Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელის მემკვიდრეობა მსოფლიოსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის“ 


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისადმი ნდობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი იყო გერმანიის ლიდერის პოსტზე მისი ყოფნის მთელი 16 წლის განმავლობაში.

და იმ დროს, როდესაც 26 სექტემბერს გერმანელები მისი შემცვლელის ასარჩევად ემზადებიან, როგორც Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, გერმანიის ლიდერისადმი ნდობა რეკორდულად მაღალია მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ 16 სახელმწიფოში.

„ანგელა მერკელი დღემდე იმდენად პოპულარულია გერმანიაში, რომ თავად რომ იყრიდეს კენჭს ამ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, ის და მისი პარტია აუცილებლად გაიმარჯვებდნენ“, - ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი პუბლიცისტი.

საყოველთაო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს იმართება. გამოკითხვებით ფავორიტი ჯერჯერობით სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კანდიდატი, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცია. მიჩნეულია, რომ გერმანიის არჩევნები მხოლოდ ამ ქვეყნის კი არა, ევროპის მომავალსაც განსაზღვრავს.

ანგელა მერკელი - ყველაზე სანდო ლიდერი

ევროპის ხუთ სახელმწიფოში: ნიდერლანდში, შვედეთში, ესპანეთში, ბელგიასა და საფრანგეთში გერმანიის კანცლერისადმი ნდობა 80%-ს აღემატება.

გამოკითხვის თანახმად, დღეისათვის, გერმანიის კანცლერს კითხვარში შეტანილი მსოფლიოს ხუთი ლიდერიდან ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

გერმანიის კანცლერი ბევრად უფრო პოპულარულია რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებზე, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინზე.

ანგელა მერკელი ნდობის რეიტინგში მათსავე ქვეყნებში მცირედით უსწრებს დემოკრატიული სამყაროს წამყვანი ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთისა და კანადის ლიდერებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 67 წლის ანგელა მერკელისა და გერმანიისადმი მაღალ ნდობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მისი ლიდერობით ქვეყანამ კარგად გაართვა თავი კორონავირუსის კრიზისს. გერმანიასა და მის ლიდერზე დადებით შეხედულებას განაპირობებს ასევე ბერლინის როლის გაძლიერება ევროკავშირში, რასაც ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში გამოკითხულ რესპონდენტთა 54% ეთანხმება.

და არა მხოლოდ ევროკავშირში. როგორც რადიო თავისუფლების მიმომხილველი, რიკარდ იოზვიაკი, წერს, ანგელა მერკელი მიიჩნეოდა დასავლური ლიბერალური წესრიგის ღერძად, ევროკავშირის დე ფაქტო ლიდერად და მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად. ბევრი გერმანელი კი მას მარტივად mutti-დ - დედად მოიხსენიებდა.

კანცლერის რთული „ეთიკური გადაწყვეტილება“

კანცლერის პოსტზე მერკელის 16-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ანალიტიკოსები მის მიღებულ ორ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„პირველი, ეს იყო ევროპაში მიგრანტთა კრიზისის დროს გადადგმული არაპოპულარული ნაბიჯი, როდესაც გერმანიის კანცლერმა გახსნა ქვეყნის კარები და შემოუშვა მილიონზე მეტი ლტოლვილი. ეს იყო ეთიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო პოლიტიკურად პრაგმატული, რადგან ამან ძალიან დააზიანა მერკელის და გაზარდა მემარჯვენე-რადიკალური პარტიების რეიტინგი. მაგრამ ამ ეთიკურმა გადაწყვეტილებამ მისცა საშუალება ძალიან ბევრ ადამიანს, რომ წამოსულიყო იმ ქვეყნებიდან, სადაც ომი და უბედურება მძვინვარებდა და რაღაც მეტ-ნაკლებად ნორმალურ პირობებში ეარსება გერმანიაში“, - ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდში მეორე ასევე ისტორიული გადაწყვეტილება იყო ატომურ ენერგიაზე უარის თქმა, რაზეც დღემდე არ წყდება კამათი გერმანიაში, განსაკუთრებით რუსეთთან ხელმოწერილი გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო, რომელსაც ანგელა მერკელი პრაგმატული მოსაზრებებით ბოლომდე იცავდა.

„გერმანია ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ყველანაირი წიაღისეული ენერგია ჩაანაცვლოს განახლებადი ენერგიებით. ეს ფაქტობრივად იყო „მწვანე რევოლუცია“, ის, რასაც გერმანელი მწვანეები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. ამანაც ძალიან დიდი კვალი დაამჩნია გერმანიას. თან ისეთი კვალი, რომელიც მეტ-ნაკლებად საქართველოსაც ეხება, თუმცა არცთუ კარგი კუთხით, რადგან ეს „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ უკრაინისთვის და საქართველოსთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. გაზსადენი პირდაპირ აკავშირებს გერმანიას რუსეთთან და გერმანიას რუსეთის გაზზე ხდის დამოკიდებულს“, - დასძენს ზაალ ანდრონიკაშვილი.

ბერლინის პრაგმატული საგარეო პოლიტიკა

სექტემბრის დასაწყისში რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ დაასრულა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა. გაზსადენი, რომლის საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი აირია წელიწადში, საწვავს მიაწვდის რუსეთიდან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით პირდაპირ გერმანიას, უკრაინის გვერდით ავლით.

მილსადენის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს აშშ-ს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ბევრი თვლის, რომ მილსადენის გამო ევროპა შეიძლება რუსეთზე გახდეს დამოკიდებული ენერგეტიკის სფეროში, რაც ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს და, ამავე დროს, ის შეიძლება მოსკოვმა გამოიყენოს კიევზე ზეწოლის საშუალებად.

ანგელა მერკელი, რომელმაც უპირობოდ დაუჭირა მხარი რუსეთის მიმართ ყირიმის ანექსიისა და ალექსეი ნავალნის გამო დაწესებულ სანქციათა პაკეტს, წინააღმდეგი იყო „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მშენებლობა დაეკავშირებინათ ნავალნის საკითხთან. რაც შეეხება რუსეთთან გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის უკმაყოფილებას, მერკელმა, კიევში თავისი ბოლო ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზი არასდროს უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი, და მხარი დაუჭირა უკრაინასთან ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმების გახანგრძლივებას, როცა მას ვადა ამოეწურება 2024-ში.

ნატოს და რუსეთს შორის

უკრაინასა და საქართველოში ანგელა მერკელს იმასაც საყვედურობენ, რომ მხარი არ დაუჭირა 2008 წლის აპრილის ბუქარესტის ნატოს სამიტზე ამ ქვეყნებისათვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP)-ის მინიჭებას.

საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა, ნატოს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას, რუსეთის არაპირდაპირი ვეტოს ტოლფასიც კი უწოდეს.

„რუსეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა მიიღებდნენ MAP-ს, ეს მათ მიერ აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ. რასაკვირველია, ეს ზეწოლა რუსეთის მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს”, - თქვა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნინო ნაკაშიძემ.

საქართველოში გავრცელებული აზრის მიუხედავად, ანგელა მერკელს ვერანაირად ვერ მივიჩნევთ რუსეთისადმი კეთილგანწყობილ პოლიტიკოსად, - ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

„მაგრამ რაც შეეხება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს, ეს, როგორც ამას გერმანელი ანალიტიკოსები წერენ, არა იმდენად საგარეო-პოლიტიკური, რამდენადაც შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებაა. და ეს იყო ფაქტობრივად გერმანული ბიზნესის ლობი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გაიტანა და შემდეგ მერკელი ამ ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას იცავდა, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე. მაგრამ ცხადია, რომ (გერჰარდ) შრიოდერის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა არ დამთბარა. პირიქით, გაუარესდა გერმანიისა და ზოგადად ევროკავშირის (რუსეთთან) ურთიერთობა. მაგრამ მერკელი სხვა კრიზისულ შემთხვევებშიც არ იყო ცნობილი, როგორც ხისტი პოლიტიკოსი. ის იყო და არის ცნობილი, როგორც კარგი კრიზისმენეჯერი, მაგრამ მაინცდამაინც იმ ორი ხისტი ნაბიჯის გარდა, რომელიც მე ვახსენე, საგარეო პოლიტიკაში მას ასეთი ნაბიჯები არ გადაუდგამს“.

ანაქრონისტული პოლიტიკის გადმონაშთი

იქნებ საერთაშორისო ურთიერთობებში სწორედ ასეთი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გამოც სარგებლობს ასეთი დიდი პოპულარობით ანგელა მერკელი? იქნებ დასავლეთის სამყაროს პოლიტიკურ ქორებზე უფრო მეტად ახლა სწორედ მერკელის მსგავსი კრიზისმენეჯერები სჭირდება?

„მე ვფიქრობ, რომ ასეთ დაბალანსების პოლიტიკას მომავალი არ აქვს, ვინაიდან მსოფლიო წესრიგში არსებობენ სისტემური მოწინააღმდეგეები, რომელთან მიმართებაში მხოლოდ დიალოგის რეჟიმი წარმატებული ვერ იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ სარჯველაძემ, მეცნიერების და პოლიტიკის გერმანული ფონდის (SWP) მიწვეულმა მკვლევარმა.

„ეს ძალები, საუბარი მაქვს ჩინეთსა და რუსეთზე, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ ლიბერალურ დემოკრატიებს. და ასეთი პოლიტიკით გერმანია ანაწყენებს თავის ძირითად მოკავშირეებსაც. ამიტომ მგონია, რომ ასეთი დაბალანსების საგარეო პოლიტიკა ანაქრონისტული და გადმონაშთია იმ ისტორიული შიშების, რომ გერმანია შესაძლოა ისევ იზოლაციაში მოექცეს. მაშინ როცა თანამედროვე მსოფლიოსა და ევროპაში შექმნილი რეალური ვითარება გერმანიისგან მოითხოვს მეტი პასუხისმგებლობის აღებას, მეტ ლიდერობას, ევროკავშირის შიგნით, რათა ევროკავშირი უფრო აქტიური გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს მსოფლიო მასშტაბით“.

მერკელს ხშირად სდებდნენ ბრალს, რომ არ გააჩნდა გერმანიისა და ევროპის მომავლის მკაფიო ხედვა და უჭირდა რთული გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, მან მაინც მოახერხა თავისი ქვეყნისა და ევროკავშირის შეკვრა კომპრომისებისა და დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად.

მისი ეპოქა საბოლოოდ 26 სექტემბერს დასრულდება, როდესაც გერმანელები საარჩევნო უბნებზე მივლენ.

„ბოლო გამოკითხვებით, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას (SPD). მისი მხარდაჭერა დაახლოებით 25%-ია. მას მოსდევს „გაერთიანება“, ანუ ქრისტიანულ-დემოკრატიული და ქრისტიანულ-სოციალური კავშირი, შესაბამისად, დღევანდელი ვითარებით, კანცლერობის ყველაზე დიდი შანსი აქვს ოლაფ შოლცს, SPD-ს კანდიდატს, რაც დაახლოებით ერთი ან ორი თვის წინ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო, რადგან აღნიშნული პარტიის რეიტინგი დაახლოებით 15%-ს შეადგენდა. მაგრამ გამორიცხული არაფერია და გერმანიის კანცლერი შესაძლოა ასევე გახდეს არმინ ლაშეტი, CDU/CSU-ს კანდიდატი. ამ ორ ძალას შორის განსხვავება არის სულ რაღაც 2-3%, რაც შეიძლება არჩევნების დღეს შეიცვალოს“, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

რაც შეეხება გერმანიის საგარეო პოლიტიკას საქართველოსათვის მნიშვნელოვანი „აღმოსავლეთის პარტნიორების“ პროგრამის მიმართ, წამყვანი გერმანული პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში არათუ ევროკავშირის აღმოსავლეთი პროგრამა, არამედ ევროკავშირიც კი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, რაც ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია მიხეილ სარჯველაძეს.

„საარჩევნო დებატების დროს, საგარეო პოლიტიკას საერთოდ გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ვიდრე საშინაო პოლიტიკას. იგივე „აღმოსავლეთი პარტნიორობაც“ არავითარ როლს არ თამაშობს საარჩევნო პროგრამებში. მხოლოდ მწვანეთა პარტიაა ერთადერთი, რომელიც კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავის საარჩევნო პროგრამაში ღიად წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრებისთვის ევროკავშირმა კარი ღია უნდა დატოვოს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG