შეაშფოთა ადგილობრივი საზოგადოება, რომელმაც ასევე კარგად იცის, რომ ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სისტემა მძიმე მდგომარეობაშია და ახლა ეს აღლუმები საზეიმო განწყობების ნაცვლად შიშს უფრო თესავს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი, როლანდ ქელეხსაევი, „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე ზედმეტად მიაჩნია მეშვიდე აღლუმის ჩატარება და ამით ცხინვალელების საფრთხეში ჩაგდება.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ცხინვალის ხელისუფლება საკუთარ ხალხს რუსული პოლიტიკის მძევლად აქცევს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია პუტინს ასიამოვნოს, ვიდრე მოსახლეობა იყოს დაცული.

„ბიბილოვის ქმედება პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მაამებლობას და ამ მაამებლობით უნდა, რომ თავისი ხალხი

სიტუაციის მძევლად აქციოს, რაც მიუღებელია. ცხინვალში არ არის ეპიდსიტუაციის უსაფრთხოება იმ დონემდე, რომ მოსახლეობა დაცული იყოს ვირუსის გავრცელებისაგან. მით უმეტეს, შემთხვევები მრავლდება და გაიხსნა ასევე საზღვარი რუსეთთან, საიდანაც ძირითადად დაინფიცირებული ადამიანების შემოდინება ხდება და ეს ცხინვალს ეპიდაფეთქების წინაშე აყენებს, რისიც თვითონ მოსახლეობას ეშინია და წინააღმდეგია ამ აღლუმის. მოსახლეობა ამ შემთხვევაში რუსული პოლიტიკის მძევლად რჩება“.

1 ივნისს ცხინვალიდან გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ, სააგენტო „რესს“ აცნობა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის სამხედრო სასწავლებლის სამ კურსანტს და ერთ ქალს, რომლებიც ცხინვალში ვლადიკავკაზიდან ჩავიდნენ და კარანტინში იმყოფებოდნენ.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 42 შემთხვევა და მათგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა ისინი რუსეთიდან არიან დაბრუნებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG